Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეფონი წამართვეს და კადრები წაშალეს, მუშაობაში ხელი შემიშალეს - „ფორმულის“ ჟურნალისტი


„დაგიჭერთო. ხუთი-ექვსმა კაცმა ჩამიყენა შუაში, ტელეფონი წამართვეს, დაიწყეს ტელეფონის ჩხრეკა, წამიშალეს კიდეც კადრები“, - ამბობს ნანო ჩაკვეტაძე.
„დაგიჭერთო. ხუთი-ექვსმა კაცმა ჩამიყენა შუაში, ტელეფონი წამართვეს, დაიწყეს ტელეფონის ჩხრეკა, წამიშალეს კიდეც კადრები“, - ამბობს ნანო ჩაკვეტაძე.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მუშაობისას ამავე უწყებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს - დაუშალეს გადაღება, ტელეფონი წაართვეს და კადრები წაუშალეს - თუმცა მათი აღდგენა შეძლო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში ჯერჯერობით საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ.

დღეს, 26 იანვარს, დაახლოებით შუადღისთვის, სუსის შენობასთან, ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს - როგორც მოგვიანებით გაირკვა, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი.

ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე რადიო თავისუფლებას უამბობს, რომ სუსთან მარტო მივიდა დაახლოებით 12:50 საათზე, მას შემდეგ, რაც მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია უწყებასთან მომხდარი სავარაუდო სუიციდის შესახებ.

„არ მყავდა არც ოპერატორი და არც მძღოლი. მივედი მარტო, ტელეფონით, ტელეფონის მიკროფონითა და შტატივით. გზის მეორე მხრიდან დავიწყე კადრების გადაღება“, - ამბობს რეპორტიორი.

მისი თქმით, მალევე, რაც გადაღება დაიწყო, სამართალდამცავები მივიდნენ და უხეშად უთხრეს, „ნუ იღებო“.

„ვუთხარი, შემიძლია გაჩვენოთ საბუთები, პრესბარათი, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი. გასაგებია, მაგრამ მაინც არ შეგიძლია გადაღებაო“, - ჰყვება ის.

„ამიხსენით, გზის მეორე მხრიდან როგორ ვუშლი ხელს საგამოძიებო მოქმედებებს-მეთქი“, - იხსენებს ჩაკვეტაძე.

მისი თქმით, ამ დროს დაკავებით დაემუქრნენ: „დაგიჭერთო. ხუთი-ექვსმა კაცმა ჩამიყენა შუაში, ტელეფონი წამართვეს, დაიწყეს ტელეფონის ჩხრეკა, წამიშალეს კიდეც კადრები“, - ამბობს ის.

მისი მონათხრობის თანახმად, ტელეფონი, - პირადი მობილური ტელეფონი, - როდესაც წაართვეს, უკვე განბლოკილი იყო და არ დასჭირვებიათ ტელეფონის განბლოკვა.

ჟურნალისტის თქმითვე, ნახა, რომ გადაღებული მასალების ნაწილი წაუშალეს, თუმცა მოახერხა წაშლილი ფაილების აღდგენა [ფაილები არ იყო წაშლილი „ახლახან წანაშალი“ ფაილებიდან].

ჟურნალისტის განმარტებით, ადგილზე იყვნენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სუსის, ასევე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები, ხოლო ტელეფონი წაართვა უშუალოდ იმ პირმა, რომელსაც ზურგზე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ ეწერა.

„მანამდე, პერიმეტრზე თვითონ დამიწყეს სურათების გადაღება“, - დასძენს რეპორტიორი.

კადრებში, რომლებიც ნანო ჩაკვეტაძემ რადიო თავისუფლებას გაუზიარა, ჩანს, როგორ ეკითხება ის სუსის შენობის მოპირდაპირე მხარეს მყოფ სამართალდამცავებს, თუ რა მოხდა, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, თუმცა ისინი ამბობენ: „არ ვიცით, ვერ გეტყვით ვერაფერს“.

„კაი, გამორთე“, - ეუბნება ერთ-ერთი პოლიციელი მას, რაზეც ის პასუხობს: „თქვენ რა გინდათ, ჟურნალისტი ვარ და ვიღებ, არაფერს არ გამოვრთავ“.

შემდეგ ვიდეოში ჩანს, რომ რეპორტიორი აგრძელებს გზის მეორე მხრიდან გადაღებას. კადრში 10-ზე მეტი სამართალდამცავი ჩანს შემთხვევის ადგილას. „გაიწიე იქითკენ, გაიწიე. არ შეიძლება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - ეუბნება გვერდით მდგარი პოლიციელი.

მალევე მოპირდაპირე მხრიდან ორი პირი გადმოდის - ერთი პოლიციის ფორმაში, მეორე კი სამოქალაქო ტანისამოსში. „გადაღება არ შეიძლება“. „არ მინდა ძალის გამოყენება, გადაიწიე“, - ამბობს კიდევ ერთი.

მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი კაცი კამერას ხელს ჰკიდებს, ჩაკვეტაძე ეუბნება: „ხელი გაუშვით“.

„რატომ არ შეიძლება გზის ერთი მხრიდან გადავიღო მეორე მხარეს?“ - კითხულობს ჟურნალისტი, რაზეც პასუხობენ: „არ შეიძლება-მეთქი, გეუბნები ადამიანურად“, შემდეგ კი კიდევ ერთი, მეორე მხრიდან გადმოსული პირი სხვა პირს მიმართავს: „გამოართვით ტელეფონი“.

„ვერ გამომართმევთ“, - ამბობს ჟურნალისტი.

„გამოგართმევთ“, - პასუხობენ მას. ასე სრულდება ვიდეო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სუსის პრესცენტრს კითხვით, რის საფუძველზე დაუშალეს ჟურნალისტს გადაღება უწყების თანამშრომლებმა და რის გამო შეუშალეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია - მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

ჟურნალისტის თქმითვე, ჯერჯერობით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო არ უჩივლიათ, თუმცა, სავარაუდოდ, ტელეკომპანიას უახლოეს მომავალში ექნება რეაგირება.

  • დღეს, 26 იანვარს, დაახლოებით შუადღისთვის, სუსის შენობასთან ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს - როგორც მოგვიანებით გაირკვა, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი.
  • სუსის განცხადების თანახმად, იგი „ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით“;
  • „ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი“, - წერს სუსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG