სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ბოსნია- ჰერცეგოვინა, რომ დაიცავს ბოსნიელ სერბებს, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდა. იზრდება დაძაბულობა ცენტრალური მთავრობის მიერ აკრძალული რეფერენდუმის გამო ბოსნიის ორიდან ერთ-ერთ იურიდიულ სუბიექტში, „რესპუბლიკა სრპსკაში“. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა 20 სექტემბერს, რომ სერბია არ დაუშვებს ბოსნიის შემადგენლობაში შემავალი „რესპუბლიკა სრპსკას“ დაშლას ან მასზე სამხედრო თავდასხმას. ეს ერთეული აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა და ბოსნიის ორად გაყოფის შედეგად შეიქმნა. დაჩიჩის გამოსვლა მოჰყვა ომის პერიოდში ბოსნიის არმიის ყოფილი მეთაურის, საფერ ჰალილოვიჩის ნათქვამს, ბელგრადის დახმარების გარეშე, „რესპუბლიკა სრპსკას“ ჯარები 15 დღესაც ვერ გაუძლებდნენ ბოსნიის არმიის ზეწოლასო. გადამდგარი ჰალილოვიჩი არ იყო ოფიციალური პირი, როცა ეს განაცხადა ადგილობრივი ტელევიზიით. დაჩიჩის თქმით, ჰალილოვიჩის კომენტარი „რესპუბლიკა სრპსკას“ განადგურების შესახებ წარმოადგენს დიდ საფრთხეს რეგინში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ბოსნიაში გაიზარდა დაძაბულობა რეფერენდუმის გარშემო, რომელსაც 25 სექტემბერს აწყობენ სერბები იმის დასადგენად, იზეიმონ თუ არა ეროვნული დღე 9 სექტემბერს, როცა 1992 წელს რესპუბლიკამ ბოსნიისგან გამოყოფა გამოაცხადა. ბოსნიის ომები, ბოსნიელებს, სერბებსა და ხორვატებს შორის ამ თარიღიდან ერთ თვეში დაიწყო, რასაც ასი ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მილიონი უსახლკაროდ დარჩა. ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასეთი დღესასწაული ბოსნიელებისა და ადგილობრივი ხორვატების დისკრიმინაცია იქნებოდა და რეფერენდუმი უკანონოა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1