Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია შეწყდა, აქცია გრძელდება


ცოცხალი ჯაჭვი სახელმწიფო კანცელარიასთან
ცოცხალი ჯაჭვი სახელმწიფო კანცელარიასთან

„სოკართან“ დადებული ხელშეკრულება, ვარაუდები ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ირგვლივ და მეშახტეები, რომლებიც ხელფასების ხუთპროცენტიან ზრდას დასჯერდნენ - ასეთი იყო კვირის მთავარი თემები. გარდა ამისა, მშვიდობიანად დასრულდა დაპირისპირება ადიგენში, სადაც ქრისტიანები და მუსულმანები სასაფლაოს ვერ იყოფდნენ, სახალხო დამცველმა კი ხელისუფლებას ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად რეკომენდაციები წარუდგინა.

1 მარტს ტყიბულელმა მუშებმაშეწყვიტეს გაფიცვა, რომელიც 14 თებერვალს ხელფასის 40 პროცენტით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნითდაიწყო. ბიზნესომბუდსმენთან, პროფკავშირებსა და კომპანიის წარმომადგენლებთან 29 თებერვალს გამართული 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ მეშახტეები შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმდნენ. როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ამბობენ, ეს მაქსიმუმი იყო, რისი შეთავაზებაც კომპანიას მუშებისთვის შეეძლო, თუმცა შრომის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შედეგით კმაყოფილი არ არის. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საერთო სახელფასო ფონდი 5 პროცენტით გაიზრდება და მეშახტეებისა და მაღალი რისკის სამუშაოს შემსრულებლების ხელფასი 7 პროცენტით მოიმატებს.

ეს შეთანხმება აეჭვებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტს, ლინა ღვინიანიძეს. მისი თქმით, რამდენად სამართლიანია გარიგება, მუშების გადასაწყვეტია, თუმცა საკითხავია, რამდენად ეთანხმება ამ პირობებს ყველა გაფიცული მეშახტე:

საპროტესტო აქცია ტყიბულში
საპროტესტო აქცია ტყიბულში

„ძალიან ბევრ მუშას გავესაუბრეთ. მათი ნაწილი ამბობდა, რომ შეთანხმება მათთვის მისაღებია, ნაწილი ამბობდა, რომ - არა და ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რა ტიპის შეთანხმება დაიდო. ეს ნიშნავს, რომ პროცესი, რომელიც წარიმართა, ხარვეზული იყო. ამ პროცესიდან მუშების ძალიან დიდი ჯგუფი გამორიცხული იყო და ეს გარემოებები, მუშათა გათიშულობა მოლაპარაკებებიდან და მათი თანხმობის გარეშე შეთანხმების მიღწევა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“.

1 მარტს კი პარლამენტში დაიწყო საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. საუბარია იმ საგადასახადო შეღავათების აღდგენაზე, რომლებიც ტყიბულელებს ე. წ. მთის კანონის ამოქმედებამდე ჰქონდათ. ლინა ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია და მუშებისთვის დამატებითი შეღავათი იქნება, თუმცა სახელმწიფომ ქვეყანაში მძიმე მრეწველობაში დასაქმებულთა პრობლემებს უფრო ფართოდ უნდა შეხედოს, რაც შრომის ინსპექციის ამუშავებას და სამუშაო პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებას ნიშნავს.

500 მილიონი კუბური მეტრი - სწორედ ამ დამატებითი რაოდენობის ბუნებრივ აირს მიიღებს საქართველო აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარისგან“. 4 მარტს თბილისში მოეწერა ხელი საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულნავთობკომპანია "სოკარს" შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმადაც, საქართველო დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, ხელშეკრულების პირობების თანახმად, შემცირდება "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა, „სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

საქართველოს მთავრობამ საუბარი იმის შესახებ, რომ ბუნებრივი აირის მზარდი მოხმარების გამო ქვეყანას დამატებითი მოცულობების მოძიება ესაჭიროებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ხელისუფლება მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთთანაც და, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ის ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საქართველოს მხრიდან „გაზპრომში“გაგზავნილია შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ძველი კონტრაქტის პირობებით ურთიერთობას:

„გაგაცნობთ შეთავაზების პირობებს, რომელიც ქართულმა მხარემ შესთავაზა „გაზპრომს“: დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ ბუნებრივი აირის 10 % მივიღოთ ნედლეულის სახით. დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს. საქართველო მომავალი წლების მანძილზე იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით“.

მიუხედავად ამ ხელშეკრულებისა, 6 მარტს ნაციონალურმა მოძრაობამ მაინც გამართა აქცია სახელწოდებით „არა გაზპრომს“. აქციის მონაწილეებმა გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის საელჩომდე. აქციის მონაწილეები ქვეყანაში რუსეთისა და „გაზპრომის“ ინტერესების გატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

რაც შეეხება მოსალოდნელ არჩევნებს, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციურ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, კოალიციის შემადგენლობაში რესპუბლიკური პარტიაც იქნება - ეს ინფორმაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურეს როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მათ შორის საგანგებო შეხვედრა 3 მარტს დასრულდა. გადაწყდა, რომ „ქართული ოცნება“ და რესპუბლიკური პარტია საერთო მიზნებისთვის ბრძოლას ორპარტიული თანამშრომლობის შეთანხმებით გააგრძელებენ.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

პირველი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთა:

“მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე, იმისათვის რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის პოზიცია და რესპუბლიკური პარტიის პოზიცია არის ძალიან მყარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას - სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე თემატურს და მოკლევადიანს“.

პოლიტიკურ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძისთვის გაუგებარია, რას შეიძლება ნიშნავდეს კოალიციის შიგნით სტრატეგიული თანამშრომლობა და ორპარტიული ურთიერთობა. იგი ფიქრობს, რომ გამოსავალი, რომელიც ამ შეთანხმებების სახით მოჰყვა შიდაკოალიციურ დაპირისპირებას, რეალურად რესპუბლიკური პარტიის დატუქსვაა. რაც შეეხება პროცესებს, რომელიც კოალიციაში შესაძლოა განვითარდეს, თორნიკე შარაშენიძე ამბობს:

“მე უფრო მგონია, რომ ისინი ეძებენ უფრო გარეთ ახალ სახეებს. ახალი პარტიის მოძიება, ალბათ, შეუძლებელია. ახალ სახეებს ეძებენ ინდივიდუალურად, მე ესე მგონია. ახალგაზრდებში მუშაობენ უფრო მეტად, რაც კარგია, უნდა მივესალმოთ ამას, მაგრამ რამდენად მოახერხებენ, არ ვიცი, იმიტომ რომ მათ უნდათ, რომ მიუერთდნენ სერიოზული ადამიანები, ამისათვის კი, ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოყალიბდნენ, რა პლატფორმა აქვთ. მათი პლატფორმა 2012 წელს იყო „ძირს „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილი“, მერე იყო 9 წელი, 9 წელი. მობეზრდა ხალხს ეს 9 წელი, ახალი რამის გაგონება უნდა, ფაქტია“.

ალექსი პეტრიაშვილი და ირაკლი ალასანია
ალექსი პეტრიაშვილი და ირაკლი ალასანია

კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს თბილისში, ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე. გასულ კვირაში პეტრიაშვილს გაუკეთეს ორი ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. პეტრიაშვილისადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ დაკითხვისას ალექსი პეტრიაშვილმა დეტალურად აღწერა, რა ხდებოდა თავდასხმის ადგილზე და გამომძიებლებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდა. ლევან სამუშიას შეფასებით, ეს განზრახ მკვლელობის მცდელობა იყო.

შეკვეთილი თავდასხმის ვერსიაზე 27 თებერვალს ყურადღება გაამახვილა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემაც, როდესაც ის მეგობრის მოსანახულებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა:

​"ფაქტია ის, რომ ალექსის თავს დაესხა ორი სრულიად უცნობი და საკმაოდ გაწვრთნილი ადამიანი ამ საქმეში. ფაქტია, – ეს ჩემი შეფასებაა, – რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული... ერთი იყო ნიღბიანი, მეორე იყო მაღალი და სახეზე ჰქონდა აფარებული... ყველაფერი წამებში მოხდა და ამიტომ მისი აღწერა ზოგადად შეუძლებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ არც ერთ ამ თავდამსხმელს ალექსი არ იცნობდა“.

26 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია შესაცვლელია და ის განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა ჩანაცვლდეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დანიშნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბატონი ახვლედიანის გათავისუფლება იყო უკანონო...
ეკა გიგაური

28 თებერვალს, გვიან ღამით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამთავრობო კომისიამ შეარჩია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატი, რომელთაგან სამს საქართველოს მთავრობა წარუდგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. თავის მხრივ, ასამბლეა ამ სამი კანდიდატიდან 2016 წლის შემოდგომაზე ერთ-ერთს აირჩევს. სამთავრობო კომისიამ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობდა, შემდეგი ხუთი კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. ყველაზე მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია სწორედ ევა გოცირიძის დასახელებამ, რადგან გოცირიძეს,ლევან მურუსიძის მხარდაჭერისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის გამო, მწვავედ აკრიტიკებდა სამოქალაქო სექტორი.

კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ღია კონკურსის წესით:

„ეს აჩვენებს იმას, რომ მთავრობა არის ღია და სურს, რომ სასამართლო, ომბუდსმენი, ადვოკატები, არასამთავრობო სექტორი და პროფესურა ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული და მადლობა მათ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღეს“.

ცალკე საკითხი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. არჩევნებისამოქალაქო სექტორის მიერ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” ითხოვდა, საბჭოს ნაჩქარევად არ აერჩია საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ვინაიდან ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, მისი გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, მამუკა ახვლედიანი უკანონოდ გათავისუფლდა:

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დანიშნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბატონი ახვლედიანის გათავისუფლება იყო უკანონო და, შესაბამისად, ჩვენ გვინდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ როცა ჩვენ აღვადგენთ ბატონ ახვლედიანს, ის ამ თანამდებობაზე დაინიშნოს“.

ამის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. მიქაუტაძეს საბჭოს 13 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი.

ადიგენელ მუსლიმებსა და ქრისტიანებს ერთი სასაფლაო ექნებათ, რომელიც ორად გაიყოფა. ასეთია ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ დაწყებული მოლაპარაკების შედეგი. 2 მარტს გადაწყდა, რომ ერთ სასაფლაოს ორი შესასვლელი ექნება და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი, რაც ამ დროისათვის ადიგენში არსებულ დაძაბულ ვითარებას განმუხტავს.

დასავლეთ საქართველოს მუფტის ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ეს საუკეთესო გამოსავალია. 21-ე საუკუნეში ადამიანის საფლავი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს:

„ეს გამყოფი ზოლი გამიჯნავს მუსლიმებისა და ქრისტიანების საფლავებს, სასაფლაო კი სოფელში ერთი იქნება. ორივეს თავისი შესასვლელი ექნება. რელიგია მუსლიმებს აძლევს ამის უფლებას. ვფიქრობთ, დღეს ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა“.

მეჩეთი ადიგენის რაიონში
მეჩეთი ადიგენის რაიონში

სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მოსახლეობას შორის ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ დაიძაბა - ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელსა და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

მომხდარს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძეც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG