Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


უცხოეთის პრესაში ამ კვირის განმავლობაში საგრძნობლად მომრავლდა საქართველოსადმი მიძღვნილი წერილები, რაც, თუ პატიმრების წამებასთან დაკავშირებულ სკანდალსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს გავითვალისწინებთ, სავსებით ბუნებრივია. დღეს მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით.

„ვაშინგტონ პოსტში“ დაბეჭდილ სტატიაში „საქართველოს ხმაურიანი საარჩევნო კამპანია“ დევიდ იგნასიუსი აღნიშნავს, რომ არჩევნებისწინა პერიოდში როგორც მმართველი პარტიის, ისე მასთან დაპირისპირებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ მეტოქის დისკრედიტაციას და საამისოდ ათასგვარ ხერხს მიმართავენ. „საქართველოში მიმდინარე ბრძოლა, - წერს ავტორი - ვფიქრობ, ზედმიწევნით ადასტურებს, რომ ამქვეყნად, ამა თუ იმ სახით, ყველაფერი მეორდება. ვარდების რევოლუციამ უკრაინის, ირანისა თუ სხვა ავტოკრატული რეჟიმების მმართველებისთვის სააკაშვილი წარმოსახა დემოკრატიული გარდაქმნების შემოქმედად. მაგრამ მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში სააკაშვილის რეჟიმი, შესაძლოა, თავად იქცეს იმის სიმბოლოდ, რასაც ის თავის დროზე ასე შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა: სავარძლებში გამაგრებული ელიტის უარისა, პოლიტიკური ცვლილებები განახორციელოს.“

ლონდონში გამომავალი „ინდეპენდენტი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „საქართველოს აბუ ღრაიბი: პატიმართა წამების საზარელი ამბები“. მისი ავტორი, უილიამ დანბარი, წერს: „ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველომ განვლო გზა კრიმინალით დაღდასმული არშემდგარი სახელმწიფოდან დინამიკურ, უსაფრთხო და ღია ქვეყნამდე. მაგრამ დროდადრო მაინც მიხდება თავში ხელების წავლება და ლამის ქვითინი იმ ქვეყნის ბედის გამო, რომლის მოქალაქეობაც ამაყად მივიღე რამდენიმე თვის წინ.“ და შემდეგ სტატიის ავტორი აღწერს სამშაბათს გავრცელებულ ვიდეომასალაზე აღბეჭდილ კადრებს.

იმავე „ინდეპენდენტის“ მოსკოველი კორესპონდენტის, შონ უოკერის აზრით, პატიმრების წამებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა, შესაძლოა, სერიოზულად გაამწვავოს ვითარება საქართველოში, სადაც „ქვეყნის პროდასავლელმა პრეზიდენტმა სულ მალე ნდობის გამოცდა უნდა ჩააბაროს საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც მისი მთავარი მეტოქე მილიარდერი ოლიგარქი იქნება.“ შემდეგ სტატიის ავტორი წერს:

„არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელებულმა ვიდეომასალამ, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს სააკაშვილის, როგორც რეფორმატორის, რეპუტაციას. ციხეების უწყების ხელმძღვანელი მყისვე გადადგა და სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მართლმსაჯულებას ვერც ერთი დამნაშავე ვერ გაექცევა. ‘ჩვენი ქვეყანა ეყრდნობა ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს და ის აღკვეთს ამ საზარელ ძალადობასო’, მოჰყავს წერილის ავტორს მიხეილ სააკაშვილის სიტყვები.

სტატიაში „საქართველოს ლიდერი კრიზისთან გამკლავებას ცდილობს“ ბრიტანეთის „ფაინენშლ ტაიმსის“ მოსკოველ კორესპონდენტს კორტნი უივერს მოჰყავს პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩევლის რაფაელ გლუკსმანის ნათქვამი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ მეტად სწრაფი რეაგირება მოახდინა პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავებაზე. „წარმომიდგენია, რომ რუსეთში ან აზერბაიჯანში პატიმრებს უმოწყალოდ და თან გამუდმებით სცემენ, მაგრამ ამისთვის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს“, უთხრა გლუკსმანმა „ფაინენშლ ტაიმსს“.

დაბოლოს: 20 სექტემბერს გერმანიის „ფრანკფურტერ ალგემაინემ“ გამოაქვეყნა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც ყურადღება, ძირითადად, გამახვილებულია ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაზე, სირიაში შექმნილ ვითარებასა და ალიანსის როლზე კოსოვოში. მაგრამ ვრცელი ინტერვიუს ბოლო კითხვა საქართველოს ეხება. კერძოდ, „ფრანკფურტერ ალგემაინეს“ კორესპონდენტი ნატოს ხელმძღვანელს ეკითხება: „ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი ამბობს, რომ ნატოში საქართველოს მიღება აღარ უნდა გადაიდოს. არის თუ არა ალიანსი მზად, ეს ქვეყანა გაწევრიანების პროგრამაში ჩართოს?“ რასმუსენის პასუხი ასეთია: „ჩიკაგოში გამართულ სამიტზე ჩვენ ვთქვით, რომ ნატოს კარი ღია რჩება ახალი წევრებისთვის. საქართველოს გაწევრიანების პირობა ჯერ კიდევ 2008 წელს მივეცით, მაგრამ ჯერ მაინც ნაადრევია იმაზე საუბარი, როდის მოხდება ეს. ქვეყანაში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ისინი ლაკმუსის ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიული სიმწიფის დასადგენად.“
XS
SM
MD
LG