Accessibility links

TDI: რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი სისტემური ხასიათისაა


ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი რელიგიის და რწმენის თავისუფლების დაცვის პრობლემატიკაზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2010-2019 წლებს მიმოიხილავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი სისტემური ხასიათისაა, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო. საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა ვლინდება ეკლესიის დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაშიც. ამის საპირისპიროდ კი სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხაზს უსვამს დომინანტური რელიგიური ჯგუფის, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენას საკანონმდებლო საქმიანობაზე და იხსნენებს მაგალითად 2018 წელს “მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ” საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გაუქმებას საქართველოს პარლამენტში საპატრიარქოს წინააღმდეგობის შემდეგ და ასევე, 2019 წელს რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით დაამტკიცა 12 მაისი, როგორც ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე.

ანგარიშში შეფასებულია პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობაც და ნათქვამია, რომ მისი დეკლარირებული პოლიტიკა და პრაქტიკა მიმართულია არა რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის, არამედ მათი დიფერენციაციისა და სახელმწიფო კონტროლის გაზრდისკენ.

აი ანგარიშის რამდენიმე მიგნება, რომელიც რწმენის თავისუფლების გამოწვევებს აჩვენებს:

  • ბოლო წლებში, სხვადასხვა აგრესიული და ძალადობრივი ჯგუფის წევრები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან განსხვავებული ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს. მათ რიგებში არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც, ან საქართველოს საპატრიარქოსთან ასოცირებული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები. სახელმწიფოს მსგავს ქმედებებზე არ აქვს შესაბამისი მკაცრი და დროული რეაგირება.
  • რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, ხშირად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მათ შორის, რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას. ასევე, სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებისას მათ სახელმწიფო საზღვარზე არაგონივრული ვადით აყოვნებენ. ზოგ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე ათვალიერებენ მათ ბარგს. 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა მუსლიმების მიმართ საზღვრის კვეთისას, საბაჟო–გამშვებ პუნქტებზე პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.
  • სახელმწიფოს პოლიტიკა დისკრიმინაციულია რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების საკითხშიც. 2014 წლიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ოთხ რელიგიურ გაერთიანებას (მუსლიმ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემებს) საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური ანაზღაურების მიზნით ყოველწლიურად გამოეყოფა დაფინანსება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური გაერთიანებები სამი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია: მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო-რელიგიური შენობა-ნაგებობების რაოდენობა. ამ სიაში ვერ მოხვდნენ სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც ასევე მიადგათ ზიანი საბჭოთა რეპრესიების დროს.
  • 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს).
  • საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი საუბრობს იმაზეც, რომ არაეფექტურად მიმდინარეობს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება, რაც სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს მძიმე მდგომარეობაში აგდებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თუკი წლების განმავლობაში დისკრიმინაციას და დევნას ძირითადად იეჰოვას მოწმეები განიცდიდნენ, ბოლო წლებში ეს პრობლემა შეეხო მუსლიმი თემის წარმომადგენლებსაც.

2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. მუსლიმების წინააღმდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანების და/ან ხელისუფლების დაპირისპირების ძირითად მიზეზად იქცა ლოცვა, საკულტო ნაგებობის, რელიგიური სასწავლებლის ფუნქციონირება თუ სხვა ფორმით რელიგიური იდენტობის საჯარო სივრცეში გამოხატვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG