Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი: მერია ალტერნატიული საცხოვრისით დააკმაყოფილებს ისტორიულ სახლში მცხოვრებთ


ბათუმში ისტორიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრისით დაკმაყოფილების პროცესი დაიწყო. ბათუმის მერია თავდაპირველად მ. კოსტავას 11 ნომერში მდებარე დამწვარი შენობის მცხოვრებლებს დააკმაყოფილებს. ეს არის პირველი ნაბიჯი ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის, ახალი ინიციატივისა, რომელიც ბათუმის ისტორიული უბნების გადარჩენას ისახავს მიზნად და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნას ეხმაურება. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ძველი ბათუმის ისტორიულ ზონად გამოცხადებას, იქ არსებული ძველი სახლების ნგრევისა და ახლით ჩანაცვლების პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ.


კოსტავას 11 ნომერში მდებარე ისტორიული სახლის ნაწილი 2013 წელს დაიწვა. იქ მცხოვრები 9 ოჯახი თავდაპირველად მერიამ ქირით გაიყვანა, ხუთი წლის შემდეგ კი ბათუმის საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი ფართები შესთავაზა. მათ შორისაა ნატალია ბერიძე, რომელიც ამბობს, რომ მანამდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ, ხანძრის შემდეგ კი ინვესტორების დაინტერესებას შეეცადნენ, მაგრამ სამშენებლო კომპანიებისთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა ქალაქის ცენტრი, რადგან ადრე ახალი შენობის სიმაღლე 15 მეტრით იყო განსაზღვრული, ახალი წესით კი, ის 12 მეტრამდე შემცირდა. ამიტომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მერიის მიერ შემოთავაზებულ ფართებზე თანხმობა განაცხადეს და ისტორიულ უბანში კუთვნილი ფართები სახელმწიფოს გადასცეს:

წესი, დებულება და სტრატეგია ახლა დამუშავების პროცესშია. ქალაქის მერმა ეს იდეა პრეზენტაციის სახით წარადგინა და მომავალში, რა თქმა უნდა, მოხდება ამ იდეის საკრებულოზე დოკუმენტებით წარდგენა-დამტკიცება...
გოგა ლომაძე

„ადამიანმა XXI საუკუნეში ცივილურად ხომ უნდა იცხოვროს, არა? და იქ კატასტროფული პირობებია. ხალხი თანახმაა განსახლებაზე, იმიტომ რომ ყველა ინვესტორისთვის, რომელიც მოდიოდა, ეკონომიურად იყო მიუღებელი ამის შესყიდვა, იმიტომ რომ რეგულაცია იყო, 12 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებაა შესაძლებელი უკვე და არ ინტერესდებიან. თან ძველ ბათუმშია და ავთენტურობა უნდა შეინარჩუნონ ამ სახლის. მართალია, ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ მახასიათებლები აქვს და 200 წლისაა“, ამბობს ნატალია ბერიძე.

კოსტავას 11 ნომერში მდებარე ისტორიული სახლის იერსახის შენარჩუნებას, მის აღდგენა-რესტავრაციას და შემდეგ ინვესტორის დაინტერესებას შეეცდება ქალაქის მუნიციპალიტეტი, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი სახლი, რომლის მცხოვრებთაგან გამონთავისუფლება იგეგმება. ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან ოჯახები, რომლებიც ძეგლის სტატუსის მქონე შენობებში ან ისტორიულ სახლებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და თანახმა არიან სანაცვლოდ ქალაქის სხვა ნაწილში ალტერნატიულ საცხოვრისში გადავიდნენ. თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რამდენ ოჯახს შესთავაზებენ მსგავს წინადადებას, რომელ სახლებს გამოისყიდის მუნიციპალიტეტი და, საერთო ჯამში, რა თანხა დაუჯდება ეს ინიციატივა ქალაქის ბიუჯეტს. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე ამბობს, რომ განსახლების პროცესი კი დაიწყო, მაგრამ ისტორიული ბათუმის გადარჩენის კონცეფციას მომავალში წარმოადგენენ:

„წესი, დებულება და სტრატეგია ახლა დამუშავების პროცესშია. ქალაქის მერმა ეს იდეა პრეზენტაციის სახით წარადგინა და მომავალში, რა თქმა უნდა, მოხდება ამ იდეის საკრებულოზე დოკუმენტებით წარდგენა-დამტკიცება. მიზანია ძველი ბათუმის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების აღდგენა, შენარჩუნება. მეორე: ოჯახები, რომლებიც ვერ იყენებენ ამ ქონებას, იმიტომ რომ განადგურებულია, მათ გადაეცემათ საცხოვრებელი ბინები სანაცვლოდ. მათთან მოხდება გაცვლითი ხელშეკრულებების გაფორმება. შემდეგ მოხდება ამ შენობების პირვანდელი სახით აღდგენა“.

თუ რა ფუნქცია ექნება გამონთავისუფლებულ და რესტავრირებულ შენობებს ბათუმის ისტორიულ უბნებში, ამას კერძო სექტორთან კონსულტაციის შემდეგ დაადგენენ, - ამბობს გოგა ლომაძე, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი.

ბათუმის ისტორიული ნაწილისთვის სწორი ფუნქციის შეძენა იქნება მნიშვნელოვანი ამ უბნების მომავალი განვითარებისთვის, აცხადებს ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, რომელიც მიესალმება ძველი ქალაქის არქიტექტურის გადასარჩენად მერიის ინიციატივას და აქვე აღნიშნავს, რომ ძველი ბათუმის ე.წ. „ბელეტაჟებს“ რესტავრაცია ისე უნდა ჩაუტარდეთ, რომ არ დაიკარგოს არქიტექტურის ძირითადი მახასიათებლები:

„ის მახასიათებლები, რომელიც მთლიანად ამ უბანს აქვს, და მისი ნიშნები უნდა იქნეს შენარჩუნებული და ისე მოხდეს მისი რეაბილიტაციაც და ადაპტაციაც. ადაპტაცია შესაძლებელია შენობის ფუნქციის დადგენით, იმის გათვალისწინებით, თუ რის შესაძლებლობას იძლევა ქალაქის ეს ადგილი და გარემო. კულტურულ-ურბანულ სტრუქტურას ვგულისხმობ. იმისთვის, რომ ფუნქცია დაიბრუნოს ისტორიულმა უბანმა, უნდა წახალისდეს და მიმართულება მიეცეთ ინვესტორებს, ვინც უფრო კრეატიულ წინადადებებსა და იდეებს წარმოადგენს“.

კოსტავას 11 ნომერში მდებარე ისტორიულ სახლში მცხოვრებთა ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას 27 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG