Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალთა სოლიდარობის მარში“, პოროშენკოს ვიზიტი და პრეზიდენტის ვეტო


უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები საოკუპაციო ზოლთან
უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები საოკუპაციო ზოლთან

გასული კვირის ორშაბათს შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, გამოძიება დაიწყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე.

16 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „ქართული მარშის“ აქციის რამდენიმე მონაწილის სახელით დაწერილი კომენტარი, რომლის ავტორებიც თათია დოლიძეს აგრესიული, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართავენ. თათია დოლიძე 14 ივლისს ცხრაპუნქტიანი პოსტით გამოეხმაურა აღმაშენებლის გამზირზე გამართული „ქართული მარშის“ იდეას და მას ქსენოფობიური და პრორუსული აქცია უწოდა. როგორც შსს-ს პრესსამსახურმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ თათია დოლიძეს მათთვის არ მიუმართავს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქმეზე გამოძიება თავად შსს-ს ინიციატივით დაიწყო. გამოძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე „ქალთა მოძრაობამ“ ღია წერილით მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა შსს-ს დაეწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც ეხება ქალის მიმართ გაუპატიურების შესაძლო მუქარას. აღსანიშნავია, რომ მუქარის შემცველი კომენტარები სოციალური ქსელიდან რამდენიმე საათში წაიშალა და კომენტარების სავარაუდო ავტორებმა განაცხადეს, რომ ეს გზავნილები მათ არ ეკუთვნოდათ, თუმცა მოგვიანებით სწორედ ის პირები, ვისი სახელითაც გამქვეყნდა კომენტარი სოციალურ ქსელში, შსს-ში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

19 ივლისს კი თბილისში „ქალთა სოლიდარობის მარში“ მოეწყო, რისი მიზეზიც გახდა ბევრი დაგროვილი სათქმელი, თუმცა, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბაია პატარაია, მიიჩნევს, ეს კონკრეტული პროტესტი კონკრეტულმა ღია ძალადობამ გამოიწვია - „ქართული მარშის“ მონაწილეების მხრიდან თათია დოლიძის მიმართ წამოსულმა აგრესიამ, ჯგუფური გაუპატიურების მუქარამ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალმა გაბედა და მათ მიმართ საკუთარი კრიტიკული აზრი გამოხატა:

ქალთა მარშის ლოზუნგები
ქალთა მარშის ლოზუნგები

„ისეთი შეტევა განხორციელდა ამ ადამიანზე, მთელ მის ოჯახზე დღეების განმავლობაში, გასცდა კიბერ-ბულინგის და ლანძღვის ხაზს და გადავიდა შემაძრწუნებელ მუქარაში, მათ შორის, ჯგუფური გაუპატიურების მუქარაში იმ დონეზე, რომ შსს-მ გამოძიებაც კი დაიწყო. ესეც არის მცდელობა, რომ ქალები გააჩუმონ, რომ ქალმა არ გამოთქვას თავისი აზრი. არადა, ქალების აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის განცხადებები დადებითად აისახოს დემირელის კოლეჯის მმართველ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე. 16 ივლისს საქართველოში ვიზიტად მყოფმა რებეკა ჰარმსმა მოითხოვა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა, რომელიც ჯერჯერობით წინასაექსტრადიციო პატიმრობაში რჩება, პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს საქართველოში ან სხვაგან, კერძოდ, ევროკავშირში.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, ყველა შეფასება, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე ისმის და კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა იყოს ქართული მხარისთვის. ამ რიგშია ის განცხადებებიც, რომლებიც რებეკა ჰარმსმა 16 ივლისს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულების შემდეგ, გააკეთა:

ემრე ჩაბუქის სოლიდარობის აქცია
ემრე ჩაბუქის სოლიდარობის აქცია

“ის, რაც ითქვა, არსებითად არის საქართველოს ვალდებულება, ნაკისრი საერთაშორისო დონეზე. და იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფრთხე, რომ პირი დაექვემდებარება წამებას, ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, გახდება დევნის ობიექტი, ასეთ დროს ნებისმიერი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, რომელსაც ეს ვალდებულებები აქვს ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ვალდებულია არ განახორციელოს ექსტრადირება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა დაიცვას“.

დღევანდელი მოცემულობით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსზე, ანუ თავშესაფრის მიღებაზე საქართველოში. მაგრამ, მეორე მხრივ, ჯერ არ არსებობს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით.

გასულ კვირას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგვლაშვილსა, და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ილაპარაკეს საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, ასევე, ახალ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ.

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები საოკუპაციო მავთულხლართებთან
უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები საოკუპაციო მავთულხლართებთან

როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, საქართველო და უკრაინა ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან:

„ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მსგავსი სიტუაცია - ტერიტორიების დეოკუპაციის, სუვერენიტეტის პრობლემა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკრაინაში კი ყირიმის ანექსია და რუსეთის ჯარის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია. საჭიროა ეფექტური კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დაწყებული გაეროს უშიშროების საბჭოდან, რათა რუსეთზე გაგრძელდეს ზეწოლა მის მიერ მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებამდე - გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი. ნიშანდობლივია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნებს - მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას - აქვთ საერთო პრობლემა: რუსეთის ინტერვენცია ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ჩვენი კოორდინირებული მოქმედება, სანქციების მხარდაჭერა (რუსეთის წინააღმდეგ), დეოკუპაციის ერთობლივი სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიების გასაწმენდად რუსეთის ჯარისგან“.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ოძისში პოლიციის ბოლო საგუშაგოსაც ეწვია, საიდანაც კარგად ჩანს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ბაზა, რომელიც ახალგორის მისადგომებთან არის განლაგებული. ოძისიდან პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთისკენ გაემართნენ, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს შეხვდნენ და მისი პრობლემები მოისმინეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის სიმტკიცით ოკუპაციის ხაზები მალე დაინგრევა.

გაუსლ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2016 წელს მსოფლიოს ქვეყნებში ამ მხრივ არსებული მდგომარეობაა ასახული. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ტერორისტულ საფრთხეებსა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე. საქართველოს შესახებ ქვეთავში ვკითხულობთ, რომ, მიუხედავად ოკუპირებული რეგიონების არსებობისა და მკაცრი რელიეფის, რომელიც საზღვრების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას ზღუდავს, საქართველოში გაუმჯობესებულია საზღვრის უსაფრთხოება. ანგარიშში ხაზგასმულია ასევე, რომ საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე გვეუბნება, რომ საკმაოდ საინტერესო აქცენტებია დასმული საქართველოს ქვეთავში ე.წ. ფინანსური ტერორიზმის საკითხებზე - შეფასებულია ტერორიზმის დაფინანსების შესაფერხებლად სხვადასხვა ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებები და განსაკუთრებით ხაზგასმულია საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების საკითხი:

„საზღვრის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, რადგან ჩვენი საზღვრის დიდი ნაწილი მიუვალ, ე.წ. მწვანე საზღვარზე გადის და ამ ტერიტორიის კამერებით აღჭურვის თვალსაზრისით, იმით, რომ ყველა გამშვებ პუნქტთან არსებობს ტერორისტთა სიები და ყველა სხვა მონაცემთა ბაზა, რაც ქართველი მესაზღვრეებისთვის არის ხელმისაწვდომი, ამერიკელების დიდი დახმარების შედეგია. ეს კი, თავის მხრივ, არის იმის შედეგი, რომ საქართველო არის წევრი არაერთი საერთაშორისო შეთანხმებისა და, აი, სულ ახლახან, გაზაფხულზეც, ინფორმაციის გაცვლის შესახებ აშშ-თანაც ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა“.

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

21 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს გადაუგზავნა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონებზე მოტივირებული შენიშვნები. კანონებს პრეზიდენტმა 20 ივლისს ვეტო დაადო იმ მოტივით, რომ მათი სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმსა და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

„მმართველმა პარტიამ ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს და ყური დაუგდოს განსხვავებულ აზრს და თავის კანონშემოქმედებით პროცესში განსხვავებული აზრი ჩართოს, როგორც თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელი ნაწილი“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის ემზადება, “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი კი ამბობს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და საკითხს პრეზიდენტისა და პარლამენტის პოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში მიუდგება:

მოლოდინი? პარლამენტი, ალბათ, დაძლევს ვეტოს მაინც. უფრო პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს მაინც პარლამენტი და არა ამ შინაარსობრივ და პროცედურულ საკითხებს. უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოს და დატოვებს ძალაში პირველ ვარიანტს, ჩემი მოსაზრებით. იმედს ვიტოვებ, რომ თვითმმართველობის კოდექსზე შეიძლება რაღაცები მაინც გაითვალისწინონ, ძალიან მცირე პროცენტი, რომ გაერთიანება არ მოხდეს ამ არჩევნებისთვის და დარჩეს ძალაში დღეს მოქმედი მუნიციპალიტეტები“.

საარჩევნო კოდექსისა და თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებები, პროცესის პერსპექტივის გათვალისწინებით, თავის მხრივ, არამარტო პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე 21 ივლისს ნეგატიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში არსებითი ცვლილებები შევიდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG