Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუპერმოდელი რუსეთში შშმ პირების დასაცავად იბრძვის


ნატალია ვოდიანოვა
ნატალია ვოდიანოვა

12 აგვისტოს რუსმა სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი აუტისტი და, ოქსანა, რომელიც ასევე ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, და მისი მომვლელი ნიჟნი ნოვგოროდის კაფეში შევიდნენ სიცხისგან თავის შესაფარებლად. მომვლელმა ოქსანასთვის საჭმელი შეუკვეთა, თუმცა, როგორც ნატალია წერს, მასთან კაფეს მეპატრონე მივიდა და უთხრა, აქედან გადით, კლიენტებს მიფრთხობთო. დაცვა კი ქალებს დაემუქრა, საგიჟეთში ჩაგსვამთ და სარდაფში ჩაგკეტავთო. კაფეში ვოდიანოვას დედაც მივიდა, იქ კი მას პოლიციელი დახვდა, რომელმაც უთხრა, წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგაკავებთო.

ნატალია ვოდიანოვას ფეისბუკის პოსტს რუსეთის სოციალური და ტრადიციული მედიის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა სოციალურ ინტეგრაციას ხომ უამრავი წინაღობა ექმნება. ორგანიზაცია „ჰიუმენ რაითს უოჩი“, მაგალითად, წერს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირები რუსეთში განიცდიან დისკრიმინაციას სამსახურში, ვერ იღებენ ჯანდაცვის ადეკვატურ მომსახურებას და ნორმალურ განათლებას.

შარშანდელ მოხსენებაში ამ ორგანიზაციამ დაწერა, რუსეთის მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს განსაკუთრებული საჭიროების ბავშვების დასახმარებლად, მაგრამ გასაკეთებელი გაცილებით მეტიაო.

მოხსენების ავტორმა ანდრეა მაზარინომ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების თითქმის 30 პროცენტი რუსეთში მშობლების გარეშე იზრდება.მისი თქმით, რუსეთში, როდესაც ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობებით იბადება, მშობლები განიცდიან ხოლმე ზეწოლას ექიმებისგან, რომ ბავშვი მიატოვონ. ჩვილები ბავშვთა სახლებში მიჰყავთ, სადაც ისინი ძალადობისა და უყურადღებობის მსხვერპლნი ხდებიან.

ნატალია ვოდიანოვაც, რომელიც ახლა პარიზში ცხოვრობს და ყველაზე ცნობილი ბრენდებისთვის პოზირებს, ამბობს, რომ დედამისს აძალებდნენ ოქსანა ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. დედამ ამაზე უარი თქვა. ნატალიამაც, მისივე თქმით, სამოდელო კარიერა ნაწილობრივ იმიტომ დაიწყო, რომ ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა.

ვოდიანოვა, მას შემდეგ, რაც ცნობილი ადამიანი გახდა, ცდილობს დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთ და მათი პრობლემები წარმოაჩინოს. ამერიკულ ჟურნალ „გლამურისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:

“ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის. ეს რეალობაა, რომელსაც ყველა ოჯახი განიცდის, ვისაც სპეციალური საჭიროებების ბავშვი ჰყავს. ჩემთვის რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მესმის, რომ ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ჩვენი საზოგადოებისათვის, რომელიც უნდა შეისმინონ”.

სუპერმოდელის პოპულარობა, ალბათ, მართლაც, უწყობს ხელს ამ პრობლემის უკეთ წარმოჩენას. ნატალია ვოდიანოვას მიერ ფეისბუკზე პოსტის განთავსებიდან რამდენიმე საათში ის 15 ათასჯერ გაიზიარეს და 34 ათასჯერ მოიწონეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG