Accessibility links

იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათშორისმა კომიტეტმა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“.

კომიტეტმა მიიჩნია, რომ ქართული ანბანის სამი სახეობა სავსებით შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს. რადიო თავისუფლება დაინტერესდა იმ ხელნაწერებითა და ისტორიული დოკუმენტებით, რომელთა შედგენისას გამოყენებულია სამივე ქართული ანბანი - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული; დაინტერესდა ასევე იმით, თუ რა პირობებში ინახება უძველესი ხელნაწერები და როგორ ზრუნავენ მათზე.

მაია ბარათაშვილი
მაია ბარათაშვილი

საქართველოს ეროვნული არქივის საცავებში ინახება სამივე ანბანზე შესრულებული როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები, რომელთა შორის არის ეტრატზე ნუსხურად შესრულებული მე-12 საუკუნის ანჩის სახარება, რომელსაც, რესტავრატორ მაია ბარათაშვილის თქმით, თან ახლავს მათე მახარებლის მინიატურა და თავსამკაულები. ხელნაწერი მე-12 საუკუნეში წყაროსთავში გადაიწერა, ხოლო მე-13 საუკუნეში ცნობილი ქართველი ოქრომჭედლის, ბექა ოპიზარის მიერ მოოჭვილი. მაია ბარათაშვილის თქმით, ანჩის სახარება ეროვნულ არქივში შეიტანეს 1923 წელს წალკის რაიონიდან.

„პერგამენტი იყო ძალიან დეფორმირებული, აწეული ჰქონდა გვერდები, დაჭმუჭნული, დაზიანებული... ახლა აღარ ჩანს, მაგრამ ზოგიერთი ფურცელი იყო გახეული. სათითაო ფურცლის გაწმენდა მოხდა, ექსიკატორში დარბილება პერგამენტის, შემდეგ გაჭიმვა სპეციალურ დოლზე. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი პროცედურაა საჭირო პერგამენტის გასასწორებლად. მაგალითად, 20 დღე დასჭირდა ამ ერთ ფურცელს იმისათვის, რომ გასწორებულიყო და ფორმა მიეღო. უკმარი ადგილები კი კვლავ პერგამენტით შევავსეთ“, უთხრა რადიო თავისუფლებას მაია ბარათაშვილმა, რომლის თქმით, არქივში შესულ ხელნაწერებს, პირველ რიგში, უტარდებათ დეზინფექცია. საჭიროების მიხედვით, კეთდება მათი რესტავრაცია ან კონსერვაცია:

„ვცდილობთ, რომ ძველი ყველაფერი შევინარჩუნოთ და დაზიანებული ყდაც აღვადგინოთ და არ გავუკეთოთ ახალი, რათა ის ძველიც ვაჩვენოთ შემდეგ თაობას, როგორი იყო და როგორ კეთდებოდა. ამისათვის კი აუცილებელია დაცული იყოს სათანადო ტენიანობა და ტემპერატურა, რადგანაც სხვა შემთხვევაში პერგამენტი დაიკუჭება, ფორმას შეიცვლის და მისი აღდგენა ძალიან რთული იქნება“.

მაია ბარათაშვილი იმასაც ამბობს, რომ ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერი, ანბანდიდი სახარება, რომელიც მე-9 საუკუნეშია გადაწერილი, ისეთ მდგომარეობაშია და ისეთ პირობებში ინახება, რომ გაძლებს რაგინდ დიდ ხანს. ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელის ქეთი ასათიანის თქმით, ხელნაწერი არქივში შემოვიდა პეტერბურგიდან შორეულ 1923 წელს სარგის კაკაბაძის ძალისხმევით:

„მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერი ძალიან დიდი ფორმის არის ახლაც, მისი ძალიან დიდი ნაწილი არის დაკარგული. შემორჩენილ ნაწილში არის წარმოდგენილი ლუკასა და იოანეს სახარებები. სწორედ ფორმატისა და ასოების სიდიდის გამო უწოდეს ამ სახარებას ანბანდიდი. რამხელა უნდა ყოფილიყო, რომ დაკარგულია ყველაზე დიდი, მათესა და მარკოზის სახარებები. მასალად გამოყენებულია ეტრატი, მელანი არის ყავისფერი, როგორც უმეტესობა ძველ ხელნაწერებში. აქვს შესანიშნავი თავსამკაულები და ბოლოსამკაულები და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავიდან ბოლომდე არის დაწერილი ასომთავრულით, რომელიც გახლავთ ქართული დამწერლობის პირველი საფეხური“.

ქართული დამწერლობის პირველი საფეხური, ანუ მრგლოვანი ასომთავრული, როგორც მე-11 საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი ლეონტი მროველი „ქართველთა მეფეთა ცხოვრებაში“ წერს, უკავშირდება ფარნავაზ მეფეს:

„ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“.

ქეთი ასათიანი
ქეთი ასათიანი

ფარნავაზი კი ქართლში მეფობდა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში. არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც ქართული ანბანის შექმნას მეხუთე საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის, თხზულებაში „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”, თუმცა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა თავის ნაშრომში „ქართული დამწერლობათმცოდნეობა“ გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდეც არსებობდა ქართული წარმართული მწერლობა, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ და „ჟამთა სიავემ“ იმსხვერპლა. ქართული ანბანის მოხაზულობათა შესწავლის შედეგად, ივანე ჯავახიშვილმა დაასკვნა:

„ჯერხანად ცნობილი მეექვსე საუკუნის ქართული დამწერლობის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების საფეხურს წარმოადგენენ, რომ ქართული ანბანის დასაწყისი ხანა სულ ცოტა 7-8 საუკუნით უწინარეს არის საგულისხმებელი“.

რამაზ პატარიძე, ავტორი წიგნისა „ქართული მწიგნობრობა“, გამოყოფს ქართული ანბანის შექმნის შემდეგ მნიშვნელოვან თარიღებს: ძველი წელთაღრიცხვის 415 წელი - შეიქმნა ქართული ანბანი, ახალი წელთაღრიცხვის 311 წელი კი ქართული მწიგნობრობის აღორძინების თარიღია.

თუმცა გერონტი ქიქოძე ესეში „ძველი იბერიელების ფსიქოლოგიიდან“ ეჭვის ქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ფარნავაზამდე ქართული დამწერლობა არსებობდა:

„თუ ქართული წარმართული ლიტერატურის ძეგლები არ დაგვრჩა, საფიქრებელია, ეს იმით კი არ აიხსნება, რომ ისინი ქრისტიანობამ მოსპო, არამედ იმით, რომ ისინი საზოგადოდ არ არსებულან. ძნელი წარმოსადგენია, რომ მებრძოლ ქრისტიანულ ეკლესიას ყველა წარმართული შინაარსის პაპირუსი და პერგამენტი გაენადგურებინოს; მით უმეტეს წარმოუდგენელია, რომ ის აკლდამებში შეჭრილიყოს და იქ ყველა წარმართული დროის ქართული წარწერა მოესპოს, ხოლო ბერძნული, არამეული, ებრაული წარწერები ხელუხლებლად დაეტოვებინოს. ქრისტიანობის შემწეობით მოხდა ქართული ერის თვითგამორკვევა, ქრისტიანობამ, როგორც უფრო დემოკრატიულმა რელიგიამ, წარმოშვა მოთხოვნილება ხალხური ენის გამოყენებისა მღვდელთმსახურებისა და ქადაგებისათვის და გვგონია, რომ ქართული მწერლობის წარმოშობის თარიღი ქართლის მოქცევის დღიდან უნდა ვეძებოთ“.

ჩვენს დრომდე შემორჩენილი ქართული მწიგნობრული ძეგლები ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ცენტრში შესრულებულია სხვადასხვა ქართული დამწერლობით: მრგლოვანი ასომთავრულით, ნუსხურით და მხედრულით. ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძე განმარტავს:

„უპირველესად იყო ასომთავრული, რომელზეც სრულდებოდა საეკლესიო ნაწარმოებები. შემდეგ, მეათე საუკუნიდან, ეკლესია ნუსხურზე გადავიდა. უდიდესი ნაწილი საეკლესიო ტექსტებისა შესრულებულია ნუსხურად და უკვე შემდეგ საუკუნეებში გადავიდა მხედრულზე“.

მანანა ჭუმბურიძის თქმით, ეროვნულ არქივში ინახება ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის თვალსაჩინო ნიმუშები - მაგალითად, გიორგი მეორის შეწირულების სიგელი ან 1202 წლით დათარიღებული თამარ მეფის შიომღვიმის მონასტრისათვის შეწირულების სიგელი:

მანანა ჭუმბურიძე
მანანა ჭუმბურიძე

„ეს არის გარდამავალი ნუსხურიდან მხედრულზე და ზედ, ნახეთ, ნუსხური ტექსტიც არის - არსენ ჭყონდიდელის ანდერძი. აქ ვკითხულობთ: „დაიწერა ხელითა მწიგნობრისა იწრელის ძისათა“ და მერე თამარის ხელრთვა: „მტკიცე ყოს ნებითა ღვთისათა“. ოღონდ თვითონ მეფეები არ წერდნენ, აწერინებდნენ მდივან-მწიგნობრებს, თუმცა წერდნენ პირველი პირით, თითქოს პირველი პირი წერდა“.

სამი ქართული ანბანიდან დღეს აქტიურად მხედრული გამოიყენება, ნუსხურად მხოლოდ ეკლესიებში კითხულობენ. არადა, საშუალო სკოლებში ანბანის სამივე სახეობა ისწავლება, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ ცოტას თუ ახსოვს ასომთავრული და ნუსხური. დღევანდელი ქართველიც ისევე უყურებს ძველ წარწერებს, როგორც უცხოეთიდან მოსული ტურისტი. საქართველოს ეროვნულ არქივში იმედოვნებენ, რომ იუნესკოს მიერ ქართული ანბანის სამი სახეობის შეტანა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში, გაზრდის ინტერესს როგორც ასომთავრულისა და ნუსხურის, ასევე ძველი ხელნაწერების მიმართ. ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში მოწყობილი ექსპოზიცია კი, რომელიც 25 დეკემბრამდე გაგრძელდება, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს ამ ინტერესს, რადგანაც გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები, მათ შორის: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურული სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე), მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათალიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG