Accessibility links

რა იცის საფრანგეთის დაზვერვამ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე


საფრანგეთის დაზვერვამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც ეხება სირიის ქალაქ ხან-შეიხუნზე წელს, 4 აპრილს, მოწყობილ თავდასხმას. საფრანგეთის დაზვერვის მონაცემებით, თავდასხმისას, რომელმაც 80-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, სირიის პრეზიდენტის ჯარებმა ქიმიური ნივთიერება ზარინი გამოიყენეს და ასე მოიქცნენ თავად პრეზიდენტის ან მასთან დაახლოებული პირის დავალებით.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:47 0:00
Direct link

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-მარკ ეროს, განცხადებით, „ეჭვგარეშეა“, რომ ზარინი იქნა გამოყენებული სირიის ქალაქ ხან-შეიხუნზე თავდასხმისას და, მისივე თქმით, ასევე ეჭვგარეშეა მომხდარზე სირიის მმართველი რეჟიმის პასუხისმგებლობა. ჟან-მარკ ერომ ხან-შეიხუნის ტრაგედიასთან დაკავშირებულ გარემოებებზე 26 აპრილს ილაპარაკა პარიზში, საფრანგეთის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ.

„რაც შეეხება მასალის მახასიათებლებს, ახლა უკვე ვიცით, რომ ქიმიური ნივთიერება, რომელმაც 80-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მართლაც ზარინი იყო. უშუალოდ თავდასხმის შემდეგ სინჯები აიღეს გარემოდან და მსხვერპლისგან, ისევე როგორც თავდასხმის ადგილიდან. ანალიზი დადასტურებულ იქნა რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ხან-შეიხუნში 4 აპრილის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 87 ადამიანი, რასაც მოჰყვა აშშ-ის სარაკეტო თავდასხმა სირიის მთავრობის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე - სირიაში ექვსი წლის წინ დაწყებული კონფლიქტის მსვლელობაში შეერთებული შტატების პირველი იერიში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ.

საფრანგეთში 26 აპრილს გამოქვეყნებულ ექვსგვერდიან ანგარიშში, რომელიც დაზვერვის სამსახურებმა შეადგინეს, ნათქვამია, რომ სირიაში თავდასხმის დროს ზარინის გამოყენების და მასზე პასუხისმგებელი მხარის შესახებ დასკვნამდე მივიდნენ ადგილზე მოპოვებული სინჯების გაანალიზების შედეგად. „ვიცით გარკვეული წყაროებიდან, რომ ადგილზე აღებული ზარინის ნიმუშების დამზადების პროცესი ტიპიურია სირიის ლაბორატორიებში განვითარებული მეთოდისათვის. ეს მეთოდია სირიის რეჟიმის ხელწერა და ის, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ თავდასხმისთვის პასუხისმგებელი. ეს ვიცით იმიტომ, რომ შენახული გვქონდა წინა თავდასხმების დროს აღებული სინჯები, რომლებიც გამოვიყენეთ ლაბორატორიებში მათ ერთმანეთთან შესადარებლად“, - განმარტა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ მხოლოდ თავად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს და მასთან დაახლოებულ სულ რამდენიმე პირს აქვს უფლება, გასცეს განკარგულება ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

პარიზში ანგარიშის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა სირიის პრეზიდენტის მოკავშირე რუსეთის რეაქცია. კრემლი აცხადებს, რომ საფრანგეთის დაზვერვის ანგარიში საკმარისი არ არის იმის დასადგენად, თუ ვინ დგას ხან-შეიხუნის ტრაგედიის უკან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG