Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 3 მაისი


„რუსეთში მიგრანტებისადმი დამოკიდებულება უარესდება“ - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „ვედომოსტი“ სტატიას, რომელშიც სოციოლოგიური კვლევების ცენტრის - „ლევადას ცენტრის“ - მონაცემებით, ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. გამოკითხულთა 32 პროცენტი მიიჩნევს, რომ მიგრანტები, როგორც წესი, გაუნათლებელი ხალხია და მათ მხოლოდ არაკვალიფიციური შრომით ბაზარზე შეუძლიათ დასაქმდნენ. ათი წლის წინ ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 28 პროცენტი. ამასთან, 38-დან 25 პროცენტამდე შემცირდა იმათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ მიგრანტები შრომისმოყვარე ხალხია და მზად არიან ბევრი იმუშაონ. 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა შეზღუდოს მიგრანტთა ნაკადი. შეიცვალა დამოკიდებულება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისადმი. მაგალითად, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილი უკრაინის მოქალაქეებისადმი, გაიზარდა 9-დან 19 პროცენტამდე, ბელორუსიის მოქალაქეებისადმი - 8-დან 13 პროცენტამდე, შუააზიელებისადმი კი - 31-დან 38 პროცენტამდე, თუმცა საგრძნობლად გაუმჯობესდა დამოკიდებულება კავკასიის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტებისადმი.

„ვედომოსტიში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთის ყოველ მეორე მოქალაქეს აქვს შეუწყნარებლობა მიგრანტთა რომელიმე კატეგორიის მიმართ. როგორც „ლევადას ცენტრის“ თანამშრომელმა კარინა ფიფიამ განუცხადა გამოცემას, ხშირ შემთხვევაში „მიგრანტოფობიის“ გამწვავებას იწვევს პოლიტიკური ფაქტორები: მაგალითად, როცა იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინისადმი, ასევე იზრდება უკრაინელი მიგრანტების მიუღებლობაც.

გაზეთი „იზვესტია“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთში მცირდება ალკოჰოლის მოხმარება. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს რუსეთის საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ 200 გრამით ნაკლები აბსოლუტური ალკოჰოლი მიიღო, ვიდრე 2015 წელს, ასეთი შემცირება კი ეკვივალენტურია ნახევარი ლიტრი არყის ანდა 5 ლიტრი ლუდისა.

მთლიანობაში, სტატიის მიხედვით, 2016 წელს რუსეთში 968 მილიონი ლიტრი აბსოლუტური ალკოჰოლი გაიყიდა. ყველაზე მეტად - 12,2 პროცენტით - შემცირდა სუსტი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა, 6,9 პროცენტით იკლო შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების რეალიზაციამ, ხოლო 5,6 პროცენტით - ლუდისა. ფაქტობრივად, არ შეცვლილა არყის მოხმარების მაჩვენებელი.

რუსული გამოცემა აქვეყნებს ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონალური ბაზრების კვლევის ცენტრის დირექტორ ვადიმ დრობიზის მიერ მოტანილ მონაცემებს, რომელთა მიხედვით, რუსეთის საშუალოსტატისტიკურმა მოქალაქემ გასული წლის განმავლობაში დალია 50 ლიტრი ლუდი, 5 ლიტრი ღვინო და ღვინის ნაწარმი, 1 ლიტრი შამპანური და 7 ლიტრამდე არაყი. ამასთან, სტატიიდან ასევე ირკვევა, რომ 2016 წელს 24 პროცენტით შემცირდა ალკოჰოლიზმით დაავადებული იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში იმყოფებიან აღრიცხვაზე. რუსეთში ალკოჰოლის ძირითად მომხმარებელთა ასაკი 18-55 წელია, წერს გაზეთი „იზვესტია“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG