Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ადამიანის უფლებები 365“


ანგარიშის პრეზენტაცია
ანგარიშის პრეზენტაცია

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს დაამთხვია სახალხო დამცველმა საქართველოში არსებული უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია. 2014 წლის ძირითადი უფლებადარღვევებისა და დადებითი ტენდენციების შესახებ მოხსენება უჩა ნანუაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. გენდერული თანასწორობა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიება - ეს არის მთავარი საკითხები ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წლის მიმოხილვა დადებით ტენდენციებზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ პარლამენტის დადგენილება, რომლითაც სახელმწიფო უწყებებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაევალათ, ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯი იყო.

მიუხედავად გარკვეული შენიშვნების გაუთვალისწინებლობისა, დადებითად შეაფასა ომბუდსმენმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ასევე ადამიანის უფლებების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებები, რამაც შეამცირა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი.

მიმაჩნია, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაც საქმეები არ გადაწყვეტილა. კვლავ ყოვნდება გამოძიების პროცესი, რომელიც უნდა განხორციელდეს რეფორმების შედეგად. ასევე რეფორმები არ აღსრულებულა...
გიუნტერ ბეხლერი

სახალხო დამცველის თქმით, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ დაიწყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხის განხილვა. კარგია, რომ ამ მექანიზმის მეშვეობით საგანგებოდ იქნება შესწავლილი სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

რაც შეეხება უარყოფით ტენდენციებს, უჩა ნანუაშვილმა ილაპარაკა პოლიციელების მიერ დაკავების დროს ძალის გადამეტების შემთხვევებზე, თქვა, ასეთი ფაქტები უფრო ხშირი იყო დასავლეთ საქართველოში და, ამ პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, პროკურატურის საქმიანობა არ იყო მაინცდამაინც ეფექტურიო.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაიცვალა 23 პატიმარი, საიდანაც ხუთმა, სავარაუდოდ, სოცოცხლე სუიციდით დაასრულა. პრობლემურია ასევე პატიმრების სხეულზე აღნიშნულ დაზიანებათა წარმომავლობის დადგენის საკითხი და მათზე სათანადო რეაგირება. ამიტომაც სახალხო დამცველი ითხოვს, პრევენციის ეროვნული მექნიზმის ფარგლებში, ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების მიღებას.

მთლიანობაში, უჩა ნანუაშვილი მიმდინარე წლის ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ასე ახასიათებს:

„პირველ რიგში აღვნიშნავთ ქალთა მიმართ ძალადობას და იმ ტალღას, რომელიც წლის განმავლობაში შეინიშნებოდა. დაფიქსირდა შეუწყნარებლობის არაერთი ფაქტი უმცირესობების მიმართ და ესეც არის ერთ-ერთი გამოწვევა და პრობლემა ქვეყნისთვის; არასათანადო მოპყრობის ფაქტები და ამ ფაქტების არაეფექტური გამოძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ტალღა, ასევე პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებით არის გამოთქმული ჩვენი მოსაზრება, რომ არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ე.წ. გასაღების თემას“.

უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, როგორც უარყოფითი ფაქტი, რომ დღემდე გამოუძიებელია სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებები.

სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა განაცხდა, რომ, სახალხო დამცველის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, რიგი პრობლემები მოუგვარებელია:

„მიმაჩნია, რომ ეს იყო წარმატებული წელი სახალხო დამცველისთვის, მაგრამ ვხედავთ საკითხებს, რომლებიც გადასაჭრელია ეროვნულ დონეზე. მე მინდა, უბრალოდ, მოგიწოდოთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა. ეს ყოველთვის ადვილი არ არის. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაც საქმეები არ გადაწყვეტილა. კვლავ ყოვნდება გამოძიების პროცესი, რომელიც უნდა განხორციელდეს რეფორმების შედეგად. ასევე რეფორმები არ აღსრულებულა“.

ევროკავშირი მხარს დაუჭერს და ასევე გაუწევს მონიტორინგს ადამიანის უფლებების სტრატეგიას. ორივეს - პოლიტიკისა და თანამშრომლობის საფეხურზე...
იანოშ ჰერმანი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებით მიესალმება ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. მისი თქმით, ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ასოციაციის დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესია ასევე ადამიანის უფლებების სფერო. კონკრეტულად ის თავები, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, სასამართლოს, პროფკავშირებს, შრომის კოდექსის სტანდარტებსა და ბავშვთა უფლებებს:

„ჩვენს უმთავრეს მესიჯად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა. დღესდღეობით ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება ეფექტური და დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა სამართალდამცავების საქმეების გამოძიების პროცესში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს და ასევე გაუწევს მონიტორინგს ადამიანის უფლებების სტრატეგიას. ორივეს - პოლიტიკისა და თანამშრომლობის საფეხურზე“.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ ყურადღება გაამახვილა ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელთან დაკავშირებითაც შენიშვნები სახალხო დამცველსაც აქვს. ვახუშტი მენაბდე აქცენტს სვამს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნაზე, რომელიც სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს:

„მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს თემა და ეს თემა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გამოიკვეთა, იქნება ეს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, შეკრება-მანიფესტაციასთან დაკავშირებით თუ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. ეს დანაშაულები ხდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, მაგრამ დღევანდელი საგამოძიებო სტრუქტურები არ არიან მზად ამგვარი დანაშაულების გამოსაძიებლად“.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში არ დარღვეულა მედიის უფლებები და არ გამოვლენილა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტები.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების თანახმად, „საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და დღეს გვაქვს ისეთი მაღალი სტანდარტის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მსგავსი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანასაც კი არ გააჩნია. ჩვენ უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ამ სფეროში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენი მთავრობა მოტივირებულია და აქვს მტკიცე ნება განუხრელად დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება და თავისუფლება“.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგელაშვილის განცხადებით, „სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც კი ხშირად ვაწყდებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რომლებსაც ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა საფუძველი აქვს. სულ ახლო წარსულში ჩვენი საზოგადოება გახდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების მომსწრე. საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ზრუნავდეს ყოველი მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ხმა აღიმაღლოს უკანონობისა და ძალადობის ყოველი შემთხვევის წინააღმდეგ“.

წელს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დევიზია „ადამიანის უფლებები 365“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG