Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 23 თებერვალი


უცხოეთის პრესა ეხმაურება ამ კვირაში განხორციელებულ სერიას კიბერიერიშებისა, რომელთა სამიზნედ იქცა აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურები, მედიაორგანიზაციები და კერძო ფირმები. თეთრი სახლის ინფორმაციით, ერთ-ერთი კიბერთავდასხმა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროდან იყო ორგანიზებული. თავის მხრივ, პეკინი აცხადებს, რომ ბოლო ხანს ჩინეთზე განხორციელებული კიბერშეტევები სათავეს სწორედ აშშ-ში იღებს. აი, რას წერს ყოველივე ამაზე აშშ-ში გამომავალი ყოველდღიური „პიტსბურგ პოსტ-გაზეტი“:

„ახლა კი დადგა დრო იმ ამერიკელების შეშფოთებისა, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ ომი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. მართლაც შემაშფოთებელია იმის გაფიქრება, რომ ომის შემთხვევაში ჩინეთის არმიის ჰაკერებმა შეიძლება დაასუსტონ ან სამხედრო თვალსაზრისით სულაც უუნარო გახადონ აშშ-ის შეიარაღებული ძალები. მეორე მხრივ, როგორც ატომური იარაღისა თუ ორმხრივი განადგურების საფრთხის შემცველ სხვა სფეროებში, აქაც მოწმენი ვართ შემდეგი შემთხვევისა: თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელ კიბერმეომრებს ხელი მიუწვდებათ ჩინეთის ინფრასტრუქტურაზე.“

კიბერშეტევების უზარმაზარ ხიფათზე საუბრობს ავსტრიის გაზეთი „ზალცბურგერ ნახრიხტენი“: „კიბერიერიშები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, საიდუმლო სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ კომპანიების ინტელექტუალურ საკუთრებაზე გაცილებით უფრო უშუალოდ ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ვიდრე ბომბები და რაკეტები. თუ გავითვალისწინებთ ამ შეტევების მასშტაბს, აშკარა გახდება, რომ ჩვენი პასუხი უმოქმედობა ვერ იქნება. ვინც ყოველივე ამას დღეს გულხელდაკრეფილი ადევნებს თვალს, ნუ გაუკვირდება, თუ ხვალ თავად იქცევა ასეთი შეტევების სამიზნედ. უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რის შემდეგაც შემუშავებულ უნდა იქნეს სტრატეგია, რომელიც საგრძნობლად გაურთულებს მოქმედებას კიბერაგრესორებს და მათ, იერიშის შემთხვევაში, სათანადო პასუხსაც შეაგებებს.“

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღება მიიპყრო, გახლდათ ბულგარეთის მთავრობის გადადგომა, რაც მოჰყვა რამდენიმედღიან მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს სოფიასა და სხვა ქალაქებში. ეს გამოსვლები გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდამ და ცხოვრების საერთო დონის გაუარესებით ხალხის უკმაყოფილებამ. რუმინეთის გაზეთი „განდული“ ასე აფასებს მეზობელ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას: „თავისი განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა შოკი გამოიწვია. მისი გადაწყვეტილება იყო რეაქცია ყველაზე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე, რომელიც ბულგარეთს კომუნიზმის დამხობის შემდეგ ახსოვს. თავიდან დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის წინააღმდეგ, მაგრამ თანდათან აქციების თემატიკა გაფართოვდა: ბულგარელებს მთელს ევროკავშირში ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ, არადა, ცხოვრება განუხრელად ძვირდება და, შესაბამისად, უარესდება ცხოვრების დონე. როგორც ჩანს, ბორისოვი ახლაღა მიხვდა, რაოდენ დიდია ხალხის უკმაყოფილება.“

ამავე საკითხს ეძღვნება პოლონეთის „გაზეტა ვიბორჩას“ სარედაქციო წერილი: „პრემიერ-მინისტრი ბორისოვი და მისი პარტია სისტემატურად იმარჯვებდნენ ყველა გამოკითხვაში და ბულგარელები მოთმინებით ხვდებოდნენ ბიუჯეტის თვით ყველაზე მკვეთრ შემცირებებს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას კრედიტების გაცემის პირობად უყენებდა. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ეს საპროტესტო ტალღაც მინელდებოდა. ბორისოვმაც ყოველი ღონე იხმარა თანამემამულეების დასაშოშმინებლად, დაითხოვა ფინანსთა მინისტრი, პირობა დადო, რომ შეამცირებდა ელექტროენერგიის გადასახადს, დააჯარიმა ელექტროენერგიის მიმწოდებლები... მაგრამ მას ვეღარაფერმა უშველა.“

თუ ბულგარეთს მალე ახალი მთავრობა ეყოლება, იტალია ახალი პარლამენტის მოლოდინშია. ამ შაბათ-კვირას იქ ტარდება არჩევნები, რომელმაც უნდა გამოავლინოს დეპუტატთა პალატის 630 და სენატის 315 მანდატის მფლობელები. მომავალ კენჭისყრას სარედაქციო სტატიას უძღვნის აშშ-ის „ნიუ იორკ ტაიმსი“: „სილვიო ბერლუსკონი, რომელიც 15 თვის წინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, შიშისმომგვრელად ცდილობს პოლიტიკურ სარბიელზე დაბრუნებას. კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე ჩატარებული გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ბერლუსკონის კოალიცია მეორე ადგილზეა და მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩამორჩება მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციას. ევროკავშირის მოწინავე პოლიტიკოსების, უწინარესად კი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის უკიდურესი მომჭირნეობის პოლიტიკამ იტალია რეცესიისთვის გაწირა. ამან ბერლუსკონის საგრძნობლად გაუიოლა ამოცანა, თავი წარმოეჩინა უბრალო მოქალაქეების ქომაგად და ბრიუსელიდან წამოსული მოთხოვნების მოწინააღმდეგედ. შემაშფოთებელი ის არის, რომ არჩევნების შემდეგ ბერლუსკონი კვლავ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ შეიძლება მოგვევლინოს.“

საფრანგეთის „მონდი“ იტალიის საპარლამენტო არჩევნების კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: „ამ კენჭისყრაში ნაწილობრივ ევროზონის მომავალი ბედიც წყდება. ერთი რამ ახლავე აშკარაა: მარიო მონტი ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. გამოკითხვებში მას მეოთხე ადგილი უკავია. საარჩევნო კამპანია იქცა მოსახლეობის შურისძიებად მომჭირნეობის იმ პოლიტიკისთვის, რომლის გამტარებლად მონტი მოიაზრება. საშუალო ფენა - ამ პოლიტიკის მთავარი მსხვერპლი - დამნაშავედ ევროს მიიჩნევს, რაც ბერლუსკონის აძლიერებს. ეს კი ვერა და ვერ გაუგიათ ბერლინში, ფრანკფურტსა თუ ბრიუსელში.“
XS
SM
MD
LG