Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - უკან, მეორე კალათაში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლოგო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლოგო
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს მაჩვენებელი ადამიანებით ვაჭრობის - ტრეფიკინგის - თვალსაზრისით გაუარესდა - ქვეყანამ პირველი კალათიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა. საქართველო რჩება ტრეფიკინგის წყაროდ, სატრანზიტო და მიმღებ ქვეყნად, ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ წლიურ ანგარიშში, რომელიც 19 ივნისს გამოქვეყნდა. ამერიკის კონგრესის მიერ დადგენილი სამი კალათის პრინციპის თანახმად, მეორე კალათაში ხვდებიან ისეთი ქვეყნები, რომელთა მთავრობებიც ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად გარკვეულ ზომებს მიმართავენ, მაგრამ მათი მუშაობა არც ისე ეფექტურია.

საქართველო, ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად ინარჩუნებდა ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში. ავსტრიის, ბელგიის, დანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის გვერდით საქართველოც დღემდე რჩებოდა ე.წ. პირველ კალათაში, თუმცა 2013 წელს სურათი შეიცვალა - საქართველო უკან, მეორე კალათაში დაბრუნდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი მარკ ჰულსტი ყველაზე სამწუხარო ფაქტად, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშზე საუბრისას, სწორედ ამას ასახელებს:

„მთელი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველო პირველ კალათაში იყო, წელს კი მეორე კალათაში აღმოჩნდა, რაც პირველზე უარესია. გამოძიებაში ცალსახად წერია, რომ ბოლო წლის განმავლობაში იკლო გამოძიებების რიცხვმა და ტრეფიკიორების წინააღმდეგ გამოტანილმა სასჯელმაც, ასევე ნაკლებია ტრეფიკინგის იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც საქართველომ უკან დაიწია“.
მარკ ჰულსტი
მარკ ჰულსტი

მარკ ჰულსტი ასევე მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა საქართველოს, როგორც მიმღები ქვეყნის, როლი:

„საქართველოს, როგორც მიმღები ქვეყნის, როლი ასევე გაზრდილია და ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება. გააჩნია, როგორ განვითარდება საქართველოს სავიზო პოლიტიკა სხვა ქვეყნებთან. ამას გარდა, თუ საქართველო ეკონომიკურად წინსვლას განაგრძობს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ ის კვლავაც დარჩება მიმზიდველ ქვეყნად იმ უცხოელებისათვის, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში უარეს პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად, უზბეკეთის მოქალაქეებისათვის მიმზიდველ ადგილებად ბათუმი და თურქეთის ქალაქები რჩება“.

„საქართველოდან ქალები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით კვლავაც მიჰყავთ თურქეთში, არაბეთში, შედარებით უფრო ნაკლებად - ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანისა და ავსტრიაში. ასევე ქალები უზბეკეთიდან და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდანაც ჩაჰყავთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონაში - ბათუმსა და გონიოში, სადაც მათ პროსტიტუციას აიძულებენ. უცხოელები ასევე მუშაობენ საუნებში, სტრიპტიზ კლუბებსა და სასტუმროებში“, - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

მასში ასევე საუბარია შრომით ტრეფიკინგზე, მათ შორის, ბავშვებში. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა მნიშვნელოვანი მცდელობები აქვს. მთავრობის ინიციატივით არაერთი საჯარო მოხელე გადამზადდა ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მოქმედებს ორი სახელმწიფო თავშესაფარიც, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში შემცირებულია სამართალდამცავების აქტიურობა. ტრეფიკინგის დანაშაულზე შესაბამისი მუხლით მხოლოდ რამდენიმე ეჭვმიტანილზე აღიძრა საქმე. გამოწვევად რჩება მსხვერპლთა იდენტიფიკაციაც.
უფრო მნიშვნელოვანი გახდა შრომითი ექსპლუატაცია. მე ვფიქრობ, როცა დანაშაულის ხასიათი იცვლება, ესეც პრობლემაა, რადგან საქართველოს - და არამხოლოდ საქართველოს - სამართალდამცა-ვებისათვის მსხვერპლთაგან ჩვენების მიღება კიდევ უფრი გართულდება...
მარკ ჰულსტი

მეტი მცდელობა მსხვერპლთა დასაცავად, ეფექტური გამოძიება, სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა, საინფორმაციო კამპანიების გააქტიურება - ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს.

ანგარიშში ასევე წერია, რომ გამოძიებების რიცხვი 2011 წლიდან 2012 წლამდე 16-დან 7-მდე შემცირდა. საანგარიშო პერიოდში სამ უზბეკ ქალს, ორ ქართველ მამაკაცს და 13 ქართველ ქალს მიანიჭა მთავრობამ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი. ამ 18 მსხვერპლიდან რვას პროსტიტუციას აიძულებდნენ, დანარჩენი ათი კი შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო. 2012 წელს თურქეთში შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა 22 ქართველი, რომლებიც საქართველოში დააბრუნეს, თუმცა ისინი სახელმწიფოს არ უცნია მსხვერპლად და, შესაბამისად, მათ არც სათანადო დახმარება მიუღიათ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ორი სახელმწიფო თავშესაფარი მოქმედებს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იქ 17 ადამიანს გაეწია სამედიცინო, ფსიქილოგიური და იურიდიული დახმარება, ხუთმა სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარებაც მიიღო, თითომ - 650$-ის ოდენობით.

მარკ ჰულსტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე აცხადებს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი უმრავლეს შემთხვევაში ამ დანაშაულზე ღიად საუბარს ერიდებიან, მათ უჭირთ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებსაც, ამიტომ ზუსტი რიცხვის დასახელებას, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ადამიანებით ვაჭრობას, არასამთავრობო სექტორი ერიდება. ასეთი ზუსტი მონაცემი არც არსებობს. საინტერესო ტენდენციაა, რომ ბოლო წლებში ამ დანაშაულმა, გარკვეულწილად, ხასიათი შეიცვალა:

„თუ ადრე იყო უფრო უხეში ექსპლუატაციის ფორმები, თუნდაც იძულებითი პროსტიტუციის სფეროში, დღეს ეს ან ასე აღარ არის, ან არ ჩანს, ან თავად დაზარალებული არ მიიჩნევს საკუთარ თავს მსხვერპლად. უფრო მნიშვნელოვანი გახდა შრომითი ექსპლუატაცია. მე ვფიქრობ, როცა დანაშაულის ხასიათი იცვლება, ესეც პრობლემაა, რადგან საქართველოს - და არამხოლოდ საქართველოს - სამართალდამცავებისათვის მსხვერპლთაგან ჩვენების მიღება კიდევ უფრი გართულდება“.
მარტივია მიზეზი, რატომაც გადავედით პირველი ჯგუფიდან მეორეში - ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც პოლიცია არ იძიებდა და ხშირად თვალს ხუჭავდა იმაზე, რაც აჭარაში ხდებოდა...
ნანა ნაზაროვა

„ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ წარმომადგენელ ნანა ნაზაროვას, რომელიც წლებია ტრეფიკინგის საკითხზე მუშაობს, საქართველოს უკუსვლა არ გაჰკვირვებია. მისი შეფასებით, მეორე კალათაში საქართველოს დაბრუნება იმან გამოიწვია, რომ ტრეფიკინგი საქართველოში ორგანიზებული დანაშაული იყო:

„მარტივია მიზეზი, რატომაც გადავედით პირველი ჯგუფიდან მეორეში - ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც პოლიცია არ იძიებდა და ხშირად თვალს ხუჭავდა იმაზე, რაც აჭარაში ხდებოდა“.

ნანა ნაზაროვას თქმით, ტრეფიკინგის, როგორც დანაშაულის, გამოძიება მარტივი არ არის და განსაკუთრებულ სირთულეს მტკიცებულებების მოპოვება წამოადგენს, თუმცა, მისი თქმით, პოლიციის მხრიდან ყველა რესურსის გამოყენების და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის გახსნა შესაძლებელია. ნანა ნაზაროვას მოჰყავს ორი თვის წინანდელი საქმე, - მასში თავადაც იყო ჩართული, - როდესაც ტრეფიკინგის მსხვერპლმა ორმა უზბეკმა გოგონამ ბათუმში პოლიციასთან ითანამშრომლა. მათ სახლში დაბრუნება შეძლეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდა გამოძიება და დაისაჯა თუ არა დამნაშავე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარკ ჰულსტი მიიჩნევს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაში ყველა ის აქტივობაა ჩამოწერილი, რაც სახელმწიფომ ამ დანაშაულთან ბრძოლისათვის უნდა გააკეთოს და რასაც რეკომენდაციებად სთავაზობს კიდეც საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმები 2006 წლიდან მუშავდება. ბოლო - 2013-2014 წლის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმა 2013 წლის თებერვალში შემუშავდა და მარტში დამტკიცდა. ეს გეგმა მოიცავს ტრეფიკინგის პრევენციას, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა-დახმარებას, დანაშაულის ეფექტურ გამოძიებას... რა გაკეთდა სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან დღემდე და რით ახსნის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას საქართველოს მიმართ?
2013 წლის მეორე კვარტალში დაწყებული გამოძიებები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, აღარ ექცევა სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ საანგარიშო პერიოდში. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, მათ აპრილში დაწყებული გამოძიებები ანგარიშში არ შეიტანეს...
თეიმურაზ ანთელავა

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ანთელავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მეორე კალათაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს გადაყვანა ჯერ კიდევ წინა საანგარიში პერიოდშიც მოიაზრებოდა, თუმცა გარკვეული მოსაზრებების გამო მაშინ ეს პროცესი გადაიდო. მეორე კალათაში საქართველოს გადანაცვლება უსიამოვნო ფაქტია, ამბობს თეიმურაზ ანთელავა, თუმცა ეს სისტემურ კატასტროფას არ ნიშნავს:

„მაგალითად ისიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ამავე კალათაში საქართველოს გვერდით არის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაც. რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს, რომლითც საქართველო წელს მოექცა მეორე კალათში, ეს არის გამოძიებების რაოდენობის კლება, რაც უკავშირდება საგამოძიებო ორგანოებში გარკვეული დროის მანძილზე მიმდინარე გარდამავალ პერიოდს და ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს და იმასაც, რომ 2013 წლის მეორე კვარტალში დაწყებული გამოძიებები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, აღარ ექცევა სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ საანგარიშო პერიოდში. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, მათ აპრილში დაწყებული გამოძიებები ანგარიშში არ შეიტანეს“.

ამ დროისათვის, თეიმურაზ ანთელავას თქმით, მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, ეწყობა დისკუსიები ტრეფიკინგის თემაზე, სტარტი აიღო ევროკავშირის, იუნუსეფის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა პროექტმაც, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად, შეიქმნა ტრეფიკინგის კუთხით საკანონმდებლო ხარვეზებზე მომუშავე ჯგუფი, ჩამოყალიბდა სამართალდამცავებით დაკომპლექტებული შემოწმების მობილური ჯგუფი და ეს დაგეგმილი ღონისძიებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. თეიმურაზ ანთელავას იმედი აქვს, რომ გაკეთებული საქმე მომავალ წელს შედეგზე აისახება. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია უკვე დაწყებული საქმეებისა, რასაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მომდევნო წლის ანგარიშში გაითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG