Accessibility links

მსოფლიოში გრძელდება ბირთვული იარაღის შემცირების ტენდენცია, მაგრამ ქვეყნები, რომელთაც ასეთი იარაღი აქვთ, ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას ახდენენ და არ არის მოსალოდნელი, რომ ახლო მომავალში მასზე უარი თქვან, - წერია მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც 3 ივლისს გამოქვეყნდა.

ბირთვულ იარაღს ფლობს ცხრა ქვეყანა: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა. მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, მათ განკარგულებაშია გამოსაყენებლად განთავსებული 4 150 ბირთვული იარაღი.

მკვლევრების განმარტებით, „გამოსაყენებლად განთავსებული“ გულისხმობს იმას, რომ ბირთვული ქობინებით არის აღჭურვილი რაკეტები ან ბირთვული ქობინები განთავსებულია სამხედრო ბაზებზე, სადაც სამხედრო ძალები მზად არიან საბრძოლო მოქმედებებისათვის.

მთლიანად, ანუ განუთავსებელი ქობინების ჩათვლით, ბირთვული იარაღის რაოდენობა მსოფლიოში არის 14 935, ანუ ნაკლები, ვიდრე იყო წინა წელს, როცა 15 395 აღრიცხეს. ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს, ყველაზე ნაკლები - ჩრდილოეთ კორეას.

როგორც სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში წერენ, მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირება მოდის, ძირითადად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებზე, რომელთა ხელშიც არის მთელი მსოფლიოს ბირთვული იარაღის თითქმის 93%. ეს ორი ქვეყანა განაგრძობს თავისი სტრატეგიული ბირთვული არსენალის შეკვეცას, მაგრამ, მეორე მხრივ, ორივე გამოყოფს მსხვილ თანხებს ბირთვული მოდერნიზაციის დასაფინანსებლად. მაგალითად, შეერთებული შტატების გეგმაა, 400 მილიარდი დოლარი ჩადოს 2017-2026 წლებში ბირთვული ძალების მოდერნიზაციაში.

როგორც სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი, შენონ კაილი, აღნიშნავს, ბირთვული იარაღით აღჭურვილ ცხრავე ქვეყანაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის გრძელვადიანი პროგრამა, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ თვალსაწიერ მომავალში არც ერთი მათგანი არ იტყვის უარს ბირთვულ არსენალზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG