Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალებმა მთლიანად დაიკავეს ქირქუქი


ერაყის ძალები ცდილობენ, აღადგინონ ბაღდადის კონტროლი ტერიტორიაზე, რომელიც ქურთთა ძალებმა დაიკავეს
ერაყის ძალები ცდილობენ, აღადგინონ ბაღდადის კონტროლი ტერიტორიაზე, რომელიც ქურთთა ძალებმა დაიკავეს

ერაყის ძალებმა პარასკევს დაიკავეს ნავთობით მდიდარი პროვინციის, ქირქუქის, ბოლო რეგიონიც, რომელიც ქურთთა ძალების, ფეშმერგას, კონტროლის ქვეშ იყო. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბოლო ბრძოლამ სამ საათს გასტანა.

ერაყის ძალებმა დაიკავეს ქირქუქის ბოლო რეგიონი

  • ქურთთა ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებით, ქირქუქი და ტუზი ათიათასობით ქურთმა დატოვა და ქურთისტანის ორ მთავარ ქალაქს, ერბილსა და სულაიმანიას, მიაშურა.
  • გაერომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მიღებული ცნობებით, ქურთ მოსახლეობას აიძულებენ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები, უნადგურებენ სახლებს და ბიზნესებს.

ალთუნ კუპრის, ქურთულად ფერდეს, რეგიონი მდებარეობს ქალაქ ქირქუქსა, რომელიც ერაყის ძალებმა ორშაბათს დაიკავეს, და ერბილს შორის, რომელიც ნახევრად ავტონომიური ქურთისტანის რეგიონის დედაქალაქია. რეგიონმა გასულ თვეში რეფერენდუმი ჩაატარა ერაყისგან გამოყოფის თაობაზე, ბაღდადის წინააღმდეგობის მიუხედავად.

ერაყის სამხედრო უწყებათა ცნობით, ალთუნ კუპრისკენ შეტევა ადგილობრივი დროით დილის რვის ნახევარზე დაიწყეს ძალებმა, რომელიც შედგებოდა აშშ-ის მიერ გაწვრთნილი ერაყის კონტრტერორისტული დანაყოფების, ფედერალური პოლიციისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი, სახალხო მობილიზაციის სახელით ცნობილი, მეომრებისგან.

ამავე წყაროს ცნობით, ბრძოლის შემდეგ ქურთთა ფეშმერგას ძალებმა ქალაქი დატოვეს. მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ავრცელებს.

ერაყის ცენტრალური მთავრობის ძალებმა ქირქუქის პროვინცია დიდწილად წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს, რადგან ფეშმერგას მეომრები ადგილებს უბრძოლველად ტოვებდნენ.

მთავრობის შეტევამ შეცვალა ჩრდილოეთ ერაყში ძალაუფლების ბალანსი. „როიტერსის“ ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს პროცესები შეაფერხებს ქურთთა მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ. 25 სექტემბრის რეფერენდუმზე ქურთთა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ერაყისგან გამოყოფას, ქირქუქის ნავთობის საბადოებთან ერთად.

ალთუნ კუპრიში ბრძოლა მეორე შემთხვევა იყო, როცა ქურთთა ძალებმა ქირქუქის პროვინციაში ძლიერი ძალადობრივი წინააღმდეგობა გასწიეს. მთავრობის შეტევის პირველ დღეს, ორშაბათს, შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა.

ერაყის სამხედროები ქალაქ ტუზში
ერაყის სამხედროები ქალაქ ტუზში

ალთუნ კუპრი ქირქუქის ბოლო ქალაქია ერბილისკენ გზაზე. ის ავტონომიური რეგიონის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ერაყის ძალები ცდილობენ აღადგინონ ბაღდადის კონტროლი ტერიტორიაზე, რომელიც ქურთთა ძალებმა დაიკავეს ავტონომიური რეგიონის ოფიციალური საზღვრების მიღმა. ეს ძირითადად მოხდა 2014 წლის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლის პროცესში. ქურთთა ფეშმერგას ძალები ქირქუქში ბრძოლის გარეშე შევიდნენ და დაიკავეს ადგილები, სადაც მანამდე ერაყის არმია იყო გამაგრებული. არმიამ მაშინ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინაშე დაიხია უკან.

ქურთთა თავდაცვითი პოზიცია ალთუნ კუპრისთან
ქურთთა თავდაცვითი პოზიცია ალთუნ კუპრისთან

ერაყის წამყვანი შიიტი სასულიერო პირი, აიათოლა ალი ალ-სისტანი, პარასკევს გამოვიდა მოწოდებით სახელმწიფომ დაიცვას ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრები ქურთები. ეს იყო იშვიათი პოლიტიკური განცხადება იმ ფიგურის მხრიდან, რომლის სიტყვებს კანონის ძალა აქვს ერაყის შიიტი უმრავლესობის დიდი ნაწილისთვის. სისტანის სიტყვების ფონია ცნობები იმის შესახებ, რომ ფეშმერგას მიერ დატოვებულ ადგილებში ქურთ მოსახლეობას ცუდად ეპყრობიან.

ქურთთა ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებით, ქირქუქი და ტუზი ათიათასობით ქურთმა დატოვა და ქურთისტანის ორ მთავარ ქალაქს, ერბილსა და სულაიმანიას, მიაშურა.

ხუთშაბათს გაერომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მიღებული ცნობებით, ქურთ მოსახლეობას აიძულებენ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები, უნადგურებენ სახლებს და ბიზნესებს.

XS
SM
MD
LG