Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო საიდუმლოება და ბიზნესის საფრთხე


საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ უწყებების წრე, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციაზე. რამ გააჩინა ასეთი ცვლილებების აუცილებლობა და რა რისკებს მოიცავს ბიზნესისთვის ამ ცვლილებების დაკანონება?

საგადასახადო კოდექსის მოქმედი 39-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებაა საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, ”გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა”.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ინფორმაციის გადაცემა ნებადართულია, მაგალითად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვის იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; სასამართლოსთვის – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა თუ კერძო აღმასრულებლისთვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.

2014 წლის 1 მარტიდან დევნილის შემწეობას - 45 ლარს - აღარ მიიღებენ ის პირები, რომელთა შემოსავალიც არის 1250 ლარი და მეტი. ინფორმაცია, თუ ვინ არიან ეს პირები ან მათი რაოდენობის შესახებ...
დავით დარახველიძე
მოკლედ რომ ვთქვათ, საიდუმლო ინფორმაციის პოტენციურ მიმღებთა სია ისედაც საკმაოდ გრძელია, მაგრამ ამ სიას, პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტის მიხედვით, კიდევ არაერთი პოტენციური მიმღები ემატება და მათ შორის არის საქართველოს მთელი მთავრობა. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი სწორედ საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული, თუმცა იდეის ინსპირატორი გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. როგორც მინისტრმა დავით დარახველიძემ უთხრა 9 იანვარს რადიო თავისუფლებას, ეს იდეა დევნილების თაობაზე იმ კანონპროექტს უკავშირდება, რომელიც 1 მარტიდან უნდა ამოქმედდეს:

”2014 წლის 1 მარტიდან დევნილის შემწეობას - 45 ლარს - აღარ მიიღებენ ის პირები, რომელთა შემოსავალიც არის 1250 ლარი და მეტი. ინფორმაცია, თუ ვინ არიან ეს პირები ან მათი რაოდენობის შესახებ, ბუნებრივია, არის შემოსავლების სამსახურში და ჩვენ გვჭირდება ეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები გამოვრიცხოთ იმ სიიდან, ვინც მიიღებს გაზრდილ შემწეობას - 45 ლარს. ამიტომ ჩვენი ინიციატივით შევედით საქართველოს მთავრობაში, რომ საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლს, რომელიც ამ საიდუმლოების დაცვას ითვალისწინებს, იმ ჩამონათვალში, ვისაც ჰქონდა ასეთი ინფორმაციის მიღების უფლება, დამატებოდა ჩვენი სამინისტროს დასახელება”.

იმისათვის, რომ, მაგალითად, ჩემ შესახებ არ აგორდეს ნეგატიური კამპანია და მე კლიენტები არ დავკარგო, სულაც არ მსურს, რომ ეს ინფორმაცია ფართოდ გახმაურდეს... ასევე, ვთქვათ, რა ტიპის კლიენტებთან მაქვს ურთიერთობა, - როგორც მომწოდებლებთან, ასევე მომხმარებლებთან...
გიორგი აბაშიშვილი
თუმცა ოდნავ მოგვიანებით, როცა საიდუმლო ინფორმაციის მიღების კიდევ უფრო მეტი მსურველი გამოჩნდა, ახალ კანონპროექტში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად, როგორც უკვე ვთქვით, მთელი მთავრობა მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული საიდუმლო ინფორმაციის პირადი მიზნებისათვის გამოყენებას ან სხვა პირისათვის გადაცემას, რაც ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად და ისჯება, ამ რისკებს სავსებით რეალისტურად მიიჩნევს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რაც უფრო ფართო იქნება იმ პირთა წრე, ვისაც წვდომა ექნება საიდუმლო ინფორმაციაზე, მით უფრო გაიზრდება ამ ინფორმაციის გავრცელების რისკი და, მათ შორის, უკანონო მიზნებისთვისაც. გიორგი აბაშიშვილი ჩვენთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს ზიანზე, რაც საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება მიაყენოს ამა თუ იმ მეწარმეს და ზოგადად თავისუფალ კონკურენციას:

”შესაძლოა კომპანიას ჰქონდეს დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, თუმცა არსებობდეს რაღაც გრაფიკი აღნიშნული დავალიანების დაფარვის და ასე შემდეგ... იმისათვის, რომ, მაგალითად, ჩემ შესახებ არ აგორდეს ნეგატიური კამპანია და მე კლიენტები არ დავკარგო, სულაც არ მსურს, რომ ეს ინფორმაცია ფართოდ გახმაურდეს... ასევე, ვთქვათ, რა ტიპის კლიენტებთან მაქვს ურთიერთობა, - როგორც მომწოდებლებთან, ასევე მომხმარებლებთან, - არ მსურს, რომ ამის შესახებ იყოს ინფორმაცია ასევე ფართოდ ცნობილი. ნამდვილად არ მინდა, რომ ეს ჩემმა კონკურენტებმა იცოდნენ”.

ამგვარ რისკებზე ლაპარაკობს ”ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო უმცირესობაც და ის სახელმწიფოს მეწარმეების და, ზოგადად, მოქალაქეების ცხოვრებაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს. კოალიცია ”ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური ოპონენტების აზრს არ იზიარებს და თვლის, რომ საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ საფრთხეს არ შეიცავს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG