“ეს არ იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან, აეროპორტში, საფრანგეთში გამართული “დიდი შვიდეულის” შეხვედრის შემდეგ და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა აშშ-ის მიზნები ირანის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რაც, მისი თქმით, თავიდანვე იყო ნათელი.
The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
“ერთი ადამიანი დაიღუპა და სხვა რამდენიმე დაიჭრა ირანის ბალისტიკური რაკეტით დარტყმის შედეგად, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, პარასკევს, გვიან”, - ადგილობრივი გამოცემა იუწყება, რომ დაღუპული 52 წლის კაცია, რომელიც არ იმყოფებოდა თავშესაფარში. ის დაცვის სამსახურში მუშაობდა და დაიჭრა მანამდეც, ირანის მხრიდან თავდასხმის შედეგად, ომის დაწყების პირველ დღეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი ალირეზა თანგსირი.
„გასულ ღამეს, ზუსტი და სასიკვდილო ოპერაციის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაანადგურეს რევოლუციის გუშაგთა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი თანგსირი, საზღვაო სარდლობის მაღალჩინოსნებთან ერთად“, - განაცხადა კაცმა 26 მარტის ვიდეომიმართვაში.
მან თანგსირი დაახასიათა, როგორც ადამიანი, „რომელიც პირდაპირ იყო პასუხისმგებელი ჰორმუზის სრუტის დანაღმვისა და ნაოსნობისთვის ბლოკირების ტერორისტულ ოპერაციაზე“.
ირანს კომენტარი არ გაუკეთებია და ეს განცხადება ირანულ წამყვან მედიასაშუალებებს არ გაუვრცელებიათ.
ზოგიერთი ისრაელური გამოცემა აცხადებს, რომ თანგსირი დაიღუპა დარტყმის შედეგად ბანდარ-აბასში - საპორტო ქალაქში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ჰორმოზგანის პროვინციაში, სპარსეთის ყურის სანაპიროზე.
28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმების დაწყების შემდეგ, ისრაელმა რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი ოფიციალური პირი მოკლა. მათ შორის იყვნენ უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალი ლარიჯანი.
ირანის ოფიციალური პირები უარყოფენ ამერიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს
ვაშინგტონის მიერ ირანთან ომის დასასრულებლად შექმნილ დოკუმენტში 15 პუნქტია, ირანის გეგმაში 5. ორივე მათგანი არღვევს მოწინააღმდეგის მიერ დაწესებულ ე.წ. წითელ ხაზებს.
შეერთებული შტატების წინადადება საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მისი შინაარსის შესახებ ამერიკული პრესა წერს. თუ ამ ცნობებს დავუჯერებთ, ბევრი თვალსაზრისით ამერიკის გეგმა იმეორებს ომის დაწყებამდე გაჟღერებულ მოთხოვნებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, 15 პუნქტის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობები "შეიცავს სიმართლის ელემენტებს."
როგორც ამერიკის, ასევე ირანის გეგმა მოიცავს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ პუნქტებს, რომელიც ნავთობისა და გაზის საკვანძო საზღვაო არტერიაა.
ფორუმი