აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბის საზღვაო ბლოკადას განიხილავს, რათა შეაჩეროს ქვეყანაში ნავთობის ნებისმიერი მიწოდება. ამის შესახებ Politico იტყობინება ამ საკითხზე დისკუსიებთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.
გაზეთის წყაროების ცნობით, ამ ნაბიჯს ადმინისტრაციაში კუბის მთავრობის ზოგიერთი კრიტიკოსი უჭერს მხარს და მათ ემხრობა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, დამტკიცდება თუ არა ეს ზომა, ჯერ არ არის მიღებული. მაგრამ წყაროებმა Politico-ს განუცხადეს, რომ ნავთობის იმპორტის სრული ბლოკადა ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც ტრამპს შეიძლება შესთავაზონ კუბის კომუნისტური მთავრობის დასამხობად.
ამასთან, მათი თქმით, ადმინისტრაციაში ასეთი რადიკალური ნაბიჯის მიზანშეწონილობის შესახებ კამათი გრძელდება. ვენესუელიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტამ, ასევე ამ მოცულობების ნაწილის ხელახალი გაყიდვიდან შემოსავლების დაკარგვამ, რასაც ჰავანა უცხოური ვალუტის მოსაპოვებლად იყენებდა, უკვე სერიოზულად დაასუსტა კუბის ეკონომიკა. ნავთობის იმპორტის სრულმა შეჩერებამ შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს, ამიტომ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ეწინააღმდეგება ასეთ ზომებს.
თეთრმა სახლმა ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა. თუ კუბის საზღვაო ბლოკადის გეგმა განხორციელდება, ეს კიდევ უფრო მეტი ესკალაცია იქნება ტრამპის სწრაფვისა, რომ აიძულოს რეგიონული ძალები, დაემორჩილონ შეერთებული შტატების პოზიციას, აღნიშნავს Reuters-ი. ეს ნაბიჯი ხაზს გაუსვამს აშშ-ის ადმინისტრაციის ამბიციების სერიოზულობას, მიაღწიოს დომინირებას დასავლეთ ნახევარსფეროში.
11 იანვარს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში, დაწერა, რომ კუბა „წლების განმავლობაში ცხოვრობდა დიდი რაოდენობით ვენესუელის ნავთობისა და ფულის ხარჯზე“, სამაგიეროდ კი „უსაფრთხოების მომსახურებით“ უზრუნველყოფდა უგო ჩავესს, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტი იყო 1999 წლიდან 2013 წლამდე, და ვენესუელის ლიდერს, ნიკოლას მადუროს, რომელიც აშშ-ის სპეცრაზმმა დააკავა 3 იანვარს.
თუმცა, ტრამპის თქმით, ახლა ვითარება შეიცვლება: „კუბაში აღარც ნავთობი შევა და აღარც ფული - ნული“. „მე დაბეჯითებით მოვუწოდებ მათ (კუბის ხელისუფლებას - რედ.), გარიგებას მიაღწიონ (შეერთებულ შტატებთან - რედ.), სანამ ძალიან გვიან არ არის“, დაიმუქრა თეთრი სახლის ხელმძღვანელი. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის შეთანხმებას გულისხმობდა და არც ჰავანისთვის შესაძლო შედეგებზე უსაუბრია.
როგორც Deutsche Welle იტყობინება, კუბის ხელისუფლებამ ტრამპის განცხადებებს აღშფოთებით უპასუხა. „კუბა არ იღებს და არასდროს მიუღია რაიმე ფულადი ან მატერიალური ანაზღაურება რომელიმე ქვეყნისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული მომსახურებისთვის“, დაწერა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა სოცქსელში.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუბა არის „თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა“. „არავინ გვიკარნახებს, რას ვაკეთებთ“, დაწერა ლათინური ამერიკის ქვეყნის ლიდერმა სოცქსელ X-ში. „მათ, ვინც ყველაფერს ბიზნესად აქცევს, თუნდაც ადამიანის სიცოცხლეს, არ აქვთ უფლება, რამე მიუთითონ კუბას, აბსოლუტურად არაფერი“, დასძინა მან.
ფორუმი