Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის 5 საათიანი შეხვედრა, ერთადერთი შედეგით


ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დილიდან შეხვედრის დაწყებას ელოდებოდა სოფელ დიცის მცხოვრები გოჩა სოსიაშვილი. მისი ვაჟი, როსტომ სოსიაშვილი, რუსმა მესაზღვრეებმა დაახლოებით 3 კვირის წინ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გოჩა სოსიაშვილის თქმით, მისი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელს, ხოხ გაგლოითის, შვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

შესვენებაზე შეხვედრა შედგა და მამამ შვილის გათავისუფლების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია მიიღო.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ თქვა, რომ ცხინვალში უკვე გაიმართა სოსიაშვილის სასამართლო პროცესი და მას მალე გაათავისუფლებენ.

ქართულმა მხარემ დაკავებულთა გათავისუფლების, უგზო-უკვლოდ დაკარგულების, უპილოტო საფრენი აპარატების ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოფრენის საკითხები დააყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის კახა ქემოკლიძის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში რუსი მესაზღვრეების მიერ გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმა დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო და საუბარი ჟენევის დისკუსიის შეხვედრაზეც გაგრძელდება.

ქართულმა მხარემ გააპროტესტა ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. რამდენიმე დღის წინ ცხინვალიდან გათავისუფლებულმა თემურ გიგაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ფიზიკურ შრომას აიძულებდნენ და სამხედრო კაზარმებს ალაგებინებდნენ. კახა ქემოკლიძის თქმით, ქართულმა დელეგაციამ ამის გამო პროტესტი გამოხატა.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ ცხინვალის ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ციხეში შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ასეთი ფაქტების გამოვლენა. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ფრენის ფაქტები.

დღევანდელ შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟერარ ფიშერი უძღვებოდა. მისიის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ანჟეი ტიშკევიჩმა მანდატის ვადა ამოწურა და ახლა საქართველოში მისიის ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლას ელოდებიან. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება, მანამდე კი ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი შედგება.
XS
SM
MD
LG