Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის დაახლოებას ევროკავშირთან


ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი გამოდის მოწოდებით, გამკაცრდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც ევროკავშირთან დააახლოებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას.

კომიტეტმა 10 ოქტომბრის კენჭისყრაზე დაუჭირა მხარი ამ რეკომენდაციებს. 24 ნოემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტია დაგეგმილი.

ევროპარლამენტის კომიტეტის რეკომენდაციები

  • საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი სანქციების დაწესებას
  • საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, შეიქმნას საგანგებო ფონდი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის.

რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ძალის და ევროკავშირის სახელმწიფოებისა თუ მთავრობების ხელმძღვანელებს შეეძლებათ მათი უგულებელყოფა, როცა თავიანთ კოლეგებს შეხვდებიან პროგრამის ექვსი ქვეყნიდან. „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მოიცავს ასევე სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელორუსიას. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ევროპის პარლამენტის პლენარული სხდომა სამიტამდე ცოტა ხნით ადრე მხარს დაუჭერს დოკუმენტს.

დოკუმენტში ევროკავშირის მიმართ გამოთქმულია მოწოდება შემუშავდეს „მომხიბვლელი, გრძელვადიანი მოდელი „აღმოსავლეთის პარტნიორობა-პლუსი“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც უკვე გააფორმეს ასოცირების შეთანხმებები. ამ შეთანხმებებმა, შესაძლოა, საბოლოო ანგარიშით, შედეგად მოიტანოს გაწევრიანება „საბაჟო კავშირში, ენერგეტიკის კავშირში, დიგიტალურ კავშირსა და შენგენის ზონაში“.

ამავე დროს, დოკუმენტი გამოდის მოწოდებით მყისიერად გატარდეს გარკვეული ზომები - მაგალითად, დაინერგოს დამატებითი ცალმხრივი სატარიფო შეღავათები, დაწესდეს კონკრეტული ვადები პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის როუმინგის ტარიფების აღმოსაფხვრელად და სხვა.

საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას გაფორმებული აქვთ ასოცირების შეთანხმებები ევროკავშირთან.

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახლა მართავენ მოლაპარაკებას იმის შესახებ, აღიარონ თუ არა ამ სამი ქვეყნის „ევროპული მისწრაფებები“ სამიტის საბოლოო დეკლარაციაში და ამ გახანგრძლივებული მოლაპარაკების ფონზე ევროპის პარლამენტის ინიციატივა უფრო მეტ მხარდაჭერას ავლენს.

ევროპარლამენტის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებები არ წარმოადგენს ამ სამი ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროკავშირთან ურთიერთობაში.

სხვა ინიციატივები, რომლებსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მოიცავს საგანგებო ფონდის შექმნას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის. ფონდი კონცენტრაციას მოახდენს კერძო და საჯარო ინვესტიციებზე, ასევე შესაძლებლობაზე დონორთა კონფერენცია გაიმართოს უკრაინის დასახმარებლად, იმ ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინებით, რომელიც აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტმა და ყირიმის ანექსირებამ წარმოშვა.

ყირიმი, სიმფეროპოლი
ყირიმი, სიმფეროპოლი

რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსირება. ის მხარს უჭერს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მიმდინარე კონფლიქტს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი სანქციების დაწესებას, თუმცა აღნიშნა, რომ, სადამსჯელო ზომების მიუხედავად, „ბოლო წლებში რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა მაინც გაიზარდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG