Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე: აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს საქართველო „კარგ ფორმაში“ ხვდება


ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. მან ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ იმ მხარდამჭერი ანგარიშისთვის, რომელიც კომიტეტმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტამდე მცირე ხნით ადრე მიიღო. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარებმა მიხეილ ჯანელიძეს შეკითხვებიც დაუსვეს.

  • „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი დაგეგმილია 24 ნოემბრისთვის ბრიუსელში
  • სამიტის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშს „აღმოსავლეთის პარტნიორობის” შესახებ
  • ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

​ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღის წესრიგსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე ილაპარაკა, ანუ იმაზე, თუ რას ელის საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისგან. მისი სიტყვებით, ქართველი ხალხისთვის, რომლისთვისაც ევროინტეგრაციის არჩევანი უპირობოა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერას და ამ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს „კარგ ფორმაში“ ხვდება. მისი თქმით, საქართველო მზად არის უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. მინისტრმა მოლოდინებზეც ილაპარაკა, რომელიც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს -სამიტის წინ აქვს:

„პირველი - ეს არის ევროკავშირის მზაობა პატივი სცეს და მხარი დაუჭიროს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, არჩევანს და ღია ჰქონდეს კარი. მეორე - შემუშავდეს ფინანსური მხარდაჭერის ახალი ინსტრუმენტები, რათა ასოცირებულმა პარტნიორებმა უკეთ განახორციელონ რეფორმები და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაცია. მესამე - უფრო მეტი კომუნიკაცია, საბაზრო შესაძლებლობები და განათლება, რომელიც პოლიტიკის ცალკე არეალად შეიძლება იქცეს. ეს დააახლოებს საზოგადოებებს, გააღრმავებს მათ ფასეულობათა ურთიერთპატივისცემას“.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში გატარებული რეფორმების კონტექსტში ილაპარაკა საკონსტიტუციო რეფორმასა და ვენეციის კომისიის დასკვნაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპაციის თემას და აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებთან აფორმებს ე. წ. შეთანხმებებს, რაც ოკუპირებული ტერიტორიების სრულ ანექსიას ემსახურება. რუსეთი აძლიერებს სამხედრო ბაზებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსული ჯარი საფრთხეა ქვეყნისთვის. ამასთან, მიხეილ ჯანელიძის თქმით, რთული მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, ვინაიდან იქ ეთნიკური ნიშნით დევნიან მოქალაქეებს, გალში მცხოვრები ქართველები უცხოდ გრძნობენ თავს. მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

კონფლიქტის ზონის მცხოვრებნი ენგურის ხიდზე
კონფლიქტის ზონის მცხოვრებნი ენგურის ხიდზე

ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა თავის სიტყვაში თქვა, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა აზიანებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ურთიერთობასო. ამასთან, შენიშნა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს იმის მსგავსი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ, როგორიც აქვს ევროკავშირსო. რებეკა ჰარმსი დეტალებს არ ჩაღრმავებია, თუმცა, სავარაუდოდ, მან იგულისხმა თბილისში ანკარის მოთხოვნით დაკავებული დემირელის სკოლის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, საქმე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხის გაცემა მოუწია ასევე თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე. ჯანელიძემ განმარტა, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების დასრულებამდე კი ქვეყნის მთავრობამ შესაბამისი ზომები მიიღოო.

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ შეხვდა ევროპარლამენტარებს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის, საჯად ქარიმის, განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ:

„ძალიან სასიამოვნო იყო მინისტრთან შეხვედრა, ევროპარლამენტში მისი ვიზიტის ფარგლებში. ეს შეხვედრა განხორციელდა ცოტა ხნის წინ თბილისში გამართული საპარლამენტო დიალოგის ფონზე. ჩვენ, ევროპარლამენტის შეხედულებიდან გამომდინარე, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და განმტკიცებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებმა შეძლონ მნიშვნელოვანი როლის შესრულება ამ მიზნის მიღწევაში“.

მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

ევროპარლამენტის დეპუტატის, ლაიმა ანდრიკიენეს, თქმით, ევროპარლამენტი ასრულებს მუშაობას რეკომენდაციებზე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვის, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება ბრიუსელში. საგარეო საქმეთა კომიტეტში პროექტს მხარდაჭერა აქვს - ის ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა და, შესაბამისად, რაიმე სახის მოულოდნელობა არც პლენარულ სხდომაზეა სავარაუდო:

„ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს მომავალზე და სამიტმა უნდა შეიტანოს ახალი დინამიკა და ჩამოაყალიბოს პოლიტიკის სამომავლო ხედვა. მომავალზე საუბრისას, ჩვენ ვთავაზობთ ე. წ. „აღმოსავლეთის პარტნიორობა +-ის“ ფორმატს, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ ახალ საინვესტიციო გეგმას, პირველ რიგში, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი. ჩვენ მათზე გავაკეთებთ აქცენტს და ჩამოყალიბდება სპეციალური ფონდი, ასევე სპეციალური მხარდაჭერის მექანიზმი, ფინანსური ინსტრუმენტი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასოცირების შეთანხმება აქვთ, რათა მათ დავეხმაროთ ვალდებულებების შესრულებაში და, სამომავლოდ, ინტეგრაციაში შენგენის სივრცეში, საბაჟო კავშირში, ციფრულ კავშირში, ენერგეტიკულ გაერთიანებაში, სატრანსპორტო ქსელსა და ჩვენს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში“.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი დაგეგმილია 24 ნოემბრისთვის ბრიუსელში. სამიტის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშს „აღმოსავლეთის პარტნიორობის” შესახებ. ანგარიშს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ეყრება კენჭი. კომიტეტის დონეზე მხარდაჭერილ დოკუმენტში ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს რეკომენდაციით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან არ არის ევროკავშირთან ურთიერთობის საბოლოო მიზანი და, ამდენად, სამიტმა საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, ასევე, სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG