Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აპირებს ბათუმის მერია ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნებას?


ახალი მშენებლობისთვის მზადება ბათუმის ერთ-ერთ ნაწილში
ახალი მშენებლობისთვის მზადება ბათუმის ერთ-ერთ ნაწილში

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნებისთვის აჭარის მთავრობასთან ერთად შემუშავებული სტრატეგია წარმოადგინა, რომლის მიხედვით, დაგეგმილია ბათუმის დაყოფა ზონებად, სადაც სამშენებლო პროექტებისთვის ახალი წესები დამკვიდრდება. მაგალითად, ბათუმის ძველ უბნებში ისტორიული განაშენიანების სპეციალური ზონა დამტკიცდება და იქ, 15 მეტრის ნაცვლად, შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი დადგინდება, სამშენებლო წინადადებას კი, გარკვეული კრიტერიუმებით, შესაბამისი ვიზუალური არქიტექტურული სტანდარტით, დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შეარჩევს.

სტრატეგია ისტორიული ნაწილის შესანარჩუნებლად

სტრატეგიის თანახმად:

  • ბათუმის ძველ უბნებში ისტორიული განაშენიანების სპეციალური ზონა დამტკიცდება;
  • 15 მეტრის ნაცვლად, შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი დადგინდება;
  • სამშენებლო წინადადებას დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შეარჩევს.

ბათუმის მერმა ლაშა, კომახიძემ, განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი იწყებს ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე ფონური ისტორიული შენობების ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვას და მცხოვრებთათვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებას. მისივე თქმით, შემუშავდება შენობების რეაბილიტაციის პროექტები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით, ამის შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლება ინვესტორებს გარკვეული პირობებით წინადადებებს შესთავაზებს:

„ბათუმის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონაში და ეს სპეციალური ზონა იწყება გამსახურდიას ქუჩით - ზღვის მიმართულებით, მთელი ტერიტორია, ასევე გვერდით შემოსაზღვრული ქუჩები, ჭავჭავაძის ქუჩითა და მემედ აბაშიძის გამზირით. ამ ტერიტორიას პირობითად დავარქვით სპეციალური ზონა, სადაც გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება“.

ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, ფიქრობს, რომ გარკვეული წესების დამკვიდრებით შენარჩუნდება ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბათუმის ძველი ურბანული ქსოვილი, ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს დოკუმენტის - „ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და რეგულირების დაცვის ზონების“ - დამტკიცება და „ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ შემუშავება. ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ამ ინიციატივის საჯარო განხილვისას სამოქალქო სექტორისა და აქტივისტების ნაწილი დაინტერესდა, გადახედავს თუ არა ქალაქის ახალი მერი თავისი წინამორბედის მიერ ბათუმის ძველ უბნებში გაცემულ სამშენებლო ნებართვებს, რომელთა საფუძველზეც ისტორიული შენობების ნგრევა და მათი მრავალსართულიანი კორპუსებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. როგორც შოთა გუჯაბიძემ და ნათია აფხაზავამ განაცხადეს, პროცესი გრძელდება და ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ, შესაძლოა, ახალი წესების დამკვიდრების შემდეგ ისტორიულ ბათუმში დასაცავი აღარაფერი დარჩეს.

მშენებლობა ბათუმში
მშენებლობა ბათუმში

„გრძელდება ძველი ბათუმის ისტორიული შენობების ნგრევა. თქვენ ამბობთ, რომ აქ არის სერიოზული სამართლებრივი პრობლემა და გაცემული ნებართვების შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ასეთი ნაღმია ჩადებული ქალაქის ყველაზე ღირებულ ნაწილში, სადაც ოთხი სახლი უკვე დაინგრა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა შოთა გუჯაბიძემ.

„რთული მემკვიდრეობა გერგოთ წილად. უკვე გაცემულია ბევრი ნებართვა, რომლის მიხედვით მიმდინარეობს ისტორიული სახლების ნგრევა. შეისწავლეთ თუ არა, ამ მიმართულებით რა ვითარება დაგხვდათ ქალაქში, და გაქვთ თუ არა რამე გეგმა, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს ამ გადაწყვეტილებებში?“ - ჰკითხა ნათია აფხაზავამ ბათუმის მერს.

ინიციატივის ამოქმედებას არ სჭირდება დიდი დრო, ეს დღეების საქმეა და ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკება კონკრეტულ ძეგლებსა და ისტორიულ სახლებში მცხოვრებლებთან და გვაქვს შედეგები. ასე რომ, ვერ ვხედავ ვერანაირ საშიშროებას...
ლაშა კომახიძე

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, მიიჩნევს, რომ ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას არაფერი ემუქრება და ახალი წესების დამკვიდრებამდე ქალაქის ისტორიულ ნაწილში მშენებლობებზე მორატორიუმის შემოღების აუცილებლობასაც ვერ ხედავს:

„რაც შეეხება აქამდე გაცემულ სამშენებლო ნებართვებს, ეს არ არის ის რაოდენობა, რაც ბათუმს წალეკავს, თუმცა არის პროექტები, რომლებიც დაკონსერვებულია. ნებართვები გაცემულია წინა წლებში და ჩვენ დრო გვჭირდება ზუსტად მოვიკვლიოთ მათი რაოდენობა და არქივიდან ამოვიღოთ ისინი. რაც შეეხება იმ ინიციატივის ამოქმედებას, რაც მე გავაჟღერე, ამას არ სჭირდება დიდი დრო, ეს დღეების საქმეა და ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკება კონკრეტულ ძეგლებსა და ისტორიულ სახლებში მცხოვრებლებთან და გვაქვს შედეგები. ასე რომ, ვერ ვხედავ ვერანაირ საშიშროებას“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერისგან განსხვავებით, ქალაქის ისტორიული ნაწილის პირვანდელი სახით შენარჩუნების თვალსაზრისით პრობლემას და საშიშროებასაც კი ხედავს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი ნინო ინაიშვილი:

ძველი სახლი ბათუმში
ძველი სახლი ბათუმში

„მთავარია ავთენტურობის შენარჩუნება და ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს ძველი ნაგებობების ნგრევა და მათ ნაცვლად ახალი, ე.წ. დაძველებული შენობების აშენება - ეს არ არის შენარჩუნება. ეს პროგრამა კი, ერთი მხრივ, უნდა იყოს მიმართული შენარჩუნებაზე, რაშიც ყველაზე მთავარია ავთენტურობა, ანუ ნამდვილობა შენობის. მეორე მხრივ, ეს პროგრამა, რევიტალიზაციის, უნდა იყოს შეთანხმებული და ინტეგრირებული ქალაქის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებასთან. ამისთვის კი საჭიროა ინტეგრირებული კონსერვაცია, რაც გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვას და მათ მუშაობას ამ მიმართულებით“.

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, განაცხადა, რომ ის ქალაქის ისტორიული ნაწილის გადასარჩენად შემუშავებული სტრატეგიის პრეზენტაციაზე გამოთქმულ შენიშვნებს გაითვალისწინებს, დეტალურად კი დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად განიხილავს სამუშაო შეხვედრებზე, რის შემდეგაც დოკუმენტი ჯერ ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნება, შემდეგ კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG