Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნალური დახმარებების სუბსიდირება მიზნობრივი ხდება


ავტორი: ირინა გურული

დედაქალაქის ხელისუფლება ზოგიერთი სოციალური პროგრამის საყოველთაოდან მიზნობრივად გარდაქმნას გეგმავს. ამას მოწმობს მერიის სოციალური სამსახურის უფროსის განცხადება, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ბოლოდან კომუნალური ვაუჩერები ყველა ოჯახს აღარ გადაეცემა. სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დღეს არის ისეთი ოჯახები, რომელთაც სოლიდური შემოსავალი აქვთ და რომლებიც ვერ გრძნობენ ვაუჩერის დარიცხვას.

ეს მიდგომა ახალი არ არის და საქართველოს პირობებში, როცა საბიუჯეტო სახსრები საკმაოდ შეზღუდულია, სოციალური საჭიროებები კი - საკმაოდ ბევრი, სწორი და ადეკვატური მიდგომა გახლავთ.

ზოგადად, საყოველთაოდან მიზნობრივ სოციალურ დახმარებებზე გადასვლის პრაქტიკა, თუ ეს არ იქნა გამონაკლისი და სხვა პროგრამებზეც დაინერგა, შესაძლოა ნაკლებად პოპულარული იყოს საზოგადოებაში, თუმცა მეტად ეფექტური იქნება სწორედ ამავე საზოგადოებისთვის, რადგან დახმარებას მიიღებს სწორედ ის, ვისაც ეს სჭირდება და, ამასთან, დაიზოგება თანხები იმისათვის, რომ ქალაქის (თუ ქვეყნის) სხვა საჭიროებებიც დაფინანსდეს.

მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარებების ბენეფიციარები საქართველოში არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები ან მარჩენალდაკარგული ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შესაძლოა - დევნილები და ა.შ.. ბენეფიციარების განსაზღვრის პროცესში მუდმივად არის ხოლმე გაურკვევლობა და კითხვები, მაშინ როცა მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმი იყოს ნათელი, ყველასთვის გასაგები და ობიექტური.

2014 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გამოიყოფა 250-250 ლარი, ხოლო ყველა სხვა ოჯახზე 100-100 ლარი. მიზნობრივი დახმარების პირობებში კი შესაძლებელია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარება 500 ლარამდე გაიზარდოს. 2014 წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერების დასაფინანსებლად გამოყოფილი იყო 43 მლნ ლარი.

მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ამჯერად საუბარია არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, არამედ სხვა ოჯახებზეც, რომელთა შემოსავალი საკმაოდ მცირეა და რომლებიც ზამთრის პერიოდში მაინც საჭიროებენ კომუნალურ სუბსიდიებს. ამიტომ დღეს არსებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა თუ სხვა სიები, ცხადია, ამჯერად ვერ გამოდგება.

ამ მიზნით მერია გეგმავს შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც „არა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე“ მიზნობრიობას და საჭიროებას განსაზღვრავს. მერია ამ კომისიის საშუალებით აპირებს შექმნას მექანიზმები, რომლებიც გარდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისა, სხვა დანარჩენი ოჯახების იდენტიფიცირების მექანიზმებს შეიმუშავებს, ასევე განსაზღვრავს იმ თანხების ოდენობას, რომლითაც მათი კომუნალური ხარჯების სუბსიდირება უნდა მოხდეს.

ცხადია, ეს არ არის მარტივი პროცესი და მკვეთრი და ნათელი კრიტერიუმების გარეშე მნიშვნელოვან კორუფციულ საფრთხესაც შეიცავს. დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობის თანხმობაც დასჭირდება.

ამ ეტაპზე ოჯახების შერჩევის კრიტერიუმზე საუბრისას სოციალური სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ გათვალისწინებული იქნება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შემოსავლები, რომლებიც აღირიცხება ფინანსთა სამინისტროში; აგრეთვე არის სხვადასხვა ბაზები - იგივე, მაგალითად, ინდმეწარმეობის ბაზები; ფისკალურად მათ მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა და ა.შ. მისივე თქმით, სახელმწიფო აღრიცხავს სხვადასხვა შემოსავალს, რომელიც აქამდე არ იყო გათვალისწინებული ამ პროგრამაში. კომისია, რომელიც გადაწყვეტს, რომელ ოჯახს უნდა მიეცეს კომუნალური ვაუჩერი, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, 2015 წლის იანვარ-თებერვალში შეიქმნება. დიდი ალბათობით, ეს ახალი კრიტერიუმები 2015 წლის ბოლოდან, ძირითადად 2016 წელს ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG