Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დასაჯეს მიტროპოლიტი პეტრე


საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

9 მარტს საპატრიარქოში გამართულმა სინოდის საგანგებო სხდომამ თანამდებობიდან გადააყენა საპატრიარქოს ტელევიზიის გენერალური დირექტორი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომლის თქმითაც, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მის მიერ საპატრიარქოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მიტროპოლიტი პეტრე აკრიტიკებდა პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს, და ღიად საუბრობდა საპატრიარქოს შიგნით არსებულ პრობლემებზე.

როგორ დასაჯეს მიტროპოლიტი პეტრე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:41 0:00
გადმოწერა

საპატრიარქოში გამართული სინოდის რიგგარეშე სხდომა არასრული სამი საათი გაგრძელდა. სხდომის დღის წესრიგის შესახებ ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია, თუმცა სინოდის ცალკეული წევრები ადასტურებდნენ, რომ შეიკრიბნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმისა და მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გადააყენეს საპატრიარქოს ტელევიზიის, „ერთსულოვნების“, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან:

ყველას გვისწავლია სკოლაში ან ინსტიტუტში... არის მეგობრული წრეები. ორი-სამი ადამიანი - ცალკე, ხუთი - ცალკე, ეს კლანი ხომ არ არის? ეს არის პირადი ურთიერთობა. ვიღაც მეგობრობს, ვიღაც ნაკლებად მეგობრობს. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, მაგრამ დაპირისპირება - არა...
იოანე გამრეკელი

„ვფიქრობ, რომ მიკერძოებული სამართალი იყო და მიმაჩნია, რომ ამ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მნიშვნელოვანი. მირჩევნია, რომ დავისაჯო სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“.

წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ასევე გაირკვა, რომ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი არ განუხილავთ, თუმცა სხდომის დაწყების წინ მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას. კითხვას, სჯერა თუ არა პროკურატურის ვერსიის, მღვდელმთავარმა ასე უპასუხა:

„აბა, ქვეყანაში ვის უნდა დავუჯერო, თუ პროკურატურას არა? არის სხვა ვარიანტი?“

რუსთველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს კი მოუწია კომენტარის გაკეთება საპატრიარქოში არსებული კლანური დაპირისპირების შესახებ:

"ყველას გვისწავლია სკოლაში ან ინსტიტუტში... არის მეგობრული წრეები. ორი-სამი ადამიანი - ცალკე, ხუთი - ცალკე, ეს კლანი ხომ არ არის? ეს არის პირადი ურთიერთობა. ვიღაც მეგობრობს, ვიღაც ნაკლებად მეგობრობს. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, მაგრამ დაპირისპირება - არა“.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გაირკვა, რომ სინოდის წევრებს სიღრმისეულად არ უსაუბრიათ საპატრიარქოში არსებული პრობლემების შესახებ. მიტროპოლიტ პეტრეს დასჯა კი თეოლოგსა და რელიგიურ უფლებათა დამცველ ბექა მინდიაშვილს აფიქრებინებს, რომ სინოდსა და საპატრიარქოს არანაირი რესურსი არ გააჩნია გაუმკლავდეს უმწვავეს კრიზისს:

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

„ეს არის იდენტობის კრიზისი და მორალური კრიზისი, რომელიც დგას საპატრიარქოსა და მთელი ეკლესიის წინაშე, რის შესახებაც ავად თუ კარგად ცდილობდა ესაუბრა მიტროპოლიტ პეტრეს და ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მათ იპოვნეს, არის იმ ადამიანის დასჯა და დადუმება (დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ამის შემდეგ აღარ ისაუბრებს), რომელიც ცდილობდა ამ ჭაობის შეყანყალებას. ეს მოასწავებს იმას, რომ საპატრიარქო კარგა ხნით ისევ დაილუქება გარეშე თვალისთვის და ისევ წარმოუდგენლად საზარელი პრობლემები დაგროვდება, რის შესახებაც პეტრე საუბრობდა, იქნება ეს ბიზნესი, წილები, ურთიერთსიძულვილი, ათასნაირი დანაშაულის დაბრალება და სხვა და სხვა“.

ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდს უნდა ემსჯელა არა კონკრეტულ პრობლემურ საკითხებზე, ისეთებზე, როგორიც არის, მაგალითად, დეკანოზ მამალაძის საქმე ანდა მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები, არამედ საქართველოში ქრისტიანობის უმწვავეს კრიზისზე, თუმცა ამის ნაცვლად სინოდმა კონკრეტული მღვდელმთავრის გაჩუმება გადაწყვიტა.

„ტელევიზიისგან ჩამოშორება არის გაფრთხილება, რომ საერთოდ არ ჩამოაშორონ ეპარქიას, სამღვდელმთავრო საქმიანობას და უკვე მეორე გაფრთხილება შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ შეაჩერონ მისი მღვდელმოქმედება, როგორც თავის დროზე ბასილ კობახიძეს შეუჩერეს ანალოგიურად მღვდელმოქმედება იმის გამო, რომ ისიც ღიად, საჯაროდ საუბრობდა ეკლესიაში არსებული რეალობის შესახებ. საპატრიარქოს ყველაზე მეტად აშინებს საჯაროდ გამოტანილი სიმართლე მის შესახებ, რაც გამოჩნდა კიდეც - განხილვის მთავარი თემა იყო პეტრე ცაავა და ის პრობლემა, რასაც საპატრიარქო უწოდებს ეკლესიის წიაღში არსებული საკითხების საჯაროდ განხილვას. სინოდის წევრებს, საპატრიარქოს მიაჩნიათ, რომ ეს არის რაღაც დახურული კორპორაცია, სადაც მზის შუქი არ უნდა შედიოდეს და სადაც არც სახარების სინათლე უნდა აღწევდეს და არც მედიის შუქი უნდა აღწევდეს და არავინ არ უნდა მსჯელობდეს ამ დახურული ორგანიზაციის შესახებ, რომელშიც, შესაძლოა, უამრავი უკანონო საქმე იხარშება“, უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

დღის ბოლოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა წმინდა სინოდის განჩინება, რომელიც საზოგადოებას სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო. მისი თქმით, სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ.

„მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG