Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროში დაღუპული მემანქანე, „შეჩერების მექანიზმი“ და „ფოტორეპორტიორების საქმე“


გასულ კვირაში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურაში, სოფელ ითხვისში, პატარიძის სახელობის მაღაროში. წინასწარი ინფორმაციით, მემანქანე მანევრირებისას პარალელური ლიანდაგების ხაზზე მოძრავ ვაგონს დაეჯახა და თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა. პაატა ღავთაძე მაღაროში მემანქანედ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2015 წელს 40 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა სამუშაო ობიექტზე, ამდენივე იყო დაღუპული 2016 წლის ივნისისთვის, ხოლო, დღეის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 43-ს მიაღწია.

როგორც სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე, ისე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთი წელია მოითხოვენ აღდგეს 2006 წელს გაუქმებული შრომის ინსპექცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება არა მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს დამსაქმებლებისათვის, არამედ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონკრეტული სანქციები დააკისროს კომპანიებს. თამაზ დოლაბერიძის თქმით, 2015 წელს შექმნილმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ამ მხრივ სიტუაცია ვერ შეცვალა. მეტიც, 2016 წელი უფრო მარცხიანიც კი გამოდგა:

„შესაბამისად, მთავრობამ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ, მაშ, ეს ჯგუფი არ არის ეფექტური, რადგან მას არ გააჩნია ის უფლებები, რომელიც იმ ფუნქციას არ ასრულებს, რომელსაც ასრულებს, როგორც წესი, შრომის ინსპექცია. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არის ის, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას კანონი სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ და აუცილებლად უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომლის ფუნქცია-მოვალეობები გაწერილი იქნება კანონში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ არსებობს ამგვარი კანონი“.

გასულ კვირას მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ. ე.წ. "ფოტორეპორტიორების" საქმეზე დაკავებულია შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ. თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, დავით დევნოზაშვილი. საქმეში იკვეთება, ასევე, სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულების ყოფილი უფროსის, ალექსანდრე მუხაძის, ბრალეულობა, რომელიც ახლა ინტერპოლის არხებით იძებნება. გამოძიებამ დაადგინა ჯაშუშობისთვის გასამართლებული ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძისა და ნათელა გედენიძის - სრული უდანაშაულობა.

პროკურორმა კოკა კაციტაძემ 6 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ილაპარაკა იმაზე, თუ რა იყო ფოტორეპორტიორებისადმი წარდგენილი ცრუ ბრალდების საფუძველი:

„გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ. მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს, გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე, კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატიურად უგზავნიდა ევროპის პრესსააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის, ირაკლი გედენიძის, და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გამოგონილი ბრალდების თანახმად, ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდა ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე“.

გასულ კვირაში პარლამენტის კომიტეტებში განიხილებოდა ქვეყნის ბიუჯეტი, რომლის პლენალურ სხომაზე გატანას ხელისუფლება 14 დეკემბერს გეგმავს.

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხპროცენტიან გაზრდასა და მოგების გადასახადის ცვლილებაზეა გათვლილი, მხარს არ უჭერს არც ერთი ოპოზიციური ფრაქცია, რომელთა მტკიცებითაც, ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციას და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საჭიროებათა დაკმაყოფილებას. ბიუჯეტის კანონპროექტით, შემოსავლები 9,5 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 9,1 მლრდ ლარს შეადგენს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის, თქმით, პირველად პროექტთან შედარებით, მომავალი წლისთვის შემოსავლების პროგნოზი 774 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯები 334 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

6 დეკემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ანგარიშის ავტორები ერთგვარად პოზიტიურად აფასებენ საარჩევნო პერიოდს, მაგრამ მაინც მიუთითებენ გარკვეულ ხარვეზებზე, როგორიცაა, მაგალითად, ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერების გავრცელება, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, უკანონო აგიტაციის ფაქტები, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით. გარდა ამისა, არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინ განსაკუთრებით ხშირი იყო სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებითა თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით.

6-7 დეკემბერს ბრიუსელში შედგა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებათა წარმომადგენლებს შორისსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში არაერთხელ გამოიკვეთა ალიანსისა და საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის აქცენტები, თუმცა საქართველოს საკითხი, უკრაინისგან განსხვავებით, საგანგებო ადგილს არ იკავებდა მინისტერიალის დღის წესრიგში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:

მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

„ჩვენ ამ შეხვედრებზე ვიხილავთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს, ასევე არსებითი პაკეტის მიმდინარეობას, წევრი ქვეყნების ჩართულობას ამ პაკეტის იმპლემენტაციაში და მათ მხარდაჭერას იმ ფორმატებისადმი, რომლებიც დაგეგმილია მომავალი წლის განმავლობაში... ძალიან აქტიური წელია მომავალი წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული წევრი ქვეყნის მაქსიმალური მხარდაჭერა თითოეულ ფორმატში, რათა საქართველომ აიმაღლოს თავისი თავდაცვისუნარიანობა და, ასევე, ინტეგრაციის პროცესში მივიღოთ მათი (პარტნიორი ქვეყნების) მხარდაჭერა“.

ნატოს ამ მინისტერიალის დღის წესრიგში უკრაინის საკითხი წინა პლანზე იყო წამოწეული და ეს განპირობებული იყო უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების სიმწვავით, თუმცა, როგორც, მაგალითად, პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გულდასაწყვეტია, რომ რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების ჭრილში ერთმანეთს არ უკავშირდება უკრაინა და საქართველო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 7 დეკემბერს გამოაქვეყნა შედეგები გამოკვლევისა, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო საწარმოებში კორუფციისა და სხვა სახის საფრთხეების გამოვლენას. გამოკვლევაში საუბარია საკანონმდებლო პრობლემებზე სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის კუთხით. დოკუმენტის თანახმად, არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი სისტემა. ამ საწარმოებიდან ყველაზე მსხვილია: საქართველოს რკინიგზა, ფოსტა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი.

8 დეკემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) სხდომაზე - 37 ხმით 9-ის წინააღმდეგ - დამტკიცდა „შეჩერების მექანიზმი“. ეს იყო დაგვირგვინება რამდენიმეთვიანი დისკუსიისა, რომელსაც წინ უსწრებდა ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის ტრიალოგის ფორმატში მიღწეული ძირითადი შეთანხმება „შეჩერების მექანიზმის“ კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებთ.

8 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ქართულად დაწერა:„შედეგი თითქმის მიღწეულია. „შეჩერების მექანიზმის“ განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია“.„შეჩერების მექანიზმის“ გარშემო მიღწეული შეთანხმება პრაქტიკულად აღარ ტოვებს დაბრკოლებებს სავიზო ლიბერალიზაციის გზაზე და პროცესი მაქსიმალურად სწრაფად უნდა დასრულდეს.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაში უყრიან კენჭს ე. წ. „შეჩერების მექანიზმს“, რაც საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების აუცილებელ წინაპირობად განიხილება.

9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს მიმდინარე წლის მარტში ფარული ჩანაწერების შენახვისა და გავრცელების საქმეზე დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე.

მოსამართლემ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურათ. სამართალწარმოება გრძელდება, თუმცა, თავის მხრივ, ბრალდებულები ირწმუნებიან, რომ პროკურატურას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არა აქვს და, სავარაუდოდ, მათ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელი იქნება.

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშრისო დღე საქართველოშიც აღინიშნა. სახალხო დამცველის შეფასებით, ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყება პენიტენციარულ სისტემაში, თუმცა პრობლემად რჩება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფის ფაქტები.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG