Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღწერის საბოლოო შედეგებით, მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია


საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის, აღწერის შედეგებთან შედარებით, 15 პროცენტით ნაკლებია. შემცირება უფრო მეტად განიცადა სოფლის მოსახლეობამ, ზოგადად კი, მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აღინიშნებოდა, ყველაზე ნაკლები კი - აჭარაში. რამ გამოიწვია ცვლილებები მოსახლეობის სტრუქტურაში და როგორ გაგრძელდება მონაცემების ანალიზი?

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების დამუშავებას, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მერი დაუშვილის თანახმად, კანონით გათვალისწინებული 18 თვე დასჭირდა და საბოლოო შედეგები შემდეგ მონაცემებში ჩამოყალიბდა:

“ქვეყანაში ცხოვრობს 3 713 804 ადამიანი. მათ შორის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2 122 000 კაცს, ხოლო სოფლის მოსახლეობა-1591 000 კაცს. გენდერულ ჭრილში გადანაწილებით, 1 940 000 ქალია, ხოლო 1 722 000 მამაკაცია საქართველოს ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანი სხვადასხვა ბევრი ინდიკატორი გამოვაქვეყნეთ და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომ შევიდეს საიტზე და მისთვის საჭირო მონაცემები - განათლება იქნება, ეროვნება იქნება, აღმსარებლობა იქნება თუ სხვა მონაცემები - მოიძიოს“.

2014 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად ჩატარდა ასევე სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რომელმაც მოიცვა ყველა ის შინა მეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ჰყავდა პირუტყვი, ფუტკრის ოჯახი, ფრინველი ან ჰქონდა მრავალწლოვანი ნარგავები. სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითადი შედეგებით, ქვეყანაში სულ 642 000 მეურნეობაა, მათ შორის 640 000 შინამეურნეობა და 2 200 იურიდიული პირია. რომელია მეურნეობის რაოდენობით ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა რეგიონები? - ამ შეკითხვით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს მაია გუნცაძეს მივმართეთ:

“ყველაზე დიდი რეგიონი გახლავთ იმერეთის რეგიონი, სადაც განთავსებულია 126 000-მდე მეურნეობა, ხოლო ყველაზე მცირე მეურნეობების რაოდენობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ჩვენი მეურნეობების აბსოლუტური უმრავლესობა, 77 პროცენტზე მეტი, არის მცირემიწიანი და ფლობს ერთ ჰექტარზე ნაკლებ მიწას. მათ შორის, გენდერულ ჭრილში საინტერესოა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებით დაკავებულია 31 პროცენტამდე მეურნე ქალი“.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქალები, ზოგადად, მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, 52, 3 პროცენტით. აქვე შეგვიძლია დავაზუსტოთ, რომ საქალაქო დასახლებებში,სოფელთანშედარებით, მეტი ქალი ცხოვრობს. და კიდევ ერთი, 52-დან 57 პროცენტამდე მოიმატა ურბანიზაციის დონემდა ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში იზრდება. თუმცა ქალაქის მოსახლეობის გაზრდა, როგორც საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი ამბობს, ცალკეულ შემთხვევებში ქალაქის საზღვრების გაფართოებას უკავშირდება:

“მეორე დიდი ქალაქი გახდა უკვე არა ქუთაისი, არამედ ბათუმი, თბილისის შემდეგ. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. რადგან ბათუმს შემოუერთდა ხელვაჩაურის რაიონის სოფლები და, შესაბამისად, ამის გამოც გაიზარდა ბათუმის მოსახლეობა. იყო 122 000, გახდა უკვე 152 000, თუ არ ვცდები. ქუთაისი დარჩა თავის ბუნებრივ საზღვრებში, ასე ვთქვათ, ბათუმის ქვემოთ ჩაჯდა. ქუთაისისთვისაც რომ საზღვრები გაზრდილიყო, ალბათ, შეიძლება ბათუმისთვის გადაეჭარბებინა“.

დასახელებული ციფრები, რაც უკავშირდება საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, არის მხოლოდ და მხოლოდ ის ციფრი, რომელიც ითქვა მოსახლეობის მიერ აღწერის დროს, ვინაიდან საარჩევნო მიზნებისთვის აღწერას, სტატისტიკურ აღწერას, დიდი მნიშვნელობა არა აქვს...
გიორგი შარაბიძე

პაატა შავიშვილის თანახმად, აღსანიშნავია ასევე ქალაქ რუსთავის მოსახლეობის 7 პროცენტით მომატების ფაქტიც, ბუნებრივად, ყოველგვარი საზღვრების ცვლილების გარეშე. საერთოდ კი, იგი ამბობს, რომ, 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 2014 წლის აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით - დაახლოებით, 650 000 ადამიანით - შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, ემიგრაციის მაჩვენებლის გაზრდას უნდა უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არალეგალური მიგრაცია ვერ აღირიცხება. აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88 500 ადამიანი, მათ შორისაც უმრავლესობა, 55 პროცენტი, ქალია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები სახელმძღვანელოდ ვერ იქცევა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და მას არანაირი შემხებლობა არ შეიძლება ჰქონდეს საარჩევნო სიებთან:

“დასახელებული ციფრები, რაც უკავშირდება საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, არის მხოლოდ და მხოლოდ ის ციფრი, რომელიც ითქვა მოსახლეობის მიერ აღწერის დროს, ვინაიდან საარჩევნო მიზნებისთვის აღწერას, სტატისტიკურ აღწერას, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. საარჩევნო სიაში შედის ყველა ის ადამიანი, ვინც არის საქართველოს მოქალაქე - იმყოფება საზღვარგარეთ თუ იმყოფება საქართველოში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გაიზრდება უბნები - რამდენი უბანი სად, ეს, რა თქმა უნდა, ჯერ დასაზუსტებელია და ამას ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ ხოლმე“.

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზი კი იწყება და მის დამუშავებაში გაეროს მოსახლეობის ფონდიც ერთვება. ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ საჭიროა მოძიებული ინფორმაციის გადამუშავება და მისი პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვისთვის გამოყენება:

“პირველ რიგში მიმდინარეობს ტექნიკური დახმარება - მოსახლეობის გადათვლისათვის, უკუგადათვლისათვის, 2014 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, წინა წლების დემოგრაფიული მაჩვენებლების გადათვლისათვის. ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური ანალიტიკური სამუშაო. ეს მუშაობა მიმდინარეობს და, გარდა ამისა, გამოქვეყნებისთანავე, უკვე ნელ-ნელა დაიწყება სიღრმისეული ანალიზი აღწერის მონაცემების სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით“.

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 პროცენტი მოიცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG