Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ლორთქიფანიძე - პარლამენტის დეპუტატი


15 ივლისი, კვირა
გუშინდელი თქეშის შემდეგ თბილისში გამოიდარა. ქავთარაძიდან ჭავჭავაძემდე გზაზე მომისწრო წვიმამ და სულ ხუთი წუთი დასჭირდა, რომ მოზღვავებულიყო და გზებზე მოძრაობა შეეჩერებინა. არ გვივარგა სანიაღვრე-სადრენაჟო არხები, ვინც რა უნდა თქვას...

დღეს, წირვის შემდეგ, მე და გიგა ნადარაია „ველიამინოვს“ ვეწვიეთ, „ქაბაბის სამყაროს“. თითო „გრანდიოზა“ და ლუდი მივირთვით, გორში გასამართ დღევანდელ აქციაზე გვქონდა ყურადღება გადატანილი, მერეთისა და კარალეთის ინციდენტების ფონზე გორის სახალხო თავყრილობის გამართვას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ბოლო-ბოლო ყველა ძალოვანი უწყების მთავარი სამმართველოები სწორედ ამ ქალაქში იყრის თავს. დევნილების დიდი ნაწილიც ამ რაიონშია განსახლებული და ხელისუფლება ყველანაირად ეცდება აქციას მასშტაბები შეუმციროს. ისე, რა დასამალია და, იმერლებისა და გურულების ცვლილებებისადმი მზაობის შემდეგ ქართლი ინერტულად გამოიყურება. ალბათ იმიტომ, რომ მათზე ზეწოლაც გაათმაგებულია. სხვადასხვა მიზეზით ყოველდღე აკავებენ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. ვითარება დაძაბულია...

16:00-ზე გია ვოლსკიმ გამომიარა მანქანით და გორისკენ გავემართეთ. ავტობანზე დროშამოღერებულ კოლონებს ვუსწრებთ, გული სიხარულით ივსება, შიდა ქართლი ხომ ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია სახელისუფლო პრესინგის თვალსაზრისით. 17:00-ზე გორში ვართ, აქცია იმართება კომბინატის დასახლების კულტურის სასახლის მიმდებარე მოედანზე. გარშემო მოწყობილია ავტოსადგომები, რომლებზეც „ქართული ოცნების“ აქტივისტები შემოსულ მანქანებს არეგულირებენ. ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული.

19:00-ზე იწყება აქცია, რომელსაც 25-30 ათასი მომიტინგე ესწრება. აქციას ხსნის სოხუმის თეატრის ყოფილი მსახიობი ნანა ხურითი, ეროვნებით ოსი, დევნილი აფხაზეთიდან, დაბადებული თბილისში... რამდენიმე წუთში თავად ბიძინა ივანიშვილი უერთდება აქციას და სიტყვით მიმართავს საზოგადოებას. 30-წუთიან გამოსვლაში აქცენტი კეთდება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე. სახელდებიან შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

აქციამ წარმატებით ჩაიარა, გარშემო ყველა კმაყოფილია. საღამოს ერთად ვვახშმობთ მე, გია ვოლსკი და ნუკრი ქანთარია. სუფრასთან, „ნატახტრის ველში“ შევაჯამეთ შედეგები და გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. დღემ მშვიდობით ჩაიარა...
თავისუფლების დღიურები - დიმიტრი ლორთქიფანიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:43 0:00
გადმოწერა

16 ივლისი, ორშაბათი
დილით 7-ზე ავდექი, ჩემს ელენეს ბოლო გამოცდა აქვს ისტორიაში და 8 საათზე რეგისტრაცია იწყება მაღლივში. წინა ოთხი გამოცდის დადებითი შეფასების იმედი გვაქვს. ვნახოთ, ისტორიაში როგორ იყოჩაღებს. იურისტობას აპირებს და ჯავახიშვილს ვუმიზნებთ. მისი იმედი ნამდვილად მაქვს, მუყაითი ბავშვია.

მაღლივიდან დაბრუნებულმა, გზად გაზეთები შევიძინე. გორის აქციას უაღრესად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად ყველა აღნიშნავს, რომ გორში ბატონ ბიძინას ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა, როგორც პოლიტიკოსს. 12-ზე მთავრობის კანცელარიასთან „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა აქციას ვუერთდები. ამ ხალხს, რომელთა რიცხვიც ექვსი ათასს აჭარბებს, რეალური დახმარება ესაჭიროება. მათთვის მიყენებული ზარალი ხომ 300 მილიონ დოლარს აღემატება! პროკურატურა დუმს, სამართლებრივი შეფასება ამ მართლაც საუკუნის დანაშაულს არ ეძლევა.

აქციიდან პარლამენტში ვბრუნდები, ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის” თავმჯდომარეს ქალბატონ აველინა დავითულიანს ვხვდები. ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის გეგმებს ვათანხმებთ.

8 საათზე კარლო კოპალიანმა ვახშამზე დამპატიჟა გოდერძი მარსაგიშვილთან ერთად. გვიანობამდე შევყევით სუფრასთან საუბარს, რომელიც, ძირითადად, მომავალ არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ დეტალებს ეხებოდა. ღამით ფეხით გადავწყვიტე სახლში დაბრუნება, ბუკიას ბაღიდან ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე შევძელი სიარული. მერე მაინც გავაჩერე ტაქსი...

17 ივლისი, სამშაბათი
ირაკლი ფხალაძე დილიდან დამაცხრა თავზე, საკუთარ საქმეზე სალაპარაკოდ. ნაბახუსევს მყოფი კარგა ხანს ვერ ჩავწვდი, რას მეუბნებოდა, თუმცა თითო ფინჯანი ყავის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ირაკლის წყალობით ადრიანად ჩავდექი ფორმაში. ხათუნა კომაროვში წავიყვანე, გიორგის ნაშრომის წამოსაღებად. აგვისტოში მორიგი გამოცდა გველის მე-7 კლასში გადასასვლელად. ამ გამოცდების გადამკიდე, ქალაქგარეთ ვეღარ გავდივართ. წინასაარჩევნო ციებ-ცხელება კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკურ ზაფხულს.

3 საათზე თამაზ დიასამიძეს შევხვდი ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფეში. მიმოვიხილეთ საარჩევნო კლიმატი ქვეყანაში. თამაზი, როგორც ყოველთვის ძალიან კრიტიკული თვალით აფასებს მოვლენებს. ძირითადად, აჭარაში შექმნილ ვითარებაზე ვსაუბრობთ. 5 აგვისტო გვიჩვენებს საზოგადოების განწყობას ბათუმში. დრო ცოტა რჩება...

დღეს ჩემი შვილიშვილები მობრძანდებიან სახლში. ანა 17 ივნისს დაიბადა და ერთი თვის გახდა დღეს. უფროსი, დიმიტრი, კი ორი წლის არის. ასეა, წვრილშვილს შვილიშვილებიც დაემატნენ.

18 ივლისი, ოთხშაბათი
ადრე ავდექი. დილიდან საპარიკმახეროში მივდივარ კარენასთან. დღეს მნიშვნელოვანი კონსულტაციები მელის, როგორც უპარტიო დეპუტატს, მაქვს ფუფუნება სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან ვითანამშრომლო ადამიანის უფლებების სფეროში. „მაესტროსთვის“ ანტენების დაყადაღების საკითხიც განხილვის ერთ-ერთი საგანია დღეს. ხელისუფლება დიდი ხანია „დაუკრეფავში“ გადავიდა და ისღა დაგვრჩენია, სწორი სამართლებრივი შეფასების ანალიზი საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინოთ.

პარლამენტში მისულს, სიურპრიზი დამხვდა: ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია სამუშაო ოთახებს ცლის - გააქვთ პირადი ნივთები, აპარატის თანამშრომლები ყველაფერს გარეთ ეზიდებიან. გაკვირვებული ვკითხულობ მიზეზს. მპასუხობენ, ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით მითითება მივიღეთო. გასაოცარია პირდაპირ, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი თბილისია, რუსთაველის 8. ქუთაისში მისი გადატანა მხოლოდ ახალი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შედის ძალაში. ესე იგი სამი თვე საქართველოს პარლამენტი არ ეყოლება, რაც პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით ნონსენსია!

მოკლედ, ქვეყანაში, სადაც ანტენებს აპატიმრებენ, გასაკვირი აღარაფერია.

ახლა, პირდაპირი ჩართვა მაქვს რადიო „მაესტროში“ ამ თემაზე. საღამოს კარლომ დამირეკა. ცაგერში მივყვები ორი დღით. გადავწყვიტეთ, ხვალ ორ საათზე გავიდეთ თბილისიდან. საქართველოს მთიანეთიდან ერთადერთი ლეჩხუმში არ ვარ ნამყოფი და აი, ხვალ მექნება ბედნიერება, ვეწვიო.

19 ივლისი, ხუთშაბათი
ცაგერში წასვლა გადაიდო, დილიდან საქმეები გამოგვიჩნდა. პარლამენტში მივდივარ. დერეფანში გავიარე, მე-4 სართულზე აკაკი მინაშვილის კაბინეტთან შევჩერდი. მისი აპარატის თანამშრომლები კაბინეტს ცლიან. ვეკითხები, ეს ნივთები სად მიგაქვთ-მეთქი. მპასუხობენ, 0 სართულზე ოთახი უნდა გამოგვიყონ და იქ უნდა შევიტანოთო. მიზეზი მათთვისაც უცნობი აღმოჩნდა. დავურეკე პარლამენტის აპარატის თავმჯდომარეს, დავით ჯანიაშვილს. რა ხდება-მეთქი, ვეკითხები, რატომ იცლება დეპუტატთა ოთახები? აუღელვებლად მპასუხობს: თქვენ ვინმემ რამე გითხრათო? შეგიძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელოთ მუშაობა და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად გაცნობებთო. ჰოი საკვირველებავ! ჩემს გარშემო გამალებული ტემპით მთელი პარლამენტი იცლება და, თურმე, ეს მე არ მეხება.

კარლოს დავუკავშირდი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპეცდანიშნულების რაზმიც რომ მოიყვანონ, კაბინეტს არ დავცლით უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. რაც უნდათ, ის ქნან. ამ ყველაფრის გამო ცაგერში წასვლა განუსაზღვრელი ვადით გადავდეთ. დამრჩა ლეჩხუმი უნახავი...

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ბრძანებით საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულე-მოქალაქეებისთვის საკონსულო რეგისტრაცია გართულდა. მინისტრის ბრძანებით, რეგისტრაციისთვის საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის გარეშე აღარ გარეგისტრირებენ. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რასთან გვაქვს საქმე: არჩევნებში მონაწილეობის ათასობით მსურველი ვერ გაივლის რეგისტრაციას მხოლოდ იმიტომ, რომ, დეპორტაციის შიშით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არ მიმართავს. მოკლედ, ხელისუფლება ყველა აკრძალულ ილეთს იყენებს არჩევნების სასურველი შედეგებით დასასრულებლად. ვნახოთ, რა პასუხს მიიღებს თავად ამომრჩევლისგან.

20 ივლისი, პარასკევი
„ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტართა სია საბოლოოდ ცნობილი გახდა.

წარმატებებს ვუსურვებ კანდიდატებს. სულ რამდენიმე მაჟორიტარული ოლქია დარჩენილი წარსადგენად.

ცაგერში ვერ წავედი, მაგრამ გოდერძისთან ოჯახში ავედით მე და კარლო კოპალიანი, რომლის საკითხიც ცაგერის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენის თაობაზე ამ დღეებში უნდა გადაწყდეს. აქვე ვივახშმეთ და მოგვიანებით დავბრუნდი სახლში.

21 ივლისი, შაბათი
დილიდან მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, ორი-სამი დღით გავეცალო ქალაქს. ბავშვებს წავასხამ აგარაკზე და მეც გავუჩინარდები არაგვის ხეობაში. ძალების მოკრება მჭირდება გადამწყვეტი საარჩევნო ბრძოლის წინ. ვისთან ერთად და რა ფორმით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მანამდე კი შევეცდები, ბევრი მურწა დავიჭირო.
XS
SM
MD
LG