Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი: გერმანია არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას


გიორგი კვირიკაშვილი, ანგელა მერკელი
გიორგი კვირიკაშვილი, ანგელა მერკელი

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას, თუმცა საბოლოო დადებითი გადაწყვეტილების მიღება ბერლინს მხოლოდ თავის დასაზღვევად გამიზნული „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ დამტკიცების შემდეგ წარმოუდგენია – ამ შინაარსის განმარტებები გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გააკეთა 15 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პრემიერის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ამ შეხვედრას განსაკუთრებული ინტერესი დაუკავშირდა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში გერმანია მთავარ სკეპტიკოს ქვეყნად დასახელდა. რა როლს ასრულებს გერმანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებათა ჭრილში და იწვევს თუ არა გაწბილებას ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები?

ანგელა მერკელმა გარკვევით თქვა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოს მიზეზით არ შეფერხებულა, რადგანაც, ევროკომისიის მტკიცებით, საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება და პროცესი დაგვირგვინდება მალევე მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმს” დაამტკიცებს. კანცლერის განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, შეჩერების მექანიზმის გამარტივებით გერმანია ცდილობს, საჭიროების შემთხვევაში, მომზადებული შეხვდეს პრობლემას, რომელიც წლების წინ სერბიის მაგალითზე გამოვლინდა, როდესაც ამ ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ მოინდომა გერმანიაში საცხოვრებლად დარჩენა. კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, მაგრამ ითქვა, რომ გერმანია არ აპირებს ევროკომისიის დასკვნის იგნორირებას და საქართველოს მოქალაქეებს დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ:

„(„შეჩერების მექანიზმის“ საკითხის) განხილვა ევროპარლამენტში მიმდინარეობს. პარლამენტი დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ განხილვის პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ევროკომისიის დასკვნა. ვიცით, თუ რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს და, ევროკომისიის მტკიცებით, საქართველომ ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილა. შესაბამისად, გერმანია არ შეეწინააღმდეგება ევროკომისიის ამ რეკომენდაციას – ახლა საქმე შეეხება მხოლოდ ამ საკითხის „შეჩერების მექანიზმთან“ შეთავსებას“.

ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ევროკომისიის დასკვნა. ვიცით, თუ რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს და, ევროკომისიის მტკიცებით, საქართველომ ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილა. შესაბამისად, გერმანია არ შეეწინააღმდეგება ევროკომისიის ამ რეკომენდაციას...
ანგელა მერკელი

ეს განცხადება ანგელა მერკელმა 15 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აქვე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდაჭერას და გერმანიის დაპირებას – გვერდში დაუდგეს საქართველოს როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების პროცესში.

საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები „უფრო ფართო და ხანგრძლივ კონტექსტში“ განიხილება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამავე პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მას დაუსვეს შეკითხვა საქართველოს შესაძლო იმედგაცრუებასთან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილებების გამო სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები არც დღევანდელი გადაწყვეტილებებით განისაზღვრება და არც მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს:

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები, მათ შორის როგორც ევროპული პოლიტიკის, ასევე გლობალური პოლიტიკის. ამიტომ, ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები, ჩვენ ვთვლით, რომ პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც, კაცმა რომ თქვას, ბუნებრივიც უნდა იყოს“.

რაც შეეხება საქართველოდან მიგრირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებულ შეშფოთებას, რაზეც, უცხოური მედიის ცნობით, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში აქტიურად მიუთითებდა გერმანია, კონკრეტულად ამ მითქმა-მოთქმაზე და შეშფოთებაზე არ ყოფილა ლაპარაკი, მაგრამ როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, კრიმინალური ვითარება მართლაც ასრულებს გარკვეულ როლს, თუმცა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცველი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ ამ მიმართებით. ამავე საკითხს ეხმიანებოდა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ უვიზო მიმოსვლისთვის მზადების პროცესში საქართველომ გააკეთა ყველაფერი ევროპის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად და რომ საკითხი კვლავაც რჩება საგანგებო ყურადღების ცენტრში:

„ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, გავაფორმეთ შესაბამისი სახელმწიფოთშორისი შეთანხმება, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩემთან ერთად ვიზიტი აქვს შს მინისტრსაც – ეს წელს მისი უკვე მეორე ვიზიტია. ასევე საქართველოში მარტში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელმაც უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო. მე მქონდა საუბარი ქალბატონ კანცლერთან ამ საკითხის თაობაზე და აღვუთქვი, რომ ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“.

ოპტიმისტური სცენარით, ეს („სწრაფი შეჩერების მექანიზმი“) შეიძლება დამტკიცდეს ევროპარლამენტის არდადეგებამდე, ივლისის დასაწყისში...
ვანო ჩხიკვაძე

როგორც მოსალოდნელი იყო, პრესკონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერმა მოზომილი, დიპლომატიური განცხადებები გააკეთა და დარჩა ისევ ის ბუნდოვანება, რაც აქამდე იყო, უთხრა რადიო თავისუფლებას ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ. რაც შეეხება „სწრაფი შეჩერების მექანიზმს“, რომლის ჭრილშიც განიხილავს ანგელა მერკელი სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს, შესაძლოა, ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირაში დაამტკიცოს – ასეთია ვანო ჩხიკვაძის ოპტიმისტური ვარაუდი:

„ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, გაიმართა საკომიტეტო განხილვა და ივნისში კიდევ ერთი განხილვა შედგება. ოპტიმისტური სცენარით, ეს („სწრაფი შეჩერების მექანიზმი“) შეიძლება დამტკიცდეს ევროპარლამენტის არდადეგებამდე, ივლისის დასაწყისში“.

ვიდრე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ბიზნესფორუმში, სახელწოდებით „ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოსთან ერთად“, რომელშიც ორი ქვეყნის 150-ზე მეტი ბიზნესორგანიზაცია მონაწილეობდა და რომლის მთავარ თემებად დასახელდა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო მიმზიდველი და სტაბილურია და „რეგიონის წამყვან რეფორმატორ ქვეყანას“ – საქართველოს – განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

როდესაც ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე ლაპარაკობდა ბიზნესფორუმის ტრიბუნიდან, თავის ინგლისურენოვან მისასალმებელ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებს გაუსვა ხაზი და სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნელობაც გამოკვეთა:

„ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის ასოცირების შეთანხმება, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. ამ თვის მიწურულს ჩვენ ასევე ხელს მოვაწერთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც მოიცავს შვეიცარიას, ლიხტენშტეინს, ისლანდიასა და ნორვეგიას. ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ძირითადი ქვაკუთხედი სავიზო ლიბერალიზაცია იქნება. საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი სავიზო ლიბერალიზაციისთვის და ახლა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას“.

ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს ნატოელ მოკავშირეებთან. შეუქცევადია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რაც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს. ნატოსთან ურთიერთობა ჩვენთვის წარმოადგენს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც საქართველო ეკუთვნის...
გიორგი კვირიკაშვილი

რადგანაც ეკონომიკური განვითარება მშვიდობასა და სტაბილურობაზეა დამოკიდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ აქცენტებს შორის საქართველოსა და ნატოს დაახლოების პერსპექტივებიც მოხვდა. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ მოახლოებულ ვარშავის სამიტს საქართველო იმედიანად უყურებს და რომ ამ სამიტის შედეგები ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. „პოლიტიკური მხარდაჭერა, საქართველოს ინტეგრირების პროცესის შეუქცევადობის ხელახალი დადასტურება და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება“ – ასეთია ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინის კონკრეტული განზომილებები, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა. „ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს ნატოელ მოკავშირეებთან. შეუქცევადია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რაც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს. ნატოსთან ურთიერთობა ჩვენთვის წარმოადგენს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც საქართველო ეკუთვნის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კანცლერ მერკელთან შეხვედრის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი (15-16 ივნისი) ოფიციალური ვიზიტის განრიგში ვხვდებით შეხვედრებს გერმანიის უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის არიან: გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, განათლებისა და კვლევის მინისტრი იოჰანა ვანკასა თუ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი. დაგეგმილია ასევე რამდენიმე საჯარო ლექცია, მათ შორის „ფრიდრიხ ებერტის" ფონდში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG