ირანის ოფიციალური პირი ტრამპის ულტიმატუმს მუქარით პასუხობს
ირანის პარლამენტის სპიკერმა გააფრთხილა მხარეები, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას მოჰყვება „შეუქცევადი“ პასუხი. მოჰამედ ბაყერ ყალიბაფის განცხადება 22 მარტს გავრცელდა, მას შემდეგ რამდენიმე საათში, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თეირანს ულტიმატუმი წაუყენა: 48 საათის განმავლობაში გახსნას ჰორმუზის სრუტე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეერთებული შტატები ირანის ელექტროსადგურებს „აღგვის პირისაგან მიწისა“.
„ჩვენს ქვეყანაში ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთანავე, მთელ რეგიონში არსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, ასევე ენერგეტიკული და ნავთობის ობიექტები, მიჩნეული იქნება ლეგიტიმურ სამიზნეებად და შეუქცევადად განადგურდება“, - დაწერა ყალიბაფმა X-ზე (ყოფილი Twitter).
მან დასძინა, რომ ასეთ ვითარებაში „ნავთობის ფასი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მაღალი“.
მანამდე, ირანის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თუ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს, მაშინ „აშშ-ისა და რეჟიმის კუთვნილი ყველა ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მტკნარი წყლის მისაღები ინფრასტრუქტურა რეგიონში გახდება სამიზნე“.
ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნის.
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად თეირანმა დაბლოკა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტე, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემები და მისი გაძვირება გამოიწვია.
CNN-ის ცნობით, 21 მარტს დილით აშშ-მა და ისრაელმა ირანის ქალაქ ნათანზში დაარტყეს აჰმადი როშანის სახელობის ურანის გამამდიდრებელ კომპლექსს.
„რადიოაქტიური მასალის გაჟონვა არ მომხდარა და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის საფრთხე არ არსებობს“, ნათქვამია ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებაში.
თეირანმა ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ მიიღო ინფორმაცია ობიექტზე დარტყმის შესახებ. სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი გამოვიდა მოწოდებით, „კონფლიქტის დროს მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული ავარიის რისკი“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებისგან 30 დღით გაათავისუფლა ირანული ნავთობი. 2026 წლის 19 აპრილამდე სანქციები აღარ ვრცელდება იმ ირანულ ნავთობზე, რომელიც ტანკერებზე 20 მარტამდე ჩაიტვირთა და უკვე ზღვაშია.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 20 მარტს საღამოს გამოაცხადა.
ბესენტმა ირანული ნავთობისთვის სანქციების მოკლევადიანი მოხსნის მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი, გაზარდოს მსოფლიოში საწვავის მიწოდების ნაკადი და ბაზრის სტაბილურობა უზრუნველყოს.
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანი უტევს სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებს და ბლოკავს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემები და ნავთობის გაძვირება გამოიწვია.
ფორუმი