Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

14:01 1.4.2026

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ძალიან მალე“ დასრულდება

31 მარტს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ვადად დაასახელა „ორი კვირა, შესაძლოა, სამი“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, სამხედრო ოპერაციის დაწყებას ჰქონდა ერთი მიზანი - ირანს არ ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს მიზანი მიღწეულია. მისივე განცხადებით, ირანში რეჟიმის შეცვლაც მოხდა. ტრამპი საბრძოლო მოქმედებების დასრულებას არ უკავშირებს ირანთან შეთანხმების მიღწევას.

თეთრი სახლის ცნობით, 1 აპრილს დაგეგმილია ამერიკელებისადმი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა, რომელიც ირანს ეხება.

ბოლო დღეებში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და თეირანი აშშ-ის პირობებიდან უმრავლესობას დასთანხმდა. ირანის ხელისუფლება ამას უარყოფს. აშშ-სა და ირანს კონტაქტი პაკისტანის შუამავლობით აქვთ.

14:01 1.4.2026

როგორ ახერხებს ირანი ჰორმუზის სრუტის წარმატებით ჩაკეტვას და რატომ ვერ უშლიან მას ამაში ხელს.

ირანის გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივმა მახასიათებლებმა ჰორმუზის სრუტე იდეალურ ადგილად აქცია ასიმეტრიული ომისა და ბლოკადისთვის. გარდა ამისა, ირანის სამხედროები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახლა შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და მეზობელ არაბულ ქვეყნებთან დაპირისპირებისას ოსტატურად იყენებენ რეგიონში წინა ომების გამოცდილებას.

ჰორმუზის სრუტის ორივე შესასვლელთან, სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის მხრიდან, კვლავაც გაჩერებულიას მინიმუმ 500 ნავთობტანკერი და ასობით სხვა სავაჭრო გემი. დონალდ ტრამპის მკაცრი მუქარის მიუხედავად, ირანი უარს ამბობს ბლოკადის მოხსნაზე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი საზღვაო არტერიისთვის, რომლის გავლითაც გლობალური ნავთობის მარაგების 20 პროცენტამდე მოძრაობს - წაიკითხე აქ:


23:48 3.4.2026

ირანის თავზე აშშ-ის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებმა, მათ შორის Reuters-მა, Axios-მა და The New York Times-მა, გაავრცელეს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით. პენტაგონსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ირანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამანადგურებელი ჩამოაგდეს და გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, F-15-ის ნამსხვრევები და კატაპულტის სავარძელია. ფოტოების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

23:56 3.4.2026

აშშ-ის საელჩომ ლიბანში 3 აპრილს გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ირანმა და მისმა მოკავშირე ჯგუფებმა შესაძლოა სცადონ ქვეყანაში არსებულ უნივერსიტეტებზე იერიშის მიტანა

„ირანმა და მასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა განიზრახონ ლიბანში არსებული უნივერსიტეტების მიზანში ამოღება“, - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„უსაფრთხოების მდგომარეობა ლიბანში არასტაბილური და არაპროგნოზირებადია. საჰაერო დარტყმები, დრონების და სარაკეტო თავდასხმებია მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სამხრეთში, ბექაას ხეობასა და ბეირუთის ნაწილებში“, - ნათქვამია ასევე უსაფრთხოების გაფრთხილებაში.

„თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს დატოვონ ლიბანი, სანამ კომერციული ფრენების ვარიანტები კვლავ ხელმისაწვდომია“, - დასძენს საელჩო.

გაფრთხილებაში არ არის დასახელებული კონკრეტული დაწესებულებები, თუმცა ის მოჰყვება ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მუქარას ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული უნივერსიტეტების მიზანში ამოღების შესახებ; ირანი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის და ისრაელის დარტყმებმა ორი ირანული უნივერსიტეტი გაანადგურა.

ლიბანში მდებარეობს ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი (AUB), რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული დაწესებულებაა და რომლის კამპუსი და ჰოსპიტალი ბეირუთის ცენტრში მდებარეობს.

ისრაელის სამხედრო ძალები ბომბავენ ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში მდებარე იმ ობიექტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ ადგილმდებარეობები. „ჰეზბოლა“ აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG