Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს არსენალზე

უკრაინული რაკეტა „ფლამინგო“ (საილუსტრაციო ფოტო)
უკრაინული რაკეტა „ფლამინგო“ (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ გასულ ღამით სარაკეტო შეტევა მიიტანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს არსენალზე, რომელიც ვოლგოგრადის ოლქის დაბა კოტლუბანში მდებარეობს.

გენშტაბის მიერ 12 თებერვალს, დღისით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ამ არსენალს, სადაც რაკეტები, საბრძოლო მასალები და ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახება, გასულ ღამით დაარტყეს უკრაინული რაკეტებით „ფლამინგო“.

  • ვოლგოგრადის ოლქის ადმინისტრაცია დილით იუწყებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მიერ „მოგერიებული" უკრაინული რაკეტების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ" დაბა კოტლუბანის მახლობლად ხანძარი გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს ობიექტის ტერიტორიაზე და დეტონაციის საფრთხის გამო მიღებულია კოტლუბანიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება.
  • ოფიციალურ ცნობაში დაკონკრეტებული არ ყოფილა, რომ ეს ობიექტი მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს არსენალია, თუმცა საჯარო წყაროებით ცნობილია, რომ კოტლუბანში სწორედ ეს ობიექტი მდებარეობს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, კოტლუბანის არსენალზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაფიქსირებულია ძლიერი აფეთქებები და საბრძოლო მასალების ე.წ. მეორადი დეტონაცია, ზარალის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ სამხედრო ობიექტზე უკრაინის შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

უკრაინის გენშტაბმა, რომელიც ერთი დღით ადრე, 11 თებერვალს იუწყებოდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევის შესახებაც, დღეს დააზუსტა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადი დანადგარი, მეორადი გადამუშავების ობიექტების დატვირთვა კი შემცირებული, ან შეჩერებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს ისიც განაცხადეს, რომ გასულ ღამით თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ მიჩურინსკში მდებარე ქარხანა „პროგრესს”, რომელიც მაღალეტექნოლოგიურ დანადგარებს აწარმოებს საავიაციო და სარაკეტო სისტემებისთვის. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სხვა შედეგები კი ჯერ დაზუსტებული არ არის.

ტამბოვის ოლქის ხელისუფლებამ დილით განაცხადა, რომ ქალაქ მიჩურინსკზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო, თუმცა დაზიანებულ ობიექტებს შორის კონკრეტულად „პროგრესი“ არ უხსენებია. ოლქის გუბერნატორ ევგენი პერვიშოვის თანახმად, დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა რამდენიმე შენობა და ხანძრები გაჩნდა სამრეწველო-ტექნოლოგიური კოლეჯის სასაწავლო სახელოსნოებსა და მაღაზია „მაგნიტში“.

ტელეგრამ-არხი ASTRA წერდა, რომ ეს მაღაზია და კოლეჯი ქარხანა „პროგრესთან“ მდებარეობს.

ადგილობრივ ხელისუფლებას მიჩურინსკზე შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ქალაქში სკოლების დროებით დახურვა, რის შესახებაც მიჩურინსკის მერმა გამოაცხადა, რთულ ვითარებაზე მიუთითებდა.

12 თებერვალს უკრაინული დრონებით შეტევისა და ქალაქ უხტაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ იუწყებოდა რუსეთის კომის რესპუბლიკის მეთაური როსტისლავ გოლდშტეინი.

უხტაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და კიდევ რამდენიმე საწარმო აქვს კომპანია „ლუკოილს“. ამავე ქალაქშია „გაზპრომის“ საწარმოებიც და „როსნეფტის“ ნავთობის საქაჩი სადგური.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.






ფორუმი

XS
SM
MD
LG