Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
საჰაერო დარტყმა განხორციელდა დასავლეთ თეირანში მდებარე ობიექტზე 2026 წლის 28 მარტის საღამოს
საჰაერო დარტყმა განხორციელდა დასავლეთ თეირანში მდებარე ობიექტზე 2026 წლის 28 მარტის საღამოს

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 2-3 კვირაში დასრულდება - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

20:57 25.3.2026

ირანი კვლავ განიხილავს აშშ-ის წინადადებას სპარსეთის ყურეში ომის დასრულებაზე, მიუხედავად პირველადი უაყოფითი რეაქციისა - უთხრა ირანის მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს 25 მარტს, რითიც მიანიშნა, რომ თეირანს ეს წინადადება ბოლომდე ჯერ არ აქვს უარყოფილი.

საჯარო გამოსვლებში ირანის ოფიციალურმა პირებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს ნებისმიერი მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. თუმცა, Reuters-ი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს ჭიანურდება ოფიციალური პასუხის გადაცემა პაკისტანისთვის, რომელმაც ირანს ვაშინგტონის სახელით მიაწოდა 15 პუნქტისგან შემდგარი წინადადება - რაც, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ თეირანში სულ მცირე რამდენიმე ფიგურა კვლავაც მსჯელობს ამ წინადადებაზე.

სააგენტოს თანახმად, ირანელი მაღალჩინოსნის სიტყვები, რომ წინადადება კვლავაც განხილვის პროცესშია - იმის მიუხედავად, რომ პირველი რეაქცია "პოზიტიური არ იყო" - წინააღმდეგობაში მოდის ირანის მედიაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებთან, რომ ირანმა წინადადება უარყო.


19:41 24.3.2026

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სულ უფრო მეტად უწყობენ ხელს აშშ-ს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში და უშვებენ თავიანთი მეომრების უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას შეიარაღებულ კონფლიქტში.

ჯერჯერობით ორივე ქვეყანა შემოიფარგლება არაპირდაპირი დახმარებით - საომარი ინფრასტრუქტურის მიწოდებით და თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებით. ამასთან, ხელისუფლებები უკვე განიხილავენ ჯარისკაცთა ჩართვის შესაძლებლობას. ამ ცნობებს ავრცელებს გამოცემა The Wall Street Journal-ი, წყაროებზე დაყრდნობით.

რიადმა ამერიკის მეომრებს უფლება მისცა გამოიყენოს ავიაბაზა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთში მდებარეობს - წერს გამოცემა. წყაროების თანახმად, სამეფო ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი ამჟამად განიხილავს ქვეყნის უშუალო მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ საუდის არაბეთის ომში ჩართვა "დროის საკითხია".

19:40 24.3.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სატელეფონო საუბარი გახდა გარდამტეხი მომენტი, რომელსაც მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დარტყმები ირანის ენერგეტიკაზე და მოლაპარაკება დაიწყოს - წერს ისრაელში გამომავალი Ynet-ი.

კონტაქტების თაობაზე ისრაელს წინასწარ არ შეატყობინეს.

გამოცემის თანახმად, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ფარული არხი შუამავლების მეშვეობით მოქმედებდა ჯერ კიდევ ომის მეოთხე დღიდან, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ.

ვითარება გაართულა ისრაელის ოპერაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას და რომელიც 17 მარტს, აშშ-ის თანხმობით ჩატარდა. 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლარიჯანის ადგილს დაიკავებს 72 წლის მუჰამად ბაჰერ ზულქადრი. ეს პირი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მსახურობდა - იყო კორპუსის მეთაურის მოადგილე, და "ბასიჯის" ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე.

მოლაპარაკებები მხოლოდ ბოლო კვირებში გააქტიურდა, ხოლო ამ პროცესის კულმინაცია გახდა არაყჩისა და უიტკოფის საუბარი 22 მარტს.

19:39 24.3.2026

აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო მიზანმიმართულად დაარტყეს სულ მცირე ორ სამოქალაქო, კომერციულ გემს.

ამის შესახებ დღეს, 24 მარტს განაცხადა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა(HRW).

ორგანიზაციამ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ 11 მარტს მიზანმიმართული დარტყმა იყო ორ კომერციულ გემზე, Safesea Vishnu-სა და Mayuree Naree-ზე. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, სამოქალაქო გემებსა და მათი ეკიპაჟების წევრებზე მიზანმიმართული თავდასხმა ომის დანაშაულია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG