აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენმა დაგმო, მათივე შეფასებით, ირანის მიერ აზერბაიჯანში განხორციელებული „უმიზეზო“ თავდასხმა დრონით და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს რეგიონში თავის პარტნიორებს, იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება.
„ეს დარტყმები აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და ირანის აგრესიის უსაფუძვლო ესკალაციაა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ტომი პიგოტის განცხადებაში, რომელიც მან 7 მარტს გააკეთა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები სრულ სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანს ამ საფრთხეების წინაშე:
„ჩვენს რეგიონულ პარტნიორთა ტერიტორიაზე თავდასხმები მიუღებელია და მათ აუცილებლად დახვდება აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მიმართ“.
აშშ-მა და ისრაელმა განიხილეს ირანში სპეცდანიშნულების რაზმების გაგზავნა მისი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იტყობინება Axios წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება მოხდეს ომის შემდგომ ეტაპზე, მას მერე, რაც ორივე ქვეყანა დარწმუნდება, რომ ირანის სამხედროები აღარ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს.
Axios-ის ცნობით, განიხილეს ორი ვარიანტი: გამდიდრებული ურანის ირანიდან მთლიანად გატანა ან ბირთვული სფეროს ექსპერტების მოწვევა მის ადგილზე შესასუსტებლად.
შარშან ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ურანის მარაგი ნანგრევების ქვეშ დაიმარხა. ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მას შემდეგ თავად ირანელებს არა აქვთ მათზე წვდომა. გაზეთის წყაროების ცნობით, ბირთვული საწვავის უმეტესი ნაწილი ინახება მიწისქვეშა გვირაბებში ირანის ქალაქ ისპაჰანში მდებარე ობიექტში, ხოლო დარჩენილი მარაგი გადანაწილებულია ფორდოუსა და ნატანზის ბუნკერებს შორის.
კვამლით დაიფარა თეირანის ცა ირანში, ნავთობობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ.
ისრაელის სამხედრო ძალებმა აიღეს პასუხისმგებლობა თეირანში მდებარე საწვავის რამდენიმე საცავზე 8 მარტს განხორციელებულ იერიშებზე.
ისრაელმა თეირანში ნავთობის საცავებს დაარტყა. ისრაელის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ საწვავი გამოიყენებოდა იარაღის წარმოებისა და განვითარებისთვის, ასევე სამხედრო ბაზებისთვის.
ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ცნობით, დარტყმების შედეგად ოთხი თანამშრომელი დაიღუპა. კომპანიამ დასძინა, რომ ზოგიერთ რაიონში საწვავის დროებითი რაციონირება დაწესდება „სამართლიანი და მდგრადი მომარაგების უზრუნველსაყოფად“.
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ ნავთობის საცავების ობიექტებში აფეთქებების შედეგად გამოიყო დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნახშირწყალბადის ნაერთები, გოგირდისა და აზოტის ოქსიდები. ამან შეიძლება მჟავური წვიმები გამოიწვიოს.
ფორუმი