ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სიკვდილმა საპროტესტო აქციები გამოიწვია პაკისტანში.
დღეს, 1 მარტს პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოსთან შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.
მოკლულია აქციის სულ მცირე 7 მონაწილე. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ადასტურებს რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ზეიმობენ ირანელები მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად მკვდარია. მოგვიანებით ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა ხამენეის სიკვდილი
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, უარი თქვას საპასუხო დარტყმებზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვვევაში მიიღებს „არნახული ძალის დარტყმას“.
ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 28 თებერვალს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ დაიმუქრა, რომ პასუხი „უძლიერესი“ იქნება.
ამ განცხადების პასუხად პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 1 მარტს დაწერა, რომ ირანის განცხადებით, დღეს იქნება იმაზე უფრო ძლიერი დარტყმა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ამას არ გააკეთებენ, რადგან პასუხად მიიღებენ „აქამდე არნახული ძალის დარტყმას”.
ირანზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლული არიან ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი შამხანი და შეიარღებული ძალების ელიტურ დანაყოფად მიჩნეული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური მოჰამად პაკპური.
ცნობა მათი სიკვდილის შესახებ ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ 1 მარტს გაავრცელა.
ალი შამხანი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 28 თებერვალს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველიც იყო.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპნენ ხამენეის ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილიც.
ფორუმი