Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნარ უტიე: „მესროპ მაშტოცს არავითარი კავშირი არა აქვს ქართულ ანბანთან“


ანბანის შექმნა არის, ალბათ, ყველაზე დიდი კულტურული რევოლუცია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა. თვით ენა კი, ალბათ, საუკეთესო მაჩვენებელია იმისა,, თუ როგორ შეიცნობს სამყაროს ამ ენის მატარებელი ხალხი. ისევე, როგორც ბერძნული ფილოსოფია არის პირველ რიგში აზრი ბერძნულ ენაზე, ასევე ბიბლიური თეოლოგია პირველ რიგში მსოფლმხედველობაა ებრაულ ენაზე. ძველბერძნული ენა სიტყვათა მარაგით, ენის მორფოლოგიით, სინტაქსით კარდინალურად განსხვავდება ბიბლიური ებრაული ენისგან. თავი არ შეგაწყინოთ, მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლები: ძველბერძნულთან შედარებით, ბიბლიური ებრაულის ლექსიკა ძალზე მწირია. თუ ბიბლიურ ებრაულში მხოლოდ 8 000 სიტყვას ვხვდებით (აქედან 2 000 სიტყვა მხოლოდ ერთხელაა ნახმარი, რაც მათი ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრას აძნელებს), იმ ეპოქის ძველბერძნული ენა 15-ჯერ უფრო მდიდარია...

ქართული ანბანი შეიქმნა IV საუკუნეში ქრისტიანული ლიტერატურის ქართულ ენაზე გადასათარგმნად და შემთხვევითი არ არის, თუ ასომთავრულ ანბანში ასო „ქ“, სიტყვა „ქრისტეს“ პირველი ასო, ჯვრის გრაფიკული იმიტაციაა.

მაგრამ ვინ შექმნა ქართული ანბანი? რა კავშირშია ამ ანბანთან მესროპ მაშტოცი? ამ კითხვებით მივმართე ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორ ბერნარ უტიეს, ქართული და სომხური ენების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან სპეციალისტს დასავლეთში.

ბერნარ უტიე: „ჩემის აზრით, მესროპ მაშტოცს არავითარი კავშირი არა აქვს ქართული ანბანის შექმნასთან. ზოგადად, ქართული ანბანის „სომხური წარმომავლობის“ ვერსიას საფუძველი დაუდო კორიუნმა, მესროპ მაშტოცის ერთ-ერთმა მოსწავლემ და ავტორმა წიგნისა „მაშტოცის ცხოვრება“. უნდა აღინიშნოს, რომ კორიუნი ძალიან ბუნდოვნად წერს და ძალიან ძნელად გასაგებია, თუ როგორ გამოიგონა მესროპმა ჯერ სომხური და შემდეგ ქართული და ალბანური (კავკასიის ალბანეთი, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ლ.ო.) ანბანები.

მაგრამ, რაც მთავარია, „მაშტოცის ცხოვრების“ ყველაზე ადრეული ხელნაწერის ფრაგმენტი, სადაც კორიუნი საუბრობს მესროპ მაშტოცის მიერ ალბანეთისა და საქართველოსათვის ანბანების შექმნაზე, თარიღდება XVIII საუკუნის დასაწყისით. როცა მე ამ საკითხით დავინტერესდი, ჩემი თეორია იყო, რომ კორიუნს ეს ნაწილი არ დაუწერია და რომ საქმე გვაქვს ინტერპოლაციასთან, ანუ ტექსტში გვიანდელ ჩანამატთან.

რატომ მგონია ასე? იმიტომ, რომ ქართულ და სომხურ ანბანებს შორის სტრუქტურულად დიდი განსხვავებაა და ეს მაშინ, როცა ალბანური ანბანი აბსოლუტურად ბაძავს სომხური ანბანის გრაფემების განლაგებას (წყობას).

მესროპ მაშტოცისათვის, რა თქმა უნდა, ანბანის ფონეტიკურ ეტალონს წარმოადგენდა ბერძნული ანბანი. შესაბამისად, სომხური ანბანის შექმნისას მან ანბანი დაყო ოთხ სექციად და თითოეული სექციის ბოლოში ჩასვა ის სომხური ასოები, რომლების ფონემების შესატყვისი ასოები არ არსებობდა ბერძნულ ენაში. სომხურ ანბანში 36 ასოა. ალბანურში 54 ასოა. მიუხედავათ ამისა, მესროპ მაშტოცი იმასვე აკეთებს: ალბანურ ანბანს ყოფს ოთხ სექციად და ყოველი სექციის ბოლოს ის ამატებს იმ ფონემების შესატყვის ასოებს, რომლებიც მხოლოდ ალბანურისთვის არის დამახასიათებელი და არ არსებობს ბერძნულში.

ქართული ანბანის სტრუქტურა ბევრად უფრო უბრალო და მარტივია: ქართული ანბანი მიჰყვება მთლიანად ბერძნულ მოდელს და ბოლოში არის „ჩაყრილი“ ის ასოები („ღ“-დან მოყოლებული და „ჰ“-თი დამთავრებული), რომელთა ფონემების შესატყვისი ასოები ბერძნულში არ არსებობდა. ამ ტიპის ანბანის სტრუქტურა იმის მაჩვენებელია, რომ ქართული ანბანი უფრო ადრინდელია, ვიდრე სომხური და ალბანური ანბანები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ქართულ და სომხურ ანბანებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ქართული ანბანისათვის მოდელს წარმოადგენს ის ძველი ბერძნული ანბანი, რომელიც შეიცავს ორ ასოს, რომელიც IV საუკუნეში აღარ გამოიყენებოდა. ესაა ბერძნული ანბანის ასო დიგამა (ციფრული მნიშვნელობით 6) და კოპა (ციფრული მნიშვნელობით 90). რატომ დასჭირდათ ქართველებს ბერძნული ენისათვის უკვე „ატავისტური“ დიგამასა და კოპას გამოყენება? პასუხი მარტივია - ქართველები ანბანს იყენებდნენ ასევე თვლისათვის.

მე ახლა ვარ დაკავებული კორიუნის ტექსტის ლიტერატურული ანალიზით და მინდა ვაჩვენო, რომ ის პატარა ნაწყვეტი (სადაც საუბარია მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნაზე) არ არის კოჰერენტული და ჰარმონიული მთელ ტექსტთან და ის მოგვიანებით იყო ჩამატებული. ვნახოთ, რა გამოვა ამ წამოწყებიდან!“.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG