Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამართალი იზეიმებს... უფალი შეგვეწიოს“ - ჯანგველაძის საქმეზე დაკავებული გიორგი მიქაძე


გიორგი მიქაძე 2025 წლის 12 აგვისტოს დააკავეს.
გიორგი მიქაძე 2025 წლის 12 აგვისტოს დააკავეს.

დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა ბიზნესმენმა გიორგი მიქაძემ დუმილი დაარღვია. ის თავს უდანაშაულოდ ცნობს და იმედი აქვს, „სამართალი იზეიმებს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მან თქვა, რომ პროკურატურის წაყენებული ბრალდების შინაარსი სიმართლე არაა.

„ვის გონებაში მოიხარშა და შემდეგ განხორციელდა ეს ბრალი, იმედია გაირკვევა, თქვენო ღირსებავ, საქმის განხილვის დროს დარწმუნდებით, რომ არაფერ შუაში ვარ. რაც შეეხება ცილისწამებებს, იმედი მაქვს, სამართალი იზეიმებს. უფალი შეგვეწიოს“, - როგორც „TV პირველი“ აცხადებს, ამ სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს.

გიორგი მიქაძე პოლიციამ 2025 წლის 12 აგვისტოს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი მიქაძის მსგავსად, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდება წაყენებული აქვთ მის ძმას, დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს. დავით მიქაძე საქართველოში არ იმყოფება და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ლევან ჯანგველაძე თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, 2025 წლის 14 მარტს მოკლეს. „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

  • 58 წლის ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და თბილისის ქუჩებში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მკვლელობის დროს გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ მკვლელი ჯანგველაძეს ჭავჭავაძის გამზირზე ელოდებოდა, როცა ერთ-ერთი შენობიდან გამოვიდა, აედევნა, რამდენიმე მეტრი მათთან ერთად გაიარა და შემდეგ ესროლა.
  • მკვლელობიდან სამ დღეში, 17 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს 1975 წელს დაბადებული გ.უ. მოგვიანებით გაირკვა, რომ გელა უძილაურს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. მას 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 30 დეკემბერს პატიმრობა შეუფარდა. ბოლო ინფორმაციით, ის რუსეთში ცხოვრობს, აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG