Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარევაჭრობის დასასრული?!


გარევაჭრობა
გარევაჭრობა

თბილისის მერიამ დაასრულა დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებიც 19 მარტს მეტრო „მარჯანიშვილიდან“ დაიწყო და 23 მაისს მეტროსადგურ ,,დიდუბისა“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანით დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზრობების ასოციაცია გარემოვაჭრეებს ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით დაუთმობს სავაჭრო ადგილებს კანონიერად მომუშავე ბაზრობებზე. აკმაყოფილებს თუ არა გარემოვაჭრეებს მერიის ეს შეთავაზება და რას ფიქრობენ თბილისელები გარევაჭრობის შესახებ?

გარევაჭრობის დასასრული?!
please wait

No media source currently available

0:00 0:04:58 0:00
გადმოწერა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,დიდუბისა“ და ნაძალადევის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე საათში გაიტანეს გარევაჭრობისთვის განკუთვნილი ხისა და ლითონის უნებართვო კონსტრუქციები. მოგვიანებით გათავისუფლებული ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფის’’ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის, თქმით, 23 მაისიდან გარემოვაჭრეები ამ ტერიტორიაზე ვეღარ დადგებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უმუშევრად დარჩებიან:

„აქვე, ბაზრის ტერიტორიაზე, ბაზრის დირექცასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ხვალიდან 160 მოვაჭრე უკვე ბაზრის ტერიტორიაზე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, თუკი ამის სურვილი ექნებათ, იგივე პირობებით, რომ უსასყიდლოდ დაიკავებენ აღნიშნულ ფართებს. რაც შეეხება გარევაჭრობას. დღეს დავამთავრეთ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებები, ხვალიდან უკვე გადავდივართ გასუფთავებული ლოკაციების შენარჩუნებაზე“.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დიდუბის მეტროსადგურამდე სხვა ადგილებიდანაც გაიყვანეს გარემოვაჭრეები, რომლებიც შეძლებისდაგვარად უწევდნენ წინააღმდეგობას.

თბილისის ერთ-ერთი ბაზარი
თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

„გვაცალონ, ხელს ნუ გვიშლიან. ისევ დაგვსვან, ოღონდ უფრო მოწესრიგებულად, რათა ოჯახები შევინახოთ. ვყიდი წვრილმანს, წინდებს, ცხვირსახოცებს და ა.შ. ბაზარში რომ შევიდე ჩემი წვრილმანით, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებ. ვინ იყიდის ჩემგან?“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ქალმა, რომელიც მეტრო „ახმეტელთან“ ვაჭრობდა.

გარემოვაჭრეებისგან განსხვავებით, თბილისელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუჩაში საყოფაცხოვრებო ნივთებითა და სურსათით ვაჭრობა უნდა აიკრძალოს. აი, რას ამბობენ ისინი:

„გარევაჭრობის გარეშე დასუფთავდება ტერიტორია და ქალაქი სუფთად იქნება. ამ მოვაჭრეებს უნდა გამოუყონ ტერიტორია, სადაც იდგებიან, ჩვენც მივალთ და იქ ვივაჭრებთ“.

„ქუჩაში რომ არავინ იდგება, მყიდველიც შევა ბაზარში. სისუფთავე იქნება, ტრანსპორტი არ შეფერხდება“.

„გარევაჭრობის გამო იყო დიდი სიბინძურე, თან ქუჩაში ნაყიდი სურსათი გწამლავდა“.

„სისუფთავე და თავისუფალი ტროტუარები კარგია, მაგრამ გარემოვაჭრეებიც ცოდოები არიან, რადგან შემოსავლის წყაროს დაკარგავენ. ამიტომ რამე უნდა მოიფიქრონ, ტერიტორია გამოყონ, რომ გარემოვაჭრეებმა თავიანთი საქმიანობა განაგრძონ“.

რა შეიცვლება თქვენთვის, თუ აღარ იქნება გარევაჭრობა?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:29 0:00

გარემოვაჭრეების უფლებების დაცვისთვის იბრძვის ლაშა ჩხარტიშვილი, რომლის თქმითაც, აკრძალვის ნაცვლად, გარევაჭრობას კანონის ჩარჩოებში მოქცევა სჭირდება.

პასუხად თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ბაზრობების ასოციაცია გარემოვაჭრეებს ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექციები კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნიან. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეუძლიათ რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს სტადიონთან, მეტროსადგურ ,,დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებულ ახალი ბაზრის ტერიტორიაზე, ისნისა და სამგორის ბაზრობებზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG