Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - 2020


თბილისში, ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ინიციატივით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, სახელწოდებით „პოლიტიკური ლანდშაფტი 2020: პოლიტიკური პარტიების მომავალი“. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბოლო ორი წლის გამოცდილებასა და საქართველოს პოლიტიკური მომავლის ხედვაზე 2020 წლისათვის სასაუბროდ ერთ მაგიდასთან ისხდებიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. როგორი იქნება პოლიტიკური პარტიების მომავალი და როგორია ამის თაობაზე თავად პოლიტიკოსების პროგნოზი?

„დღეს უფრო მარტივია შევთანხმდეთ მომავალზე, ვიდრე დღევანდელ კონკრეტულ საკითხებზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 19 დეკემბერს გამართული კონფერენციის მსვლელობისას და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლისათვის აღარ გაჩნდება კითხვა, ოპოზიციურ პარტიას დაუჭირა ფინანსურად მხარი მოქალაქემ ან ბიზნესმენმა თუ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ პარტიას:

„ეს განსხვავება უნდა გავაქროთ როგორმე და პოლიტიკური პარტია უნდა იყოს არა ხელისუფლებასთან სიახლოვისა თუ ხელისუფლებაში ყოფნის გამო გამორჩეული, არამედ ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს ეს: მე მომწონს ესა და ეს პარტია, ამიტომ მის ღონისძიებებზე დავდივარ - ეს იქნება პოლიტიკური თავისუფლების გვირგვინი, პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის განვითარება. მეტი ლიდერის გამოჩენაა საჭირო, ესეც 2020 წლის ამოცანაა“.
საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის თავისებურებების, გამოწვევებისა და მომავლის შესახებ სასტუმრო „რედისონში“ გამართული კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, სამოქალაქო სექტორის წევრები იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესები იმგვარად, რომ 2020 წლისათვის აღარ განიხილებოდეს საკითხები, რაც დღეს ჯერჯერობით პრობლემად რჩება - მაგალითად, ის, რომ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობენ ან ის, რომ ახალგაზრდებს არა აქვთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, რომ ეროვნული უმცირესობები პოლიტიკური პროცესების მიღმა რჩებიან.

გადარჩებიან ნოვატორი და მაქსიმალურად გახსნილი პოლიტიკური პარტიები, ასევე ისინი, ვისაც შიდა დემოკრატია აქვთ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მათი გადარჩენის წინაპირობა, იმიტომ რომ აქამდე ქართული პოლიტიკური სივრცე ყოველთვის დამოკიდებული იყო ძლიერ პიროვნებებზე...
ლევან ცუცქირიძე
ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე გვეუბნება, რომ დღეს, შესაძლოა, 2020 წელი ძალიან შორეულ პერსპექტივად გვეჩვენება, მაგრამ რეალურად მანამდე არცთუ ისე დიდი დრო რჩება - შემდეგი ექვსი წელი ქვეყანამ სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის უნდა გამოიყენოს. გადარჩება ის, ვინც ამ პრობლემებს გაუმკლავდება:

„გადარჩებიან ნოვატორი და მაქსიმალურად გახსნილი პოლიტიკური პარტიები, ასევე ისინი, ვისაც შიდა დემოკრატია აქვთ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მათი გადარჩენის წინაპირობა, იმიტომ რომ აქამდე ქართული პოლიტიკური სივრცე ყოველთვის დამოკიდებული იყო ძლიერ პიროვნებებზე. დღეს ორი ძლიერი პიროვნება პოლიტიკური სცენიდან ფორმალურად გავიდა. უნდა ვნახოთ, ამ ფონზე რას შეძლებენ პოლიტიკური პარტიები. გარდა ამისა, ძალიან დაბალია პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა, ასე რომ, ესეც მათთვის სერიოზული გამოწვევაა მუშაობის ახალი ფორმების მოძებნითა და მაქსიმალური დემოკრატიზაციით“.

2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ახალი პოლიტიკური ლიდერი ჩნდებოდა და მის გარშემო იკრიბებოდნენ პოლიტიკური ძალები, წამოვიდა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი - „შუა უნდა გაიკრიფოს“...
მამუკა კაციტაძე
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაცის, შეფასებით, ქართული პოლიტიკის დინამიკაზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს 1991 წლიდან დღემდე ხელისუფლების ცვლილების ფაქტები, კერძოდ კი, ჯერ სამხედრო გადატრიალებით, შემდეგ რევოლუციით და, ბოლოს, არჩევნების გზით შეცვლილი ხელისუფლება. ეს იმედისმომცემი დინამიკაა, თუმცა მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ 2020 წლისათვის აღარ უნდა არსებობდეს ე.წ. „შუის გაკრეფის“პოლიტიკა:

„2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ახალი პოლიტიკური ლიდერი ჩნდებოდა და მის გარშემო იკრიბებოდნენ პოლიტიკური ძალები, წამოვიდა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი - „შუა უნდა გაიკრიფოს“. ჩემი აზრით, ეს იყო ანტიპარტიული და ანტიდემოკრატიული გზავნილი, რამაც აზარალა ქართული პოლიტიკა და აზარალა ამომრჩეველთა თავისუფალი ნება, იმიტომ რომ გაჩნდა ორი პოლუსის - შავ-თეთრი პოლიტიკის - პერსპექტივა, და მეორეც, უგულებელყო რეალურად მრავალპარტიული პოლიტიკა და შექმნა პოლარიზებული პოლიტიკა. ეს აღარ უნდა გავიმეოროთ“.

კონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, ცხრაწლიან გამოცდილებაზე, მათ მიღწევებსა თუ შეცდომებზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემაც ილაპარაკა. მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის მიმართ გამოთქმული შენიშვნებისა, ბარამიძემაც იმედი დაიტოვა, რომ პოლიტიკური პარტიების კულტურა 2020 წლისათვის მნიშვნელოვნად გაიზრდება:

პოლიტიკური პარტიების მომავალსა და 2020 წლისათვის საქართველოს პერსპექტივებზე მსჯელობა 20 დეკემბერსაც გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის პირველ დღეს ასევე გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური პარტიები კონკრეტულ სამოქმედო გეგმასაც მოამზადებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG