„9 აპრილი არის განსაკუთრებული დღე. ჩვენ გვაქვს მაგალითი, ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ მისიას, გათითოკაცებული - მარცხდება. ჩვენი მიზანია, შევიკრათ ერთ მუშტად და აღვასრულოთ ისტორიული მისია - საქართველო გახდეს განვითარებულ ქვეყნებს შორის და რაც მთავარია, გამთლიანებული“, - თქვა გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ.
„ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, ამ მოცემულობაში კანონზომიერია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისასვლელად პოლიციის დახმარება დასჭირდათ.
„სრულიად კანონზომიერია [რომ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა პოლიცია აქ მოსასვლელად], რადგან წარმოადგენს იმ ძალას, რომელმაც ეს ხალხი [9 აპრილს დაღუპულები] მომწამლავი გაზით დაწამლა და აგვიხდა მერაბ კოსტავას სიტყვები: ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ თუ ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, დავკარგავთ თავისუფლებას ჩვენც და ქვეყანაც... დღესაც დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი რუსული რეჟიმისგან...“ - თქვა მან.
მემორიალთან მივიდნენ „ლელო - ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც.
9 აპრილი დღეს
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
პარლამენტის წინ, მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დემონსტრანტები, რომლებიც წელიწადზე მეტია აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს. მათ სურდათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსთაველზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პოლიციამ დემონსტრანტების ერთ მხარეს გადაყვანა შეძლო.
მემორიალი ყვავილებით შეამკეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.
გასულ 2025 წელს, ამავე ადგილზე იდგნენ დემონსტრანტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ მისულან, მოგვიანებით თქვეს, რომ ესკალაცია აიცილეს თავიდან.
ფორუმი