Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამათი კონსტიტუციის გარშემო


საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. 24 ივნისს გამართულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ისინი ამ პროექტს ბოიკოტს უცხადებენ. ცვლილებები შეეხება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წესს და სხვა საკითხებს.

კამათი კონსტიტუციის გარშემო
please wait

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00
გადმოწერა


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ ცვლილებების პროექტს უწოდებს "ევროპული ტიპის კონსტიტუციას".

"არა მარტო ზოგადად კონსტიტუციაა აგებული საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე, არამედ თითოეული ნორმა არის ამ სტანდარტებზე აგებული".

მმართველმა პოლიტიკურმა გუნდა მოახერხა და ერთპარტიულად მიიღო კონსტიტუცია... მოტყუებულია ქართული საზოგადოება, მოტყუებულია ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო კომისიის ის წევრები, რომლებიც იქ მანამდე მუშაობდნენ...
გიორგი აბაშიშვილი

პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი 115 ხმით დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით, ხოლო პრეზიდენტი ხუთის ნაცვლად ექვსი წლის ვადით აირჩევა. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ეს ერთჯერადად მოხდება, რათა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ერთდროულად ჩატარდეს, როდესაც ძალაში შევა ნორმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი ჩატარდება შერეული სისტემით, სადაც პროპორციული სისტემით აირჩევა 77, ხოლო მაჟორიტარულით - 73 დეპუტატი. პარლამენტში კი შევლენ ის კანდიდატები, რომლებიც დააგროვებენ ამომრჩეველთა ხმების სამ პროცენტს მაინც.

ამ ცვლილებებს ემიჯნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პარტიები. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, კონსტიტუციის ამ პროექტს აქვს დაბალი ლეგიტიმაცია:

"მმართველმა პოლიტიკურმა გუნდა მოახერხა და ერთპარტიულად მიიღო კონსტიტუცია... მოტყუებულია ქართული საზოგადოება, მოტყუებულია ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო კომისიის ის წევრები, რომლებიც იქ მანამდე მუშაობდნენ".

საკონსტიტუციო ცვლილებები შეეხება მიწის გასხვისებასაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის ყიდვა გართულდება.

ლიკა საჯაია
ლიკა საჯაია

კონსტიტუციის პროექტს ბოიკოტს უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, ლიკა საჯაია ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთპიროვნულად ადგენს საპარლამენტო უმრავლესობა, რის გამოც ამ საკითხზე მსჯელობას უკვე აზრი ეკარგება:

"საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი არსი იყო წინასაარჩევნო სისტემის შეცვლა. საბოლოოდ კი მივიღეთ რეალობა, როცა ვენეციის კომისიას გადაეგზავნა ვერსია, რომლის თანახმადაც, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, რაც ჩვენც დადებითად შევაფასეთ. შემდეგ კი ერთ დღეში გადაწყვეტილება შეიცვალა და მივიღეთ ის, რომ ახალი წესი 7 წლის შემდეგ ამოქმედდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი არ შეიძლება შევაფასოთ, როგორც სერიოზული და მნიშვნელოვანი".

კონსტიტუციის პროექტს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG