Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელა გრიგალაშვილი - ფოტოგრაფი


6 იანვარი, კვირა
დღეს გადაღების პირველი დღე გვაქვს. ჩემი პროექტის გმირი სამირია - ქუჩის მომღერალი ბიჭი.

პირველად ნოემბრის ბოლოს ვნახე, მეტრო „სამგორთან“. ცივი, სუსხიანი საღამოს ბინდში იჯდა მიწისქვეშა გადასასვლელის ნაგვიან კიბეებზე და მღეროდა. ისეთი ხმა ჰქონდა!.. სულში ჩამწვდომი, მგრძნობიარე. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ხმამ, გარემომ და იმ სასოწარკვეთამ, რაც მის ხმაში იყო. მაგრამ თავი დავხარე და გავიარე და იმავე წუთს ვინანე. თუმცა, უკანაც ვეღარ მივბრუნდი. მერე მთელი ერთი თვე ვეძებე და ბოლოს ვიპოვე ახლა „ვარკეთილის“ მეტროსთან.

ასე გავიცანი სამირი, მარტოხელა ქუჩის მომღერალი ბიჭი. უკვე რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ. სამირი ამბობს, რომ 26 წლისაა, თუმცა დარწმუნებულიც არაა.

დაიბადა უკრაინაში. ნახევრად ბოშაა, ნახევრად - უკრაინელი. დაახლოებით ოთხი წლის იყო, დედამ რომ ქუჩაში დატოვა და გაუჩინარდა. ქუჩიდან მილიციამ ბავშვთა სახლში მიიყვანა. მარტო სახელი იცოდა თავისი, ამიტომ აღრიცხვაზეც ასე აიყვანეს: სამირ ნეიზვესტნი. გამოიცვალა რამდენიმე ბავშვთა სახლი, მერე კი ჭიათურის რაიონში მცხოვრებმა უკრაინელმა ცოლ-ქმარმა იშვილა.

დღეს „სამგორთან“ ვიღებდი, კიბეებზე. ვის არ ნახავ აქ - ლოთსა და უსახლკაროს, მათხოვრებს, ბოშებს, ვაჭრებს...

სამირს აქ ყველა იცნობს. განსაკუთრებით ქალებს უყვართ მისი სიმღერა. უყვართ სამირიც. ამბობენ, რომ იგი ძალიან წესიერი, ზრდილობიანი და პატიოსანი ბიჭია. და, რაც მთავარია, თავისი შრომით შოულობს ფულს.

გადაღება რომ დავამთავრეთ, სამირმა ჩაიზე დამპატიჟა. მინდოდა, მე გადამეხადა, მაგრამ არ დამანება. იმ დღეს გამომუშავებული ხურდებიც იქვე გადაახურდავა. კარგი დღე იყო. კმაყოფილი ვარ. სამირი კი აღტაცებულია! რატომღაც თვლის, რომ დიდ კინოში იღებენ.
თავისუფლების დღიურები - ნათელა გრიგალაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:53 0:00
გადმოწერა

7 იანვარი, ორშაბათი
დილით რვის ნახევარზე უკვე ორთაჭალის სადგურში ვიყავი. მეოთხე წელია, ამ დღეს ნეკრესში მივდივარ. მიყვარს, როცა ავტობუსში ვჯდები და ქალაქიდან გავდივარ. არ მიყვარს ქალაქი. მინდვრებში ტყეებში, მთებში, თავს უკეთ ვგრძნობ. ალბათ იმიტომ, რომ სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ბუნება თითქოს უკან მაბრუნებს ბავშვობაში.

წელს, წინა სამ წელთან შედარებით, ნეკრესში ყველაზე ნაკლები ხალხი იყო. ზემოთ მონასტერი ბურუსში იყო გახვეული. ბურუსი იყო დაბლა, მინდვრებზეც. მინდორში ალაგ-ალაგ ცეცხლი დაენთოთ. ისმოდა გოჭის ჭყვიტინი. შემხვდნენ ნაცნობი მუსიკოსები. დღესასწაულებზე ვხვდები ხოლმე. დადიან, ირიბად იყურებიან სუფრებისკენ, იქნებ ვინმემ დაგვიძახოს, დავუკრათო. უსაქმოდ დადიოდა ჩემი ნაცნობი კახელი ფოტოგრაფიც. აღარავის უნდა მისი გადაღებული სურათი.

ერთ მხარეს ბაზრობაა გაშლილი, თავის მამალო-ბატიბუტითა და ბამბის ნაყინით. მაგრამ მყიდველი ცოტაა. ჯერ ადრეა, ქვაბებში წყალი თუხთუხებს. ქალები ქათმებს პუტავენ, კაცები ღორებს უტრიალებენ. ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ. კეთილად მოღიმარ სახეებს. ესენი შარშანაც გადავიღე და შარშანწინაც. იმედია, კვლავაც გადავიღებ. არადა, მართლა ცოტა ხალხია წინა წლებთან შედარებით. ვშიშობ, ვაითუ მომავალში აღარც არავინ მოვიდეს...

არ ვიცი, ვის როგორ, მე კი ძალიან მიყვარს ეს დღესასწაულები. ვფიქრობ, რომ სახალხო რელიგიური დღეობები სწრაფად, თითქმის ყოველწლიურად იცვლის ფერს და იკარგება რაღაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მე კი მინდა, რაც შეიძლება მეტის გადაღება მოვასწრო. და, საერთოდაც, მგონია, რომ ისტორია ყველაზე უკეთ სწორედ ფოტოში ჩნდება.

ვიარე აქეთ-იქით. გადავიღე ყველაფერი, რაც მომეწონა. ერთი შილდელი ოჯახიც გავიცანი: ბაბო და პაპა შვილიშვილებით მოსულიყვნენ. სამოცდაათს გადაცილებული ძალიან ლამაზი ცოლ-ქმარი. ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულები.

კაცმა ჭიქა ასწია თუ არა, ცოლმა გადმომჩურჩულა, დაიწყებს ახლა ტირილსო. ცოტა თქვა და მართლა წამოუვიდა ცრემლები. კარგად იცნობდა თავის კუთხეს, თანაც ლამაზად, მთელი გრძნობით ჰყვებოდა. ისე, კარგი კერკეტი კაცი ჩანდა, მაგის ჭკუაზე რომ უნდა იტრიალოს ყველამ და ყველაფერმა. მეო, რაიონში კულტურის განყოფილების უფროსთან მძღოლად ვმუშაობდი დიდხანსო. ჩემს უფროსს რომ სადმე მივიყვანდი და ის ლაპარაკს დაიწყებდა, ახლო დავუდგებოდი და ყურს ვუგდებდიო. ჰოდა, ბევრი რამე მისგანაც ვისწავლე და გავიგეო.

ერთ რამეში ნამდვილად მწყალობს ბედი: სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის კეთილ ადამიანებს გადავეყრები ხოლმე. მერე, სახლში დაბრუნებული, ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები არანაკლები სიმდიდრეა ჩემთვის, ვიდრე ფოტოები.

8 იანვარი, სამშაბათი
დღეს გამოცდა გვქონდა უნივერსტიტეტში, სადაც მომავალ ჟურნალისტებს ფოტოგრაფიას ვასწავლი. საოცარია, ზოგი სტუდენტი რას აღარ მოიგონებს თავიანთი სიზარმაცის გასამართლებლად?! ამას წინათ სამირმა მითხრა: ხომ არაფერი გამაჩნია ამ ქვეყანაზე და არც არაფერი მინახავს კარგი ცხოვრებაში, მაგრამ არავისი არაფერი მშურს, მარტო ერთი რამე მენატრება - მინდა ვისწავლო და ნამდვილი მუსიკოსი გავხდეო. თუმცა, ზოგი სტუდენტი ისეთია, მათთან სიამოვნებით გავაგრძელებდი მუშაობას, სემესტრი რომ არ მთავრდებოდეს.

საღამოს ნეკრესის ფოტოებს ჩავუჯექი. ნელ-ნელა მივყვები და გადავარჩევ.

ჩემი ფოტოების საუკეთესო შემფასებელი ჩემი შვილი მარიამია. ყოველთვის ვითვალისწინებ მის აზრს. ერთი ეგაა, ფოტოგრაფია ვერ შევაყვარე. არც არასოდეს გადაუღია ფოტო.

9 იანვარი, ოთხშაბათი
დილით ფოტოები გავაგზავნე ჯავახეთში. ავტობუსს გავატანე. წინა თვეში სომხურ ქორწილში ვიყავი გადასაღებად, ერთ პატარა სოფელში. ლამაზი ქორწილი იყო, ლამის მთელი სოფელი მონაწილეობდა. იყო მხიარული წივილ-კივილი. გადავდიოდით ოჯახიდან ოჯახში, სახლების წინ მაგიდები გაეშალათ და ცეკვა-თამაში გაეჩაღებინათ, მაგრამ ყველაზე საოცარი ქორწილისთვის დაქირავებული უზარმაზარი თეთრი ლიმუზინი იყო, რომელიც უცნაურ კონტრასტს ქმნიდა გარემოსთან და გაჭირვებით მოძრაობდა სოფლის მისახვევ-მოსახვევებში.

დღეს სახლში გადავიღე სამირი. მანამდე მითხრა, რომ ცხოვრობდა ოთახში, სადაც ყოველდღიურად აქირავებენ საწოლს, მაგრამ იმას რაც ვნახე, მართლა არ ველოდი. პატარა, ბნელი, ჩამოფხავებული ოთახი, სადაც გაჭირვებით ეტევა სამი საწოლი და ერთი პატარა მაგიდა. ერთ საწოლზე ბინის მეპატრონეს სძინავს, მეორეზე - სამირს. მესამეც ქირავდება, როცა კლიენტია. სამირი ხუთ ლარს იხდის ყოველდღე. ადრე მანქანების სამრეცხაოში მუშაობდა და იქვე ეძინა. მერე სამრეცხაო დაიხურა და ქუჩაში დარჩა. ხშირად ეძინა სახლის ნანგრევებში. თუ ფული ჰქონდა - ინტერნეტკაფეში.

სამი წელია, რაც მიწისქვეშა გადასასვლელებში მღერის. ოცნებობს, რომ ერთ დღეს დიდი მომღერალი გახდება და დიდ სცენაზე იმღერებს. ამ ოცნებებში მეც არ ვავიწყდები და მპირდება, რომ იქიდან, დიდი სცენიდან გადამიხდის მადლობას.

კარგი ბიჭია სამირი. ცოტა გულუბრყვილო, ცოტა სასაცილო, მაგრამ წესიერი ადამიანი.

საღამოს მამიდაშვილი მესტუმრა ოჯახით. მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. კარგი საღამო იყო, მხიარული.

10 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს დილაადრიან დიდუბის სადგურიდან მე და სამირი ჭიათურაში წავედით. სამირს ცოტა განსხვავებული გარეგნობა აქვს. ვარცხნილობაც ისეთი, პროვინციულ არტისტებს რომ ჰქონდათ ჩემს ბავშვობაში. ამიტომ ყველას ყურადღებას იქცევს, ცოტა გაკვირვებულები აყოლებენ თვალს. სამირს კი ეს ძალიანაც მოსწონს: „ხედავ, როგორ ყველა მე მიყურებს?“ - მეჩურჩულება აღტაცებული.

ჩავედით სოფელ თაბაგრებში. აქ იზრდებოდა ოთხი წლიდან სამირი. ნამდვილი იმერული სოფელია ულამაზესი დათოვლილი პეიზაჟებით, ორღობეებით.

გზაში სოფლის ახლად დანიშნული გამგებელი გავიცანი, ახალგაზრდა კაცი, ენთუზიაზმითა და დიდი გეგმებით სავსე.

შევამჩნიე, ბევრი სახლი გამოკეტილია. მთელი თაბაგრები თბილისში არიან გახიზნულიო - მითხრეს. აქ ბევრიც რომ ვიწვალოთ, სულ დიდი სამი-ოთხი თვე გვეყოს ჩვენი მოსავალიო.

მაინც მხიარულები არიან, სტუმართმოყვარენი. აქაც ამბობენ, რომ სამირი ძალიან წესიერი, მშრომელი ბიჭია, ყველას ეხმარებოდა თოხნასა და ბარვაში, უვლიდა სახლკარს და დედას, რომელიც სამი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. თუმცა დედობილს, რომელიც ხშირად სვამდა და სასტიკად ეპყრობოდა, არასოდეს გაუმეტებია მისთვის დედობრივი სითბო. მამამ კი მიატოვა და სხვა ოჯახი შექმნა. არ მიყვარს აქაურობა, მძულს: აქ რომ ვარ, სულ ის სიმწარე მაგონდება, რაც გადავიტანეო, ამბობს.

„მაგრამ, რომ დავბრუნდე? იქნებ დავბრუნდე? და მერე როგორ შევძლებ თავის რჩენას?“ - ეკითხება მეზობლებს სამირი. მაგრამ პასუხი არავისა აქვს მისთვის. ეტყობა, დაიღალა ასეთი ცხოვრებით. სულ ვფიქრობ, როგორ შემიძლია დავეხმარო. ბევრს არც არაფერს ითხოვს. მაგალითად, მეტროში რომ დაუკრას. შიგნით, სადაც სითბოცაა და დაცულიც იქნება. და კიდევ პატარა სულ პატარა ოთახი უნდა, მარტო რომ იყოს.

ადრე სოფელში, ფურნეში მუშაობდა, პურს აცხობდა. თანაც, როგორც ამბობენ, საუკეთესოს. მერე ფურნე დაიხურა. ოჰ, სიამოვნებით გამოვაცხობდი ახლაცო, ნატრობს, მაგრამ არსად მიმიღესო...

ხუთზე ჭიათურიდან ბოლო ავტობუსი გამოდიოდა. თაბაგრებიდან ისევ ფეხით დავეშვით. ავტობუსმა გაგვასწრო და შემოვლითი გზით მოგვიწია ზესტაფონიდან წამოსვლა. გზა კი გაგვიგრძელდა, მაგრამ ღირდა იმერეთის გადაბარდნილი პეიზაჟების ნახვად!

თბილისში გვიან დავბრუნდით - დაღლილები და კმაყოფილები.

11 იანვარი, პარასკევი
დილიდანვე სამირთან გავეშურე გადასაღებად. რუსთაველზე, პირველი სკოლის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში მელოდებოდა. აქ უყვარს დგომა და სიმღერა, რადგან ძალიან ბევრი ნაცნობი ჰყავს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მაგრამ ქალაქის ცენტრში სიმღერის უფლებას აღარ აძლევენ და ახლა, ძირითადად, ნავთლუღისა და ვარკეთილის მიწისქვეშა გადასასვლელებში მღერის.

დღეს ბედნიერი დღე აქვს, რუსთაველზე მელოდება. ვიკასთან მიდის ხოლმე... ვიკა 16 წელია, ამ მიწისქვეშა გადასასვლელში დგას და ბატიბუტს ყიდის. ყიდის ყოველდღე. წელიწადში მხოლოდ ორ დღეს ისვენებს - აღდგომას და ახალი წლის დილას. მიწისქვეშა გადასასვლელში გაიცნო სამირმა ვიკა. განა მხოლოდ უყვარს, აღმერთებს! ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი დედა რომ ყოფილიყოო, ამბობს.

ვიმუშავეთ...

დავიღალეთ...

წამოვედი.

12 იანვარი, შაბათი
ახალ წლებამდე ჩემმა ნათესავმა მოხუცმა ქალმა დამირეკა სოფლიდან: გოგო მანდ, მარნეულში, კარგი მკითხავი ექიმი ყოფილა, იქნებ გამიგო რამე, რომ ამ ჩემს მარილებს ვუშველოო. დამაინტერესა - იქნებ კარგი გადასაღებიც ყოფილიყო და დღეს დილით მარნეულში წასვლა გადავწყვიტე.

რომ მივედი, მკურნალ ედგარს ეძინა - ხალხი ჰყავდა და მთელი ღამე მუშაობდაო. სანამ გაიღვიძებდა, შვილმა მიამბო: „20 წლის წინ მამაჩემს ცხვარი ჰყავდა მინდორში გარეკილი, წინ უზარმაზარი გველი შემოხვდა და შიშით გონება დაკარგა. მერე 40 დღე ეძინა. გაიღვიძა და მკურნალობა და მკითხაობა დაიწყო.“

როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი ხალხი აკითხავს. მალე ედგარმა გაიღვიძა და გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მითხრა, ერთი კვირა არ ვმუშაობ, მერე კი მოდი და რაც გინდა, გადაიღეო. ძალიან კარგი, ნებართვა მაქვს - ერთ კვირაში დავბრუნდები.
XS
SM
MD
LG