Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოზუ გულმამედოვა - ჟურნალისტი


11 თებერვალი, კვირა

დღეს კვირაა. ავდექი რვა საათზე. დედაჩემს მანამდე ღუმელიც ჰქონდა ანთებული. როგორ მომწონს, როცა დედაჩემი სახლშია. თავს უფრო სახლის პატარა გოგონად ვგრძნობ. ადრე ადგომაც მომწონს, რადგან დედა და მამა სახლში არიან. მინდა მეტი დრო გავატარო მათთან. მთელი დღე ჩემი ოთხი წლის დისშვილ ბუნამინთან ერთად გავატარე სახლში, ჩემი საყვარელი წიგნიც ვეღარ გავშალე. უსაქმურობაც მომეწონა. მგონი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეტი მექნება ასეთი დღეები. როგორ მინდა მალე დამთავრდეს ეს დარჩენილი ერთი სემესტრიც. კი ვიცი, რომ დიდი არაფერი შეიცვლება ჩემი ბაკალავრიატის დიპლომით, მაგრამ უფრო მეტი სამუშაოს შესრულების საშუალება მექნება, ჩემი რადიოსთვისაც ბევრს გავაკეთებ. სულ ვგრძნობ, არ არის საკმარისი, რასაც ახლა ვაკეთებ „ივრისისთვის“. უფრო მეტია საჭირო. ჩვენ აქ პირველი და ერთადერთი მედიასაშუალება ვართ. ხალხი უფრო მეტს ელის, ნაწილი კი დახურვას ელოდება. სამწუხაროდ, ნაწილს მაინც არ ვუყვარვართ. ალბათ, ესეც ჩვენი ბრალია: საკმარისად ვეღარ შევძელით ჩვენი მიზნების, რადიოს, მედიის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მეორე მხრივ, ჩვენ რა ვქნათ?! რადიო „ივრისი“ მაუწყებლობს ინტერნეტის მეშვეობით, ინტერნეტი კი ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომია. უფროსმა თაობამ არც კი იცის ჩვენ შესახებ, ჭორად აქვს გაგონილი ჩვენი სახელი. მოუთმენლად ველი FM სიხშირეზე გასვლის ლიცენზიას. წარმოიდგინეთ, ხალხი მანქანაში, სახლში - ყველგან - ინტერნეტის გარეშე მოსმენას შეძლებს. ალბათ, მაშინ ხალხის სიყვარულის, პატივისცემის მოპოვება ადვილი იქნება. რაც მთავარია, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს ვუყვარვართ. მე ყველაზე მეტად მოსწავლეების იმედი მაქვს. მიმაჩნია, რომ ჩემმა ტოლებმა საკმარისი წვლილი ვერ შეიტანეს სოფლის ინტეგრაციისა და განვითარებისთვის, მაგრამ პირობები იყო ასეთი. როცა ჩვენ ვაბარებდით, 1+4 პროგრამის მეოთხე წელი იყო, საკმარისი ინფორმაციაც არ გვქონდა უნივერსიტეტების შესახებ, არც ენა ვიცოდით წესიერად. მოსამზადებელი კურსი კი ადვილად გავიარეთ, მაგრამ პირველ კურსში გართულდა საქმე. მახსოვს ჩემი პირველი სემესტრის პერიოდი, როგორ ვნერვიულობდი გამოცდებზე, ღამეც კი მესიზმრებოდა გამოცდები. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, თუ პირველ სემესტრში გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი, ვეღარ გავაგრძელებდი სწავლას. სულ მეუბნებოდნენ, თუ პირველ წელს ჩაიჭრები, ესე იგი უნიჭო ხარ, სწავლის გაგრძელებას აზრი არა აქვსო. ჩვენმა თაობამ როცა ჩააბარა უნივერსიტეტში, მარტო გამოცდაზე ბარიერის გადალახვაზე ვფიქრობდით. ამასობაში საკუთარი თავის განვითარებისა და საზოგადოებრივი მუშაობისთვის არ გვეცალა. ნაწილმა კი ვერც გააგრძელა სწავლა, დაანება თავი და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. მაგრამ ახლანდელ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია აქვთ. დიდი ნაწილი მაინც სამედიცინოზე აპირებს, რადგან ოჯახს უნდა, რომ ექიმი შვილით იამაყოს ან თავისი ნიჭი დაამტკიცოს.


12 თებერვალი, ორშაბათი

დილა დედაჩემის ხმით დაიწყო: ადექი, შვილო, უკვე შუადღეაო. თურმე ცხრის ნახევარი ყოფილა. დღეს რაიონში უნდა წავიდე, ნოტარიუსთან გვაქვს საქმე. ნოტარიუსი, წესით, პარასკეობით ჩამოდის სოფელში, მაგრამ ეს საქმე დღეს უნდა დასრულდეს. გამოვიძახეთ ტაქსი და წავედით საგარეჯოს რაიონში. რიგი დაგვხვდა ნოტარიუსთან. საათობით ლოდინის შემდეგ მოვაგვარეთ საქმე. დავბრუნდით სახლში. დედაჩემი: საით ხართო? რატომ დააგვიანეთ ასეო? რამე პრობლემა იყოო? ყველაფერი კარგად არის , ნუ ნერვიულობ-მეთქი, ვუთხარი. ჩაის დალევის შემდეგ დისშვილთან თამაში დავიწყე. ცოტა ხნის მერე დავიწყე წიგნის კითხვა, დავამთავრე ჩემი წიგნის მეორე ნაწილიც. მესამე და ბოლო ნაწილი დამრჩა. სახლში არ გვაქვს, თორემ აქვე ავტვირთავდი კომპიუტერში. თვალები კი იღლება, მაგრამ წიგნიც ძვირი ღირს, არ მაქვს საშუალება ვიყიდო.

13 თებერვალი, სამშაბათი

დღეს სამშაბათია. როგორც წესი, ადრე ავდექი. დღეს წასასვლელი ვარ თულარში და ლამბალოს საბავშვო ბაღზე. დავრეკე წინასწარ, ვისთანაც ვიყავი შეთანხმებული. ბაღის მასწავლებელმა, არ მცალიაო დღეს, მეორემ - მცალიაო. მამაჩემი მეუბნება, რათ მიდიხარ, შვილო, შენ მაინც ვერაფერს შეცვლი, შენი ერთი ამბის გაშუქებით არ მოგვარდება პრობლემა, თან ეს ხალხი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, აქამდე ამოუღიათ ხმაო? - არაფერი არ ვუთხარი. მამაჩემიც მიხვდა, რომ ვერ შეცვლის ჩემს დამოკიდებულებას. ჩუმად გავიდა ოთახიდან. ახლა მძღოლი უნდა ვეძებო. ჩემ მუსტაფა ბიძიას არა აქვს მართვის მოწმობა, მეშინია არ დააჯარიმონ. დედის ძმას დავურეკე. მოვალო, ოღონდ მალე უნდა მორჩეო. შევთანხმდით. მალევე მოვიდა და წავედით სოფელ თულარში. სკოლასთან დამხვდა თულარელი ბიჭი. ხალხმრავალ ადგილში, ეგრეთ წოდებულ ბირჟასთან გავაჩერეთ მანქანა. ჩავედი. მინდოდა სოფლის გარკვეულ პრობლემებზე საუბარი, საჭიროებების შემთხვევაში კი - ამბის დაწერა. ხალხის რეაქცია ისეთი იყო, როგორსაც ველოდი:

- თქვენც ხედავთ, ჩვენი თქმა რა საჭიროა?!

- ისედაც არ მოგვარდება, რა აზრი აქვს?!

- მე ისედაც მაქვს ყველაფერი, - მეუბნება მდიდარი ტიპი.

- ტელევიზია თუ არ უშვებს, რა აზრი აქვს?!

- შენ რომელი გვარიდან ხარ, რატომ არ გახდი ექიმი და ასე შემდეგ.

მოგვიანებით გავიგე ,რომ იჭორავეს ჩემზე: პატრონი არ ჰყავს ამ გოგოს, რატომ უშვებენ კაცებთანო?! - მივეჩვიე უკვე ამ სიტუაციას. დაბრუნებისას მაღაზიასთან გავაჩერებინე მანქანა: გამოსული ვარ, ბარემ ვიყიდო, რაც მჭირდება. გოგო ვარ, მარტო ვერ გავდივარ სახლიდან. სოფელში თავი გალიაში ჩაკეტილი ჩიტი მგონია. რამე რომ დამჭირდეს, მაღაზიაში ვერ ვივლი, სამსახურში ჩემით ვერ მივდივარ. კარის მეზობელთან მისვლისა და თბილისის „მარშრუტკით“ მგზავრობის უფლება მაქვს, რადგან კარამდე მოდის. არ ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს ქალმა აქ. ხანდახან ვფიქრობ, კაცი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მეტი შესაძლებლობა მექნებოდა საკუთარი თავის განვითარების. არა, თუ კაცი ვიქნებოდი, მეც ასე ვიქნებოდი, როგორც სხვები არიან: ალბათ, არასოდეს შემაწუხებდა ქალების ნაკლები უფლებებით ცხოვრება. საერთოდ, ვერ ვიგებ, სქესი რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი.

საღამოს ჩემი ძმა მოვიდა და წაიყვანა მშობლები ფერმაში. ისევ მარტო დავრჩი.

14 თებერვალი, ოთხშაბათი

ადრიანად ავდექი, თბილისის „მარშრუტკას“ უნდა მივუსწრო. დილით ერთხელ გადიან. თუ ვერ მოასწრებ, იძულებული ხარ, რომ ტაქსით მიხვიდე ახლოს მდებარე ქართულ სოფელში. იქიდან გადის თბილისის „მარშრუტკები“. ვერც სახლის დალაგება მოვასწარი, ვერც ჩაის დალევა და მოვიდა „მარშრუტკა“. გზაში შევეცადე, რომ დამეძინა, მაგრამ ვერა. მციოდა. სოფლის „მარშრუტკას“ გათბობა არ აქვს. ჩავედი ისანში და ავტობუსით წავედი საბურთალოზე ნაქირავებ სახლში. ვიფიქრე, რადგან არდადეგებია, სახლში არავინ იქნება-მეთქი. სახლშიც ცივა ახლა. გავაღე კარი. გოგოები დამხვდნენ. გამიხარდა თბილი სახლი. გოგოებმა კი მომილოცეს ვალენტინობა. შევედი ოთახში და დავსხედით გათბობასთან. ჩავრთე კომპიუტერი. „ივრისის“ საიტზე ჩემი პატარა თანამშრომლის, ქენანის, გადაცემა იყო დასამონტაჟებელი. გავაკეთე და დავდე საიტზე. გადაცემა იყო „ივრისის“ ოფისში ჩატარებულ ტრენინგზე, სტუმრად კი დუზაგრამის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მეათე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თემში ამ ტიპის ტრენინგები. როგორ მიყვარს ეს გოგო! აიშა ჰქვია და უნდა ჟურნალისტი გახდეს. იმედია, ოჯახი ხელს არ შეუშლის . კითხვაზე, თქვენ რა ტიპის ტრენინგს ჩაატარებდით თემშიო, პასუხობს, ქალთა უფლებებზეო, რადგან ჩვენს ქალებს ელემენტარულად არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაც არა აქვთო. ვფიქრობ, ეს გოგო თითქმის ჩემნაირია, მაგრამ არ ვიცი, იმ ასაკში ვიყავი თუ არა ასე თამამი. მგონი, უფრო მშიშარა და მორცხვი ვიყავი. დავამთავრე საიტზე საქმე და დავიწყე მომზადება გარეთ გასვლისთვის. დღეს უდიდესი დღეა - ლევან მიქელაძის ფონდთან მაქვს შეხვედრა. იმედია, მიმიღებენ ტრენერად. როგორ მინდა მათთან მუშაობა! დავესწარი პროექტ „ასწავლე მაცნეს“ რამდენიმე შეხვედრას. ახლა საშუალება მაქვს, რომ მეც ვიყო ტრენერი. მოვემზადე და ძველ მესიჯებში მოვძებნე მისამართი. ერთხელ კი ვარ ნამყოფი ოფისში, მაგრამ დამავიწყდა ისევ. ვაკეში იყო ოფისი. ერთი საათით ადრე გავედი: თუ გზას ვერ ვიპოვი, არ დამაგვიანდეს-მეთქი. არ მინდა, ჩემზე იფიქრონ, რომ უპასუხისმგებლო ვარ. ვიპოვე მისამართი, მაგრამ 20 წუთით ადრე იყო. არ შევედი. 10-15 წუთი კიბეზე ვიჯექი და, ბოლოს, შევედი. დამხვდა თათი და შევედი ოთახში. ჯერ დანარჩენები არ იყვნენ მოსული. დაველოდე, მანამ გოგონა მომიტანდა ხელშეკრულებას. როგორ გამიხარდა, რომ სულ სამი ტრენინგი იყო ჩასატარებელი, მაგრამ პრეზენტაციას ვატარებდი ილიას ლექტორსა და კიდევ ერთ გამოცდილ ბატონთან ერთად. მეორე კარგი ამბავი ეს იყო, რომ ერთ ტრენინგს ვატარებდით კახეთშიც, ჩემ სოფელში. ვიფიქრე, ამაზე კარგი ვალენტინობის საჩუქარი არ არსებობს ჩემთვის-მათქი. მალე დანარჩენებიც მოვიდნენ და დავგეგმეთ ტრენინგის დღე და საკითხები. დასრულდა შეხვედრა და დავბრუნდი სახლში. დავისვენე ცოტა ხანი, გადავედი სამზარეულში, საჭმელი გავაკეთე, სუფრა გავშალე, ვივახშმე გოგოებთან. დღეს გოგოებს გარეთ გასვლაც გვქონდა წინასწარ დაგეგმილი. დაგვეზარა. კარგი ფილმით დავასრულე დღე.

15 თებერვალი, ხუთშაბათი

დღეს ძლივს ავდექი ცხრის ნახევარზე. ჩემი კლასელი უნდა მოვიდეს სტუმრად თერთმეტზე. სახლის დალაგებას ვაპირებდი, დღეს ჩემი რიგია. დამეზარა, საღამოს დავალაგებ-მეთქი. მოვიდა ჩემი კლასელი, მე კიდევ პიჟამით დავხვდი, მაგრამ უცხო კი არ არის, ერთად ვართ გაზრდილი. ახალი დაქორწინებულია. ვეკითხები, როგორა ხარ, რთულია ოჯახი? - არაო, სახლში ჩვეულებრივ საქმეს ვაკეთებ, რომელსაც ოჯახის შექმნამდეც ვაკეთებდიო. გამიკვირდა. რატომღაც სულ მგონია. რომ ძნელია ოჯახის შექმნა და ქალს მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე კაცს. ორ-სამ საათამდე ვისაუბრეთ. პრეზენტაცია ჰქონდა გასაკეთებელი. გავაკეთეთ ერთად. მერე ის ლექციაზე წავიდა, მეც გარეთ გასვლისთვის ვემზადებოდი. გავედი. სახლში დავბრუნდი შვიდ საათზე. შესვლისას ვიგრძენი სარეცხი საშუალებების სუნი. ჩემს მინურას დაულაგებია სახლი, როგორ გამიხარდა! მეც შევედი „კუხნაში“ და წვნიანის გაკეთება დავიწყე. ვახშმის მერე ვუყურებდი ჩემს საყვარელ გადაცემას.

16 თებერვალი, პარასკევი

დღეს სოფელში უნდა ჩავიდე. არ ვიცი, სოფლის „მარშრუტკას“ დაველოდო, რომელიც პირველ საათზე გადის, თუ მახლობელ ქართულ სოფელში ჩავიდე და მერე ტაქსით წავიდე. გადავწყვიტე სოფლის „მარშრუტკას“ არ დავლოდებოდი, დროს ვკარგავდი. მოვედი ისანში და ლაგოდეხის მარშრუტს გავყევი. ჩავედი ბადიაურში. ჩემი ტაქსისტი იყო იქ. დაველოდები ცოტა ხანი-მეთქი კიდევ, სხვებიც მოვიდნენ, თორემ მარტო უნდა გადავიხადო ტაქსის ფული. წინ დავჯექი. მოგვიანებით მოვიდა ორი კაცი. სოფლის ბაზარში უნდოდათ, მე კი ბაზარში მდებარე „ივრისის“ ოფისში მივდიოდი. კაცებს გაუკვირდათ: ჯერ გოგო მარტო ტაქსიში, მერე - წინ რომ ვზივარ. ჩავედი რადიო „ივრისის“ ოფისში. როგორ მიყვარს ეს ადგილი! ბაზარში ხალხი იყო. ჯერ გამიკვირდა. წესით, 11-12 საათისთვის ნელ-ნელა იშლება ხოლმე ხალხი. გამახსენდა: ხალხი ემზადება 23 თებერვლისთვის. ვისაც ჰყავს სახლში დანიშნული გოგო, სიძემ უნდა გამოაგზავნოს საჩუქრები. „საროჩკიდან“ დაწყებული, კბილის ჯაგრისამდე და ბატკნის, ტორტის ჩათვლით. რა უაზრობაა! დანიშნულობის პერიოდში იმდენს ხარჯავენ და შეკითხვაზე, რატომ არ აგრძელებს თქვენი შვილი განათლებასო, პასუხობენ, საშუალება არ გვაქვსო. ქორწილზე კიდევ დიდ თანხებს ხარჯავენ, ეჯიბრებიან ერთმანეთს: ვინ უფრო კარგი სუფრა გაშალა, ვისი რძლის ოქრო ძვირი იყო ან ვის გოგოს რამდენი ნივთი აქვს მოტანილი ქმრის სახლში. ბაზარი იყო ტალახიანი. გავაღე ოფისი, გათბობაც ჩავრთე, ყავაც მოვამზადე. ხუთ საათამდე ვიყავი ოფისში. დავურეკე ჩემ ბიჭიას, რომ მოვიდეს და წამიყვანოს სახლში. მოვედი მუსტაფა ბიჭიას სახლში. თბილი სახლი დამხვდა, სუფრაც გამიშალეს. ვისადილე, ჩამეძინა ცოტა ხანი. გადავედი ჩემ სახლში. დაულაგებელი იყო სახლი ჩემ მიერ დატოვებული. ავანთე ღუმელი. როგორ არ ვარ ახლა სახლის დალაგების ხასიათზე. ვზივარ კომპიუტერთან, ტელევიზორიც მაქვს ჩართული, 11-12 საათამდე მონტაჟსა და და ტექსტზე ვიმუშავე. გადავედი ბიჭას სახლში. დავიძინე. სახლში მარტო ვეღარ დავრჩები. ხალხი რას იტყვის ახლა!

17 თებერვალი, შაბათი

კვირის ყველაზე საყვარელი დღე. ტრენინგი გვაქვს ოფისში სკოლის ბავშვებთან. ჩვენი ხელმძღვანელი მაია ქალებაგშვილი და კოლეგებიც ესწრებიან. დღეს ქენანთან უნდა ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რა შეიძლება გავაკეთოთ. ადრიანად მოვედი ოფისში. მოგვიანებით მოვიდნენ კოლეგები და სკოლის ბავშვები. დღეს ბავშვებს ხმის მონტაჟი უნდა ვასწავლოთ. ნიჭიერი ბავშვები არიან. ტრენინგიდან ადრე გავედი. თბილისში ვარ წასასვლელი. კიდევ კარგი, დროულად მოვიდა „მარშრუტკა”. ჩავედი ისანში და მეტროთი სახლში წავედი. არაფრის გაკეთების ხასიათზე არ ვარ. ახალი წიგნი უნდა მოვძებნო ან რამე საინტერესო ფილმი. ხვალ მაქვს გოგოებთან შეხვედრა. მასალა უნდა მოვამზადო ახალი პროექტისთვის. დროა ახალი და კარგი საქმე დავიწყოთ, ისედაც აქამდე დიდი დრო დავკარგე. მგონი, დროა შევცვალო საკუთარი თავი და უკეთესისკენ შევიცვალო ცხოვრება. ვგრძნობ, რომ უკვე პატარა არ ვარ. დღემდე კი ვაკეთებდი რაღაც საქმეებს, მაგრამ ახლა რამე ახალი, საინტერესო საქმე უნდა დავიწყო.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:14:09 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG