Accessibility links

პალესტინელთა მეტოქე ფრაქციებმა შერიგების ხელშეკრულება გააფორმეს


პალესტინის დროშები

ერთმანეთის მეტოქე პალესტინურმა ფრაქციებმა, “ჰამასმა” და “ფატაჰმა”, ხუთშაბათს შერიგების ხელშეკრულება გააფორმეს - მას შემდეგ, რაც “ჰამასი” დათანხმდა დათმოს ადმინისტრაციული კონტროლი ღაზაზე, რაფას მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტის ჩათვლით.

ხელშეკრულება, რომელიც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმდა, ერთმანეთთთან აკავშირებს ძველ მეტოქეებს - დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ პარტია „ფატას“, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის, პარტიაა და „ჰამასს“ - ისლამისტურ მოძრაობას, რომელსაც დასავლეთის მთავრობები და ისრაელი ტერორისტულ ჯგუფს უწოდებენ.

პალესტინელთა გაერთიანება გააძლიერებს აბასის პოზიციებს იმ მოლაპარაკების განახლებაში, რომელიც შეეხება პალესტინელთა სახელმწიფოს აღდგენას. პალესტინელთა შორის შიდა დაპირისპირება მნიშვნელოვან სირთულეს ქმნიდა მშვიდობის დამყარების პროცესში - „ჰამასს“ ისრაელთან სამი ომი ჰქონდა 2008 წლის შემდეგ და კვლავაც მისი განადგურების მოწოდებებით გამოდის.

„ჰამასის“ თანხმობა, ადმინისტრაციულმა უფლებამოსილებამ ღაზიდან გადაინაცვლოს „ფატაჰის“ მიერ მხარდაჭერილ მთავრობასთან, მნიშვნელოვანი ცვლილებაა მის პოზიციებში. სააგენტო „როიტერსის“ ანალიტიკოსის აზრით, ეს ცვლილება ნაწილობრივ გამოწვეულია ფინანსური და პოლიტიკური იზოლაციის შიშით - მას შემდეგ, რაც მის მთავარ დონორს, ყატარს, ივნისში სერიოზული დიპლომატიური უთანხმოება მოუვიდა მნიშვნელოვან მოკავშირეებთან, მაგალითად, საუდის არაბეთთან. სახელმწიფოები ყატარს ბრალს სდებენ ისლამისტი ექსტრემისტების მხარდაჭერაში, რასაც თავად ყატარი უარყოფს.

ხუთშაბათს ღაზის ქუჩებში ათასობით პალესტინელი გავიდა შერიგების ხელშეკრულების გაფორმების აღსანიშნავად. მანქანებში ხმამაღლა იყო ჩართული ეროვნული მუსიკა, ახალგაზრდები ქუჩებში ცეკვავდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. ბევრს ხელში პალესტინელთა და ეგვიპტის დროშები ეჭირა.

ეგვიპტემ წარსულშიც გაუწია დახმარება ამ ორ ძალას დასავლეთის სანაპიროზე ერთიანი მთავრობის ფორმირების მცდელობებში. ამ ეტაპზე დასავლეთის სანაპიროზე აბასი და „ფატაჰის“ ხელმძღვანელობით მოქმედი პალესტინელთა ავტონომიაა განთავსებული.

„ჰამასი“ და „ფატაჰი“ 2014 წელს შეთანხმდნენ ერთიანი შერიგების ხელისუფლების ფორმირებაზე, მაგრამ ხელშეკრულება მალე დაირღვა, ურთიერთბრალდებებისა და იმ გარემოების ფონზე, რომ „ჰამასი“ ღაზის დომინაციას განაგრძობდა.

„ლეგიტიმური მთავრობა, კონსენსუსის ხელისუფლება, დაბრუნდება მისი პასუხისმგებლობისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა „ფატაჰის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზამ ალ-აჰმედმა, კაიროში, ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე.

მისი თქმით, ერთიანი მთავრობა უხელმძღვანელებს „ყველა ინსტიტუტს, გამონაკლისის გარეშე“ - მათ შორის ყველა სასაზღვრო პუნქტს ისრაელთან და რაფაში, რომელიც ღაზის ერთადერთი დამაკავშირებელია ეგვიპტესთან.

ხელშეკრულება გამოდის მოწოდებით 1 ნოემბრიდან აბასის საპრეზიდენტო დაცვამ იკისროს პასუხისმგებლობა რაფაზე. ღაზაში ერთიანი ხელისუფლებისთვის უფლებამოსილების სრულად გადაცემა 1 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ანალიტიკოსების აზრით, ამ შეთანხმებას, წინამორბედებისგან განსხვავებით, მეტი შანსი აქვს იმუშაოს, რადგან „ჰამასი“ მზარდ იზოლაციაშია და ასევე ხედავს, რაოდენ რთულია ღაზის მართვა და განვითარება, როცა მისი ეკონომიკა სასაზღვრო ბლოკადებით არის დასუსტებული, ინფრასტრუქტურა კი ისრაელთან ომებმა გაანადგურა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG