Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგის კრიტიკა ქართულ მართლმსაჯულებას


საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ვიზიტის შედეგები სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მისი გზავნილები საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის თაობაზე საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულია.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის. ვიზიტის მიზანი ამჯერად მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაცნობა იყო:
თუკი ეს ბრალდებები დადასტურდა, მაშინ ეჭვის ქვეშ დგება საქართველოში სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა...

”საქართველოში იმისთვის ჩამოვედი, რომ ადგილზე შემესწავლა იმ წერილებისა და საჩივრების შინაარსი, რომლებსაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საქართველოდან ვღებულობდი”, - ამ სიტყვებით გაიხსნა პრესკონფერენცია, რომელიც თომას ჰამარბერგმა საქართველოში ვიზიტის შედეგებს მიუძღვნა.

”ის საჩივრები, რომლებიც მე თავად პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისაგან მივიღე, ვთვლი, რომ არის ძალიან სერიოზული. თუკი ეს ბრალდებები დადასტურდა, მაშინ ეჭვქვეშ დგება საქართველოში სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა”, - ამბობს თომას ჰამარბერგი.

წინასწარი პატიმრობების საკმაოდ დიდი რიცხვი, გამამართლებელი განაჩენის მცირე პროცენტული მაჩვენებელი, გამოძიების პროცესში პროკურატურის წარმომადგენლების არაპროფესიონალური მუშაობა, სამართალდამრღვევი პოლიციელების საქმეების გამოძიების გაჭიანურება, შერჩევითი სამართალი - ეს იმ საჩივრების ჩამონათვალია, რომელთა შესწავლაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა პირადად გადაწყვიტა.

ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მისი ინიციატივით შედგა შეხვედრა რუსთავის ნომერ მეექვსე საპყრობილეში მყოფ პატიმრებთან და მათი ოჯახის წევრებთანაც.
ბატონი ჰამარბერგი თავისი ინიციატივით შეხვდა ჩემს მეუღლეს, - მე მას ამას ვერც მოვთხოვდი. საუბარი ჰქონდათ ყველა იმ საკითხზე, რაც მერაბის დაპატიმრებას უკავშირდებ...

ეკა ჯიხვაშვილი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად მიჩნეული მერაბ რატიშვილის მეუღლეა. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნილმა არაერთმა წერილმა და საჩივარმა შედეგი გამოიღო და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მისი მეუღლე პირადად მოინახულა.

”ეს ადამიანი უკანონოდ არის დაპატიმრებული. ბატონი ჰამარბერგი თავისი ინიციატივით შეხვდა ჩემს მეუღლეს, - მე მას ამას ვერც მოვთხოვდი. საუბარი ჰქონდათ ყველა იმ საკითხზე, რაც მერაბის დაპატიმრებას უკავშირდება... მიზეზები, დარღვევები დაკავების პროცესში თუ სამართალწარმოების დროს. ვერ ვიტყვი, რომ მისი შესვლის შემდეგ მერაბს კარს გაუღებენ და გარეთ გამოუშვებენ, მაგრამ გაგრძელდება მოთხოვნა მერაბ რატიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით”, - ამბობს ეკა ჯიხვაშვილი.

დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ თომას ჰამარბერგს ადვოკატები. მანანა კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი და ადვოკატი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ მიეცათ საშუალება კონკრეტული საქმეები და დოკუმენტები გაეცნოთ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისათვის. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის არანაკლებ კრიტიკული შეფასებები და ახლა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა კომისრის მკაცრი გზავნილები - ეს ყველაფერი იძლევა იმის საბაბს, რომ ხელისუფლებამ მართლმსაჯულების მიმართულებით სტრატეგია შეცვალოს, ამბობს მანანა კობახიძე.
ადვოკატი მანანა კობახიძე

”ის შეფასებები, რომ აქ არის შერჩევითი მართლმსაჯულება, კორუფცია მაღალ ეშელონებში, გამოუძიებელი დანაშაულებები... ეს ყველაფერი სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ ანგარიშებში. ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ თავად საზოგადოებამ უნდა გაიაზროს. უნდა გაიაზროს, თუ როგორ რეალობაში გვიწევს ცხოვრება”, - ამბობს მანანა კობახიძე,

როგორც თომას ჰამარბერგი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ადასტურებს, რომ მართლმსაჯულების კუთხით მდგომარეობა საქართველოში მთელ რიგ ცვლილებებს მოითხოვს. როგორც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, ანგარიშში, რომელსაც ის ზაფხულში გამოაქვეყნებს, საქართველოს ხელისუფლებისათვის არაერთი საჭირო რეკომენდაცია იქნება გაწერილი:

”ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ანგარიშში მოხვდება, იქნება ის, რომ მოსახლეობას აღარ შეექმნას შთაბეჭდილება ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობის შესახებ. ვიზიტისას საკმაოდ ბევრი მასალა დამიგროვდა, რომელსაც გავაანალიზებთ და ჩამოვაყალიბებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ამ მომენტისათვის ყველაზე რელევანტური იქნება საქართველოსთვის”, - აღნიშნავს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.
ჩემი მოთხოვნაა, ეს საქმე კიდევ ერთხელ იქნეს ხელახლა გამოძიებული და, რაც მთავარია, უფრო მაღალ დონეზე...

საქართველოში ვიზიტამდე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, თომას ჰამარბერგი ამბობდა, რომ სხვა საკითხებთან ერთად ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდა საკითხს, თუ რამდენად შესრულდა მისი რეკომენდაციები 2008 წლის შემოდგომაზე გაუჩინარებული ოსი ეროვნების მოქალაქეების ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის საქმის გამოძიების შესახებ. ეს თემა 20 აპრილს გამართული პრესკონფერენციის საკითხებს შორის არ აღმოჩნდა, თუმცა, რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ის ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოძიების პროცესს, თომას ჰამარბერგი აი რას ამბობს:

”ჩემი მოთხოვნაა, ეს საქმე კიდევ ერთხელ იქნეს ხელახლა გამოძიებული და, რაც მთავარია, უფრო მაღალ დონეზე.”

მისი კრიტიკული შენიშვნების საკმაოდ ვრცელ ნუსხას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მცირე პოზიტიური ცვლილებები უპირისპირდება. პოზიტიური ცვლილებებიდან ერთ-ერთია არასრულწლოვანთა დაწესებულებებში არსებული სიტუაციაც. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ძალიან მალე დაიწყება მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსზე; გადაწყდება, ასევე, ის საკითხები, რომლებიც ზედმეტად მკაცრი სასჯელის ვადებს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG