23 იანვრის ღამეს, დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა კომპანია “როსნეფტის” პენზის ნავთობის საცავში, - იტყობინება პენზის ოლქის გუბერნატორი ოლეგ მელნიჩენკო.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ოთხი დრონი ჩამოაგდეს. „ერთის ნამსხვრევები კი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამჟამად იქ საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - დაწერა ოლქის გუბერნატორმა.
უკრაინული Telegram-არხები Supernova+ და Exilenova+ იუწყებიან, რომ იწვის კომპანია "როსნეფტის" საკუთრებაში არსებული ნავთობის ბაზა „პენზანეფტეპროდუქტი”.
ვორონეჟის ოლქში კი, დრონის ნამსხვრევები კერძო სახლის სახურავს დაეცა, რამაც ასევე ხანძარი გამოიწვია, - იტყობინება რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი.
Astra-ს ცნობით, ეს ინციდენტი მოხდა ქალაქ როსოშში, სადაც „მინუდობრენიის” ქიმიური ქარხანა მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 იანვრის საღამოს 8:00 საათიდან 23 იანვრის დილის 7:00 საათამდე, ჩამოგდებული იქნა 34 უკრაინული დრონი. უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ღამის იერიშებთან დაკავშირებით.
რუსეთში მდებარე ნავთობსაწყობები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდებიან უკრაინული დრონების სამიზნეები.
რუსეთს კი ძირითადად იერიში მიაქვს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რამაც ცივი ზამთრის პირობებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიისა და გათბობის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია.
ფორუმი