აშშ-ის სენატში უარყოფილია რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის სამხედრო მოქმედებების უფლებამოსილების შეზღუდვას. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ უნდა გააგრძელოს.
პროცედურული კენჭისყრისას, რომელიც 4 მარტს ჩატარდა, დემოკრატი სენატორის, ტიმ კეინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა 47-მა სენატორმა. წინააღმდეგი იყო 53.
სენატორი ფეტერმანი ერთადერთი დემოკრატი იყო, რომელიც რესპუბლიკელების უარს შეუერთდა, ხოლო სენატორი პოლი ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც დემოკრატებთან ერთად ხმა მისცა რეზოლუციის პროექტის განხილვას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ირანული დრონებით მოხდა თავდასხმა - დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გადასაცემად გამოიძახეს ირანის ელჩი მას შემდეგ, რაც დღეს, 5 მარტს ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.
- ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი ირანის საზღვრიდან ათ კილომეტრშია.
- აზერბაიჯანის და ირანის სახელმწიფოებს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ.
- აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ არცერთ ქვეყანას არ მისცემს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლებას მეზობელი ირანის, ან სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.
- ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის მიმართ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი. აზერბაიჯანს და თურქეთს გაფორმებული აქვთ დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ.
- აზერბაიჯანი ნავთობის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია ისრაელისთვის. წლების განმავლობაში ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობდა თავდაცვის სფეროშიც.
თურქეთმა 5 მარტს განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ირანის დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის ნახიჩევანის ტერიტორიაზე, და კიდევ ერთხელ გამოთქვა მოწოდება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტისკენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ რეგიონში მესამე ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერების აუცილებლობას, რომლებიც ომის გავრცელების საფრთხეს შეიცავს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის უმაღლესმა დიპლომატებმა თავდასხმების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს.
ფორუმი