Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა მიმართ ძალადობა და ჰომოფობია - 2016 წელს დარღვეული ადამიანის უფლებები


როგორი იყო 2016 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით, რა სფეროებში გაუმჯობესდა ვითარება და სად - პირიქით?

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წელს ძირითადი ტენდენციები არ შეცვლილა. იყო წინსვლაც, მაგრამ უფრო მეტი - გამოწვევა. ომბუდსმენი ამბობს, რომ ჯერ კიდევ პრობლემად რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, არსებითად არც სასამართლო სისტემაში შეცვლილა მდგომარეობა. მისი თქმით, მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი. ზოგ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, თუმცა პროკურატურას ასეთი საქმეების უმეტესობაზე პოლიციის თანამშრომლები არც კი დაუკავებია. კვლავაც პრობლემებია უმცირესობების, ქალების, ბავშვების უფლებების დაცვის კუთხით:

„2016 წელს ისევ იყო პრობლემები უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით - ქალთა მიმართ ძალადობა იქნება ეს თუ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა. ჩვენი აზრით, მომატებული იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვიც. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სულ ახლახან კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა“.

სახალხო დამცველი მიღწევად მიიჩნევს პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებულ რამდენიმე ცვლილებას, მათ შორის, პატიმართა დეესკალაციის ოთახში ერთჯერადად განთავსების ვადის 72 საათამდე შემცირებას, ასევე სახალხო დამცველისა და პრევენციული ჯგუფის წევრებისათვის საპატიმროებში ფოტოგადაღების უფლების მიცემას. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა სისტემური ხასიათის აღარ არის, დღემდე იკვეთება ციხეებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

როგორც „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა ცირა ჭანტურიამ განაცხადა, 18 ნოემბერს ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს პენიტენციარულ და სხვა დახურულ უწყებებში წამებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამჭვირვალე და სიღრმისეული გამოძიების უზრუნველყოფა, თუმცა ხარვეზიანობა, მისივე თქმით, გამოწვეულია საგამოძიებო პროცესში პროკურატურის არაქმედითი ჩარევით, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

„ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერების შენახვა არ ხდება საკმარისი ვადით. ისინი ინახება 24 საათის ვადით და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა პროკურატურაში შეიძლება საჩივარი გაიგზავნოს და მას დასჭირდეს ამ მტკიცებულებების ამოღება, 24 საათში ის უკვე განადგურებულია. შესაბამისად, ვერ ხდება ამ ჩანაწერის ამოღება. და მეორე მნიშვნელოვანი წყარო შესაბამისი მტკიცებულებების შესაგროვებლად - ეს არის სამედიცინო დოკუმენტაცია და, სამწუხაროდ, ექიმების როლი მთელი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ შეზღუდული იყო წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით, ანუ ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ციხეებში იწარმოებოდა ან შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, არ იყო საერთაშორისო თუ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რათა მოეხდინა სათანადო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა გამოძიებისათვის“.

სახალხო დამცველი და სამოქალქო სექტორის დიდი ნაწილი უკვე წლებია მოითხოვენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რაც სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ჩადენილი დანაშაულების ეფექტურად გამოძიებას და მასზე ზემოქმედებას უზრუნველყოფდა, თუმცა ხელისუფლება ამ მექანიზმის ამოქმედებას არ ჩქარობს.

რაც შეეხება რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებულ მდგომარეობას, სახალხო დამცველის ინფორმაციით, არაერთი სისტემური პრობლემაა, რომელთა გადასაჭრელად სახელმწიფოს არც მიმდინარე წელს გადაუდგამს ნაბიჯები. მათ შორისაა საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა. სასკოლო სახელმძღვანელოებში კვლავაც მოიძებნება დისკრიმინაციული და სტერეოტიპული შინაარსის მასალები.

მუსლიმთა თემის წინაშე მდგარი გამოწვევები, სახელმწიფო პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკა შეაფასეს 12 დეკემბერს კონფერენციაზე „რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევები“. როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ გამოკვლევაში ვკითხულობთ, 2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა. გამოკვლევის ავტორთა თქმით, ქართველ მუსლიმებთან რელიგიური კონფლიქტების ციკლი, იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური ძალადობის ზრდა, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა დონეზე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერება ამ მდგომარეობის ყველაზე აშკარა ინდიკატორებია. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მუსლიმ თემთან წარმოშობილ რელიგიურ კონფლიქტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„2012 წლიდან ჩვენ მივიღეთ, დაახლოებით, შვიდი რელიგიური კონფლიქტი მუსლიმი თემის მიმართ. ჩვენს საზოგადოებაში წარმოებული ეთნორელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგია მისაღებ ადამიანად ეთნიკურად ქართველ მართლმადიდებელ ადამიანებს სახავს და იმის იქით სხვა ჯგუფები ირიყებიან“.

თამთა მიქელაძის თქმით, ეს სიტუაცია პრობლემის კომპლექსურობაზე მიუთითებს და სახელმწიფოსგან სისტემური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. როგორც გამოკვლევის ავტორები მიუთითებენ, აღნიშნულ გამოწვევებს სახელმწიფომ არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკით უპასუხა. ამგვარ პასუხად ისინი ასახელებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნას, სააგენტოსი, რომელიც რელიგიის საკითხებზე მომუშავე ცენტრალიზებული უწყება გახდა. მათი მტკიცებით, სააგენტომ ვერ მოახერხა არაერთი კონკრეტული დავისა და პრობლემის ეფექტიანი გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება დაცული იქნეს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების უფლებები. ამასვე ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი. ის ასახელებს კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც ქვეყანაში სხვა კონფესიების წარმომადგენელთა უფლებები ირღვევა, და ყურადღებას ამახვილებს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობაზე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შექმნილმა მოხის კომისიამ დეკემბრის დასაწყისში დაადგინა, სადავო შენობას მიენიჭოს „სადავო საკულტო ნაგებობის სტატუსი“, ხოლო მოხეში მუსლიმებს ახალი მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტული ადგილი შესთავაზონ. მოხეში მუსლიმები უკვე რამდენიმე ხანია ღია ცის ქვეშ ლოცულობენ და კომისიის გადაწყვეტილებასა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს უნდობლობა გამოუცხადეს. ტარიელ ნაკაიძის სიტყვებით, სახელმწიფომ, სეკულარულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ნებისმიერი რელიგიური უმცირესობა იყოს დაცული:

​„მოხის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო მაგალითი დომინანტი რელიგიის სურვილებისა და მიდგომებისა, რომელსაც სახელმწიფო პრაქტიკულად ყველაფერში ეთანხმება და, შესაბამისად, ითვალისწინებს ამ არასამართლიან სურვილებს, რადგან აბსოლუტურად არასდროს არ დამდგარა ეჭვქვეშ მოხის ისტორიული მეჩეთის საკითხი, სანამ ადგილობრივმა მეუფემ არ განაცხადა, რომ თითქოს ეს შენობა ეკლესიის ქვებით არის ნაშენები. ეს განცხადება არანაირ წყაროს არ ეყრდნობა. ვფიქრობ, ასეთ დამოკიდებულებას და მსგავს პრეცედენტებს თუ დავუშვებთ, რომ, მაგალითად, მოხის მეჩეთს დათმობს მუსლიმი თემი, ეს არ იქნება მხოლოდ რელიგიური საკითხი, ეს არის საქართველოს მომავლის, დემოკრატიის საკითხი“.

გასულ წელს კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ფემიციდი, ოჯახში ძალადობა და განსაკუთრებით გამოიკვეთა სიძულვილის, ჰომოფიბიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დროებითი სავალდებულო კვოტების შემოღებას და კანონში ფემიციდის განმარტების ჩამატებას.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, 2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 14 ქალი მოკლეს. საავადმყოფოში გარდაიცვალა 14 ოქტომბერს სტაციონარში თავის ქალასა და ყელის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით მიყვანილი ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე. სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში, 16 ოქტომბერს, დააკავეს. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, წინასწარ განზრახვით მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით აღიძრა. როგორც დაზარალებულის ადვოკატმა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ციალა რატიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პროკურატურის თანახმად, დანაშაული სიძულვილით მოტივირებული არ ყოფილა, რასაც თავად ცალსახად არ იზიარებს. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი, ნათია გვიანიშვილი, თავის მხრივ დასძენდა, რომ, იმის მიუხედავად, დამტკიცდება თუ არა ზიზი შეყილაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიძულვილით მოტივირების ფაქტი, ზიზი მაინც უნდა ჩაითვალოს საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ არსებული ძალადობრივი, შეუწყნარებელი გარემოს მსხვერპლად:

“უტყუარი მტკიცებულებები, სამწუხაროდ, არ არსებობს. თვითმხილველი არ ჰყავდა ამ ფაქტს, თვითონ მსხვერპლი არ მოსულა გონს და ამიტომ რთული სათქმელია, მაგრამ რა არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული? ეს არ არის მხოლოდ ის ფაქტი, როდესაც ადამიანი კლავს ან სცემს მეორე ადამიანს მარტო იმიტომ, რომ იცის, რომ კონკრეტული უმცირესობების ჯგუფის წევრია. სიძულვილი ვლინდება ასევე მაშინ, როდესაც კონფლიქტი ადამიანებს შორის იწყება სხვა რაღაცა საკითხთან დაკავშირებით და თავდამსხმელიც საკუთარ თავს აძლევს იმის უფლებას, რომ გადამეტებული სისასტიკე გამოიჩინოს მეორე ადამიანის მიმართ ზუსტად იმიტომ, რომ ის არის რაღაცა მოწყვლადი ჯგუფის წევრი“.

16 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებამ დანაშაულის ყოფით მხარეზე გაამახვილა ყურადღება.

გასული წლის განმავლობაში კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში ბავშვზე ზრუნვის ცენტრებში არსებული ვითარება. როგორც გასული წლის აპრილში ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მო დე ბოერ-ბუკიკიომ განაცხადა, 2005 წლიდან სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა - მათ შორის, საკანონმდებლო თუ პოლიტიკურ დონეზე - იმისათვის, რომ განხორციელებულიყო დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაიხურა ბავშვთა დიდი ინსტიტუციები და იქ მცხოვრებმა ბავშვებმა საოჯახო ტიპის პატარა დაწესებულებებში გადაინაცვლეს. გაეროს მომხსენებელი ახსენებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, ეხება კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, მათი უფლებების დაცვას და სხვა. თუმცა, მო დე ბოერ-ბუკიკიოს სიტყვებით, მიუხედავად პოზიტიური ნაბიჯებისა, ქვეყანაში მაინც რჩება ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მთელი რიგი პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს. მათ შორისაა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, დიდ ინსტიტუციებში განთავსებული შშმ ბავშვების პრობლემები. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გაეროს სპეციალური მომხსენებელი იმ ინსტიტუციებში მცხოვრებ ბავშვებზე, რომლებსაც რელიგიური ორგანიზაციები აფინანსებენ:

„მე ვიმყოფებოდი ერთ-ერთ ასეთ ინსტიტუციაში და შემაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ამგვარ ინსტიტუციებში ცხოვრობენ, არის ძალიან მაღალი. იქ 130-მდე მოზარდი ვნახე, რომელთა ასაკიც იწყება ჩვილობიდან და 18 წელს აღწევს. ამ ინსტიტუციებში არ ვრცელდება ის სტანდარტები და ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული, და, ამასთანავე, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი. როდესაც ვიკითხე, ტარდება თუ არა მონიტორინგი, პასუხი იყო „არა“.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებს და, ზოგადად, ბავშვთა სიღარიბის საკითხებსაც. ბავშვთა სიღარიბის საკითხები გამოიკვეთა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მოსახლეობის კეთილდღეობის გამოკვლევაშიც. ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ოჯახების შემოსავალი არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა მათი ხარჯი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან, ნათქვამია ანგარიშში და, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ლაილა ომარ გადის, სიტყვებით, ბავშვები საქართველოში კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად:

„გამოკვლევამ აჩვენა, რომ საჭიროა მეტი ინვესტიციის ჩადება სოციალური დაცვის მიმართულებით, რათა ბავშვებმა თავი დააღწიონ სიღარიბეს. გამოკვლევამ აჩვენა, ასევე, რომ მიზნობრივმა სოციალურმა დახმარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. გარდა ამისა, გამოკვლევამ გამოავლინა ისიც, რომ ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, სხვა გამოწვევების წინაშეც დგანან, როგორიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და, ასევე, სკოლის მიტოვების რისკის ზრდა“.

გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, პრობლემა იყო შრომის უსაფრთხოება. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2011-2015 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად 212 ადამიანი დაიღუპა და 691 დაშავდა, 2016 წლის განმავლობაში კი დაღუპულთა რიცხვმა უკვე 43-ს მიაღწია. 3 დეკემბერს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში, პატარიძის სახელობის მაღაროში, მემანქანე პაატა ღავთაძე მანევრირებისას პარალელური ლიანდაგების ხაზზე მოძრავ ვაგონს დაეჯახა და თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა.

28 ოქტომბერს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და გაერთიანებული პროფკავშირის ინიციატივით გამართული გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეებიც მთავრობისგან შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას და ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვდნენ. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ მაშინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ როგორმე უნდა დაინახოს პრობლემა: ხალხი მშვიდობიანობის დროს სამუშაო ადგილებზე იღუპება.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, პარლამენტში შევიდეს კანონი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის შესახებ სამუშაო ადგილზე, მასში ჩადებული იყოს კანონიერად გარანტირებული შრომის ინსპექციის უფლებები, შრომის ინსპექციას მიეცეს სანქციების გაცემის უფლება, ასევე შეეძლოს კერძო თუ სახელწიფო საწარმოში დაგეგმილად თუ დაუგეგმავად შევიდეს და შეამოწმოს შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ბაზისური პირობები – სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, შვებულების უფლებით სარგებლობის საკითხი და ა. შ“.

ეს მოთხოვნა დღემდე არ დაკმაყოფილებულა.

წლის განმავლობაში კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ფარული მიყურადება-თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალის გასაჯაროების საკითხი. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა ცხოვრების ამსახველი კადრები პერმანენტულად ვრცელდებოდა სოციალური ქსელისა თუ სხვადასხვა ვებგვერდების გამოყენებით.

კვლავ პრობლემას წარმოადგენდა დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საკითხი. 2016 წლის 22 ივნისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორცხელში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, მათ შორის, თსუ-ში განათლების სფეროში სისტემური ცვლილებების მოთხოვნით შეკრებილ „აუდიტორია 115“-ში გაერთიანებულ სტუდენტთა აქციების დროს, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციების დროს და სხვა.

ირღვეოდა შშმ პირთა უფლებებიც. როგორც „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი გია ჯვარშეიშვილი ამბობს, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თაობაზე კონვენციის რატიფიცირებიდან ორ წელზე მეტია გასული და რეალური ცვლილებები არ ჩანს - ეს მეორეხარისხოვანი საკითხი გახდა. არც საზოგადოებაში არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სოლიდარობის განცდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG