Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: საზოგადოება საკონსტიტუციო და თვითმმართველობის რეფორმით უკმაყოფილოა


კვლევის შედეგების პრეზენტაცია
კვლევის შედეგების პრეზენტაცია

გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. გამოკვლევა ასახავს საზოგადოების დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს ინფორმაცია ცვლილებების თაობაზე არა აქვს. კვლევაში ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ადგილობრივი თვითთმმართველობის ორგანოების მუშაობისადმი, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და, ზოგადად, დასაქმებულთა უფლებებთან მიმართებით. გამოკვლევის მიხედვით, უცვლელია საგარეო პრიორიტეტები და ქვეყნის შიგნით სამ უმთავრეს ეროვნულ პრობლემას შორის კვლავ უმუშევრობა ლიდერობს. გამოკვლევა მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩართვით ჩატარდა და გამოიკითხა 2 261 პირი.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის, 52%-ით, პირველ ადგილზეა სამუშაო ადგილები. მას 31%-ით მოსდევს სიღარიბე, მესამე ადგილზე კი ტერიტორიული მთლიანობაა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიიჩნევს გამოკითხულთა 30%. გამოკითხულთა 4 % მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 27 %-ის შეფასებით, ძირითადად სწორი მიმართულებით, ხოლო 35 %-ის აზრით, საქართველო არ იცვლება. გამოკითხულთა 20 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორად ვითარდება, 11 %-ის შეფასებით კი - ნამდვილად არასწორი მიმართულებით. ამავე კვლევის თანახმად, 2015 წლის აგვისტოს შემდეგ 12 %-ითაა გაზრდილი რაოდენობა იმ რესპონდენტებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა და სოფელში პირობები გაუმჯობესდა. ეს მაჩვენებელი 2015 წლის აგვისტოში 9 % იყო, წელს ივნისში კი - 21%. შეკითხვაზე, რომელი ინფრასტრუქტურული პრობლემა აწუხებთ ყველაზე მეტად, 37 %-მა გზები დაასახელა, 22 %-მა - გარემოს დაბინძურება და 17 %-მა - წყლით მომარაგება. საქართველოს დღევანდელი მთავრობის საქმიანობა ძალიან კარგია 1 %-ის შეფასებით, კარგია - 9 %-ის, საშუალოა - 52 %-ის, ცუდია - 23 %-ის და ძალიან ცუდია - 12 %-ის შფასებით.

ლორა თორნტონი
ლორა თორნტონი

როგორც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა აღნიშნა, გამოკველევის მთავარი მიგნებები უკავშირდება საზოგადოების დამოკიდებულებას საკონსტიტუციო ცვლილებების, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დასაქმებულთა უფლებებისადმი. გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 32 პროცენტს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, იმ ადამიანთა უმრავლესობა კი (59 პროცენტი), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არა აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე. გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2 პროცენტი დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს. ამას გარდა, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, მხოლოდ 6 პროცენტი ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; 47 პროცენტის აზრით, ნაწილობრივ ასახავს, 32 პროცენტის თქმით კი, საერთოდ არ ასახავს.

„ამ კვლევის პირველი ნაწილის მთავარი მიგნება, ვფიქრობ, არის დამოკიდებულებები ახალი და მიმდინარე რეფორმებისადმი. ეს არის ქვეყნის მოწყობის მთავარი რეფორმები. ერთი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას და 7 ქალაქის სტატუსს და მეორე შეეხება ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტს, როგორიც არის კონსტიტუცია. და ამ კვლევით აშკარაა, რომ ხალხი ნაკლებად ან არ არის ინფორმირებული, მათ შორის, ვინც იცის ამ ცვლილებების თაობაზე, მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები არ ასახავს მოსახლეობის მოსაზრებას და, ზოგადად, უარყოფითად არიან განწყობილნი, რაც, ჩემი აზრით, მიანიშნებს იმაზე, რომ აჩქარება არ არის საჭირო ამ პროცესში და ცვლილებები საჭიროებს უფრო მეტ განხილვას, მოსახლეობის მეტ ჩართულობას და მეტ ინფორმირებას,რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით იქნეს მიღებული. რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შეფასებას, ადგილობრივი თვითთმმართველობის საქმიანობას დიდი ენთუზიაზმით არ აფასებენ, მაგრამ არც უარყოფითად არიან განწყობილი და ძირითადად საშუალოდ აფასებენ. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით დამოკიდებულება სტაბილურია, ევროკავშირში გაწევრიანების მაჩვენებელიც სტაბილურია, ნატოში გაწევრიანების მსურველთა მაჩვენებელიც სტაბილურია. ჩვენ არ მიგვიღია პასუხი „არ ვიცი“ ან უარი პასუხზე, რაც დადებითი სიახლეა ქვეყნისთვის.

ასევე, ვფიქრობ, კვლევაში მოცემული საინტერესო მიგნებაა შრომით უფლებებთან დაკავშირებული მოსაზრებები. არ ვიცი, კეთდება თუ არა ამ საკითხის სიღრმისეული ანალიზი ქვეყანაში და ძალიან საინტერესოა, რომ, ბევრის აზრით, შრომითი უფლებები ადეკვატურად არ არის დაცული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და, განსაკუთრებით, კერძო სექტორში და საჭიროა უსაფრთხოების უკეთესი სტანდარტები მუშებისთვის“,- აცხადებს ლორა თორნტონი.

ის, რომ დასაქმებულთა პრობლემები - განსაკუთრებით, მათი უსაფრთხო შრომის პირობები - ძალიან მწვავედ დგას ქვეყანაში, ცხადყოფს უკანასკნელ ორ დღეში მომხდარი უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზეო, ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგნელი, ლინა ღვინიანიძე. მისი თქმით, თბილისში მშენებლობაზე უკანასკნელ ორ დღეში სამი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. შესაბამისად, ლინა ღვინიანიძის თქმით, ენ-დი-აი-ს კვლევაც ადასტურებს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ მწვავე პრობლემისადმი:

„ეს არის ძალიან ნათელი განწყობა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც არა მარტო გრძნობენ შრომითი უფლებების დარღვევას საკუთარ თავზე, მათ ირგვლივ, მათი ოჯახის წევრებზე და სხვა ადამიანებზე, არამედ სახავენ ამ პრობლემას, როგორც პირველ საკითხს, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, რამდენადაც მთავარ საკითხად შრომითი უფლება არასდროს არ დგას სახელმწიფო პოლიტიკურ დღის წესრიგში, მმართველი გუნდის დღის წესრიგში. და ეს არ არის თემა, რომელზეც ვხედავთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი უწყება მუშაობს. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს შრომის სამინისტრო , ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობა გააჭიანუროს ეს პროცესი და მაქსიმალურად გაითვალისწინოს ის მძლავრი ეკონომიკური ინტერესები, რომელიც უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რომლის შექმნასაც ჩვენ ვითხოვთ და რომელიც გულისხმობს ღირსეული და ბაზისურად გარანტირებული უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნას ადამიანებისთვის“.

ენ დი აის თბილისის ოფისის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამით შეიძლება გარკვეული კრიტიკული ტენდენციების დანახვა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ეს კვლევები რეალობას სცდება...
მამუკა მდინარაძე

რაც შეეხება „ენ დი აის“ გამოკვლევაში მოყვანილ დამოკიდებულებებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობისადმი, მოსახლეობის ნახევარი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ცენტრალური მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 10 პროცენტი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას - 16 პროცენტი. უმრავლესობა (58%) ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციისა (35 %) და ნეპოტიზმის (46%) პრობლემები აქვს. ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად არის გამოხატული თბილისში. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, რომ რაიმე შეხება ჰქონია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, თუმცა მათი უმრავლესობა, ვისაც ჰქონია კონტაქტი, აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე ხალხი კომპეტენტურია და მას პატივისცემით მოექცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლებელია გამოკვლევაში გარკვეული კრიტიკული ტენდეციების ამოკითხვა, მაგრამ გამოცდილება მათ უჩვენებს, რომ NDI-ის კვვლევებში მოყვანილი მაჩვენებლები ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას. ამას ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე:

„ენ დი აის თბილისის ოფისის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამით შეიძლება გარკვეული კრიტიკული ტენდენციების დანახვა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ეს კვლევები რეალობას სცდება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეუძლებელია“.

ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის შესახებ აზრი თბილისის მცხოვრებლებსაც ვკითხეთ.

დოდო ჩხვიმიანი: „ხალხისთვის არავინ არაფერს აკეთებს, მე ამას ვხედავ. კონკრეტულად, მე ვერ ვხედავ ვერც მერიის მუშაობას, განსაკუთრებით ქალაქის განაშენიანების კუთხით და, საერთოდ, შეძრწუნებული ვარ“.

ზურაბ დანელია: „ როცა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობ, პიროვნება ასე თუ ისე დაცულია, მაგრამ კერძო კომპანიებში ჰგონიათ, რომ რადგან კერძოა და თავისია, როგორც უნდათ, ისე შეუძლიათ მოექცნენ თანამშრომლებს და ამას ვერ დავეთანხმები, ამაში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული“.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას საგარეო პოლიტიკური კურსისადმი, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით გამოკითხული რესპონდენტების 77 %-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, და მიუღებელია 16 %-ისთვის. 66 %-ისთვის მისაღებია ნატოში გაწევრიანება და მიუღებელია 23 %-ისთვის. გამოკითხულთა 23 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ კავშირში, ხოლო 62 % ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გახდეს დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ დაარსებული ევროკავშირის წევრი.

NDI-ის დაკვეთით, გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. მან 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 2 261 რესპონდენტი გამოკითხა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2 პროცენტია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG