Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვითარების პროექტები იძულებითი განსახლების ხარჯზე


კვლევა განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების შესახებ.
კვლევა განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების შესახებ.
”იძულებითი განსახლება ეს არის გამოსავლის ძიების უკიდურესი ფორმა”, მიაჩნიათ მკვლევარებს, რომლებმაც საქართველოში მიმდინარე განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების საკითხები შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკანასკნელ წლებში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ ტურიზმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელების ფონზე, გარდა პოზიტიური შედეგებისა, ხშირად პროცესს თან სდევს ადამიანების იძულებითი განსახლება, რაც ხშირად მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე ხდება. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ ”მწვანე ალტერნატივა” განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების შესახებ გამოკვლევის პრეზენტაცია 26 ნოემბერს გამართა.

”როდესაც საქმე განვითარების პროექტებით გამოწვეულ იძულებით განსახლებას ეხება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევები”, - ამბობენ გამოკვლევის ავტორები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლები და მიუთითებენ, რომ მათ შორის ყველაზე ხშირი საკუთრების უფლების დარღვევაა. ქეთი გუჯარაიძე, ორგანიზაციის პოლიტიკის ანალიტიკოსი, რადიო თავისუფლებასთან იმ კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს, როდესაც, მისი თქმით, ტურისტული პროექტების განხორციელებას პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების საკუთრება შეეწირა:

”ძალზედ ცნობილი შემთხვევაა მესტია. იქ გავრცელებულია ტრადიციული საკუთრების უფლება, ანუ ადამიანებს ხშირად არ აქვთ რეგისტრირებული ქონება საჯარო რეესტრში, და იქ განხორციელდა ტურიზმის განვითარების პროექტები, რომელთაც შეეწირა ამ ადამიანების საკუთრება. ანალოგიური ვითარება იყო ანაკლიაში, გრიგოლეთში, გონიოში, ასევე გოდერძის უღელტეხილზე - იქ მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ საკუთრება”.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და დიდი ჰესების მშენებლობა, მაგალითად, ხუდონჰესი ...

თუკი გამოკვლევაში მოყვანილ რამდენიმე მაგალითზე შევჩერდებით, წავიკითხავთ, რომ 2010 წელს გონიოში ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების განსახორციელებლად 271 მოქალაქეს ჩამოერთვა კუთვნილი მიწები ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. გოდერძის უღელტეხილზე მცხოვრები 170 ოჯახის საკუთრების უფლება 2011 წელს ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეწირება. თუმცა ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომელთა შედეგადაც მოქალაქეების საკუთრების უფლება შეილახა. ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე ფაქტორად კი მაინც ადამიანების განსახლება რჩება. გამოკვლევის ავტორების მტკიცებით, ამ მიმართულებით საქართველოში არ არსებობს იძულებითი განსახლების/გადაადგილების პრევენციის ერთიანი და თემატური სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტები. არსებობს მხოლოდ სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა და ისიც მხოლოდ მათ მიმართ, ვინც უკვე განიცადა განსახლება, ოღონდ კონფლიქტების გამო.

მანანა ქოჩლაძე, ”მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელი, განსახლების პროცესში იმ საერთაშორისო კონვენციების შესრულებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებთანაც მიერთებულია საქართველო და რომელთა მიხედვითაც მთავრობები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ თითოეული ადამიანის უფლება ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე. მათ შორისაა, გაეროს მიერ მიღებული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. მანანა ქოჩლაძის სიტყვებით, როგორც გამოკვლევამ აჩვენა, წინა ხელისუფლება განვითარების პროექტების განხორციელების პროცესში, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს:
ჩვენ იქ წინაპრების საძვალეს ვტოვებთ. მიცვალებულს ყველა ვერ გადაასვენებს ...

”თუ გავითვალისწინებთ, რომ დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და დიდი ჰესების მშენებლობა, მაგალითად, ხუდონჰესი - მისი მშენებლობის შემთხვევაში რამდენიმე ასეულ ადამიანს მოუწევს განსახლება, ნამანხვანჰესის შემთხვევაში საუბარია 800 ადამიანზე. საქართველოსთვის ეს რიცხვი ძალიან დიდია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება”.

მანანა ქოჩლაძის მიერ ნახსენები ხუდონის ჰიდროელექტროსადგური ის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომლის განხილვაც წელიწადზე მეტია არაერთი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს და რომელშიც სოფელ ხაიშის მკვიდრნიც იღებენ მონაწილეობას. პროექტის მიხედვით, სოფელი ხაიში ხუდონჰესისთვის დაახლოებით 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობის შედეგად უნდა დაიტბოროს. აი, რას ამბობს ზურაბ ნიჟარაძე, სოფლის მკვიდრი, პროექტის ერთ-ერთი განხილვის დროს:

”მე ვერ ვგრძნობ თქვენს ტკივილს. პირველ რიგში, უნდა ვილაპარაკოთ ადამიანის ფაქტორზე. ჩვენ იქ წინაპრების საძვალეს ვტოვებთ. მიცვალებულს ყველა ვერ გადაასვენებს. გაითავისეთ ეს პრობლემა. თითქოს თქვენ ხართ ჩვენს ადგილას, თითქოს თქვენ უნდა აიყაროთ იმ ადგილებიდან და, აი, ამ კუთხით შეხედეთ პრობლემას და შემდეგ შევაფასოთ ტექნიკური მხარე, ეკონომიკური მხარე და ა.შ.”.

გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, რომ აუცილებელია განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების სფეროში ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებისა და საკუთრების დაცვას. ამ პროცესში მთავარ კოორდინატორ სამინისტროდ კი ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ტეროტიროებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ასახელებენ. მათი განცხადებით, სწორედ აღნიშნულ სამინისტროს მანდატში შედის ეკოდევნილების განსახლების განხორციელება. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების პროცესის სწორი დაგეგმვა მათ კომპეტენციაში უნდა მოექცეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველი ეკა გულუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სამინისტრო გადახედავს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და ამის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ის მიიჩნევს, რომ განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება ეს არის საკითხი, რომელიც დევნილთა სამინისტროს პირდაპირ კომპეტენციაში არ შედის და ის მუნიციპალიტეტების ზედამხედველობით უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG